Wednesday, April 21, 2021

განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება

 



განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება

როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ გამოვყო დამატებითი დრო იმისთვის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრო სწავლა - სწავლების პროცესის შესახებ. ვსაუბრობთ სხვადასხვა  ფორმის დავალების შესრულების, რესურსების დამუშავებისა და აქტივობებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ასევე ვთხოვ მოსწავლეებს შეაფასოსნ ჩვენი გაკვეთილები, ჩვენი აქტივობები, დავალებები და შეფასებებიც, რომლებსაც ჩემგან ღებულობენ.

ერთ - ერთი ასეთი მსჯელობა გვქონდა შეფასების ფორმებთან დაკავშირებით. განვიხილეთ განმსაზღვრელი (ქულებით) და განმავითარებელი (სიტყვიერი) შეფასების ძლიერი და სუსტი მხარეები. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები თუ რომელი ფორმის შეფასება იყო მათთვის უფრო ინფორმაციული, მოტივაციის მიმცემი და სასარგებლო. ვისაუბრეთ თუ რა სიხშირით იქნებოდა უფრო სასარგებლო განმავითარებელი შფასების მიღება და რისი გაგება სურდათ განმავითარებელი შეფასების გზით. ბოლოს, მათ სტიკერებზე დამიწერეს შემაჯამებელი კომენტარები. მინდა რამდენიმე ასეთი კომენტარი უცვლელი სახით გაგაცნოთ.

 



მართალია, განსაკუთრებით მრავალკონტიკენტიანი კლასების მასწავლებლებისთვის თითოეული მოსწავლისთვის თუნდაც წელიწადში ათი განმავითარებელი კომენტარის მომზადება მეტად რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მე მინდა ეს მნიშვნელოვანი საკითