Sunday, November 3, 2024

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

 





ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში

ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისში, საგანმანათლებლო - შემეცნებით ექსკურსიაზე. ექსკურსიის ფარგლებში განხორციელდა სხვადახვა აქტივობა გეოგრაფიასა და მათემატიკაში როგორც გიდების ისე მასწავლებლების და მშობლების ჩართულობით.

მოსწავლეებმა მოილოცეს და გაეცნენ 1003 წელს, ბაგრატ III - ის მიერ აგებული ბაგრატის ტაძრის მრავალმხრივ მნიშვნელობას, რელიგიურ, კულტურულ, ისტორიულ და არქიტექტურულ უნიკალობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაგრატის ტაძრის, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოზე.

"მატიანე ქართლისაი" მოგვითხრობს, რომ ბაგრატ III - ს ტაძრის კურთხევის ზეიმისთვის შემოუკრებია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც - "შემოიკრიბა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი".

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნაგებობის ჩრდილოეთ სარკმელთან განთავსებული წარწერა, რომელიც საქართველოში არსებული ციფრების გამოყენების უძველესი ნიმუშია და ბაგრატის ტაძრის აგების ზუსტ თარიღს ასაბუთებს: "ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223". თუკი ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, ქრისტეს შობიდან 1003 წელი გამოდის.

მოსწავლეები გაეცნენ ბაგრატის ტაძრის არქიტექტურული უნიკალურობის მახასიათებლებს, კერძოდ: 

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, ჯვრის გვერდით შვერილი მკლავებითა და ოთხი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯით. 

ნაგებობა გამოირჩევა ფართო შიდა სივრცით.

დასავლეთის მკლავი სამნავიანია, გვერდითა ნავები ორსართულიანია და მათ მეორე სართულზე პატრონიკეებია მოწყობილი. ორსართულიანია აგრეთვე აღმოსავლეთის საკურთხევლის გვერდითა სათავსოები. ტაძრის შიდა სივრცის გადაწყვეტა მკვეთრადაა გამოვლენილი გარე მასებში. სამხრეთისა დაჩრდილოეთის მკლავები გამოსულია ნაწილების შემაერთებელი ხაზებიდან, რაც ხაზს უსვამს ჯვრული გეგმის კონცეფციას.

ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარმა გუმბათი მაღალ ბოძებს დააყრდნო, ფასადებზე კი სიბრტყიდან სიბრტყეზე, ფასადიდან ფასადზე გადავლებული არმატურის ერთიანი სისტემა გამოიყენა, რაც სიახლე იყო ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ტაძრის აგების დროისთვის.

ნაგებობის კედელ-კამარებს და იატაკს მოზაიკა ამკობდა. ტაძრის დასავლეთისა და სამხრეთის მკლავებს აგებიდან ორიოდე ათეული წლის შემდეგ მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთის კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძარს ქვის გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის შიგნით აგებული იყო დამხმარე ნაგებობანი და ქვის სამრეკლო. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში სამსართულიანი კოშკი დგას, რომელიც ტაძრის მშენებლობის დასრულებამდეა აგებული. სამივე სართულში თითო ოთახია, ბუხრებითა და თახჩებით. ამ კოშკში, სავარაუდოდ, ეპისკოპოსი ცხოვრობდა. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის სიაში იყო, თუმცა აღდგენითი სამუშაოების განხორციელების შემდეგ, დამდგრარი შედეგების შეფასების შედეგად მოხდა მისი სიიდან ამოღება.

მოსწავლეები ეწვივნენ და მოილოცეს მოწამეთას მონასტერი, რომელიც აგებულია მე-11 საუკუნეში, თუმცა დღევანდელი სახე მან მე-19 საუკუნეში მიიღო. მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების სახელებს უკავშირდება. მოსწავლეებმა მოისმინეს მცირე ისტორია თუ რას უკავშირდება სამონასტრო კომპლექსის სახელი და როდის მიიღო მან ამჟამინდელი სახე.

მე-8 საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევისას, არგვეთის მთავრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არაბთა სარდალს, საბოლოოდ კი მოწამეობრივად აღესრულნენ. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმიდანებად შერაცხა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის წამებულ წმიდანთა ნაწილები თავდაპირველად ხარების დანგრეულ ტაძარში იყო დაბრძანებული. მე-11 საუკუნეში კი არაბთაგან დანგრეული ტაძრის ადგილზე ბაგრატ IV -მ მომცრო ზომის უგუმბათო ტაძარი ააგო და წმიდანთა ნაწილები ახალ ტაძარში გადააბრძანა. სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება სახელი მოწამეთაც. 1844 - 65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით, ლევან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა მოწამეთას მონატრის რესტავრირება მოახდინეს. ამ დროს, მოხდა მონასტრის გუმბათოვან ტაძრად გადაკეთება, ასევე დაიგო ქვის იატაკი და შეიცვალა კანკელი. 

აღინიშნა, რომ წყალწითელას ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს, ისტორიულად ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხეობის ძეგლთა შორის კი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთას ხუროთმოძღვრულ კომპლექსს. 

ამასთან მოსწავლეებმა დაათვალიერეს და დააკვირდნენ მონასტრის არქიტექტურულ თავისებურებებს: 

მოწამეთას მონასტერი ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ოთხ სვეტს ეყრდნობა, რომელთაგანაც ორი საკურთხევლის შვერილია. ტაძრის თავისებურება ჩრდილოეთით მოწყობილი საკურთხეველია. ეს შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ აღმოსავლეთით - აპატიო ადგილას წმიდანთა ნაწილებია დაკრძალული, ამიტომაც, ხუროთმოძღვარმა საკურთხეველი ჩრდილოეთით გადაიტანა. 

შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. საკურთხეველი გამოყოფილია მე - 19 საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმიდანთა ცხოვრებიდან. მის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე დევს ხისგან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმიდანთა ნაწილები. 

საკურთხევლის კონქში შემორჩენილია მხატვრობა - ვედრების კომპოზიცია, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში ჩანს შესრულებული. ტაძრის სამხრეთით მე - 19 საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო დგას. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია "შიშიანობის" დროიდან გადარჩენილი ორი კოშკის ნაშთი. სამონასტრო კომპლექსს გალავანი აქვს შემოვლებული. 

ინტეგრირებული ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების, გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე ზღვის დონიდან 500 მეტრ სიმაღლეზე, 1935 წელს დაარსებულ ნაკრძალს, რომელიც კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სათაფლიის დაცული ტერიტორია, რომელიც მოიცავს დინოზავრის გამოქვაბულს, ნაკვალევს, სათაფლიის კარსტულ მღვიმეს, გამოიყენეს დაინსტალირებული გზამკვლევები და ადგილის გეგმა. 

კლასის ხელმძღვანელი და მათემატიკის მასწავლებელი: სოფო მურვანიძე
გეოგრაფიის მასწავლებელი: ანა ანუშიძე

იხ. ფოტო გალერეა















ანა ანუშიძე
4 ნოემბერი, 2024 წ.







Saturday, October 19, 2024

ინფოგრაფიკის/გრაფიკული ორგანიზატორის გამოყენების ინსტრუქციები და იდეები

 ინფოგრაფიკის/გრაფიკული ორგანიზატორის გამოყენების ინსტრუქციები და იდეები





Tuesday, August 20, 2024

აღზარდეთ საკუთარი თავი - დაიწყეთ ნათელი აზროვნებით

 


აღზარდეთ საკუთარი თავი

დაიწყეთ ნათელი აზროვნებით

უპირველესად გაიაზრეთ რომ საკუთარი თავი თავადაც უნდა აღზარდოთ და თქვენ სააზროვნო უნარებზე და მათ განვითარებაზე პასუხისმგებლობა, ზრდასრულ ასაკში მხოლოდ თქვენ გეკისრებათ.

სამწუხაროდ, როდესაც ადამიანს ბავშვობიდან დოგმატური ფრაზები თუ ქცევის პატერნები, აზროვნების ვიწრო და უხეში ჩარჩოები დაუნახავს, გაუგია და აუთვისებია იქ უპოვნია მოჩვენებითი სიმშვიდეც. ჰგონია, ეს არის ჩემი ცხოვრების ყალიბი და, თუ აზროვნების ამ წეს-ჩვეულებით ვივლი, მაგარი ბიჭი/გოგონა ვყოფილვარო.

ასეთი საფუძვლით და რწმენა-წარმოდგენებით გაზრდილი უკვე ზრდასრულ ასაკში თუ მიხვდება, რომ არტახებგადაჭერილმა აზროვნებამ ვერ აპოვნინა სიკეთე. მაგრამ, სხვაგვარად აზროვნება მისთვის უცხოა და რთული, ამიტომ ჰგონია რომ ვერც ვერასოდეს შეძლებს.

თუ სასწაული მოხდა და მის ცხოვრებაში სინათლის სხივი გამოჩნდა, იმ ერთადერთ სინათლის სხივსაც იშორებს, რომელიც სასწაულად მიუცია ღმერთს მისი შველა - ხსნის გასაღებად.

მეხსიერებაში ჩარჩენილი დოგმები სტანჯავს ადამიანის გონებას და გულს, ვეღარ არჩევს ნათელს ბნელისგან, წრფელს ყალბისგან, სპობს საკუთარ მომავალს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

ნათელი და დამოუკიდებელი აზროვნება ქმნის ძლიერ პიროვნებას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ადამიანმა უნდა შეძლოს, რადგან როგორი პროფესიონალიც არ უნდა გახდეს, შრომისმოყვარე, წარმატებული, მთავრი მაინც ნათლად და დამოუკიდებლად აზროვნება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაა რადგან, საკუთარი და სხვისი ღირსების კეთილგონიერად დანახვა და დაფასება ადამიანის კეთილდღეობის და ბედნიერების გასაღებია.


ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...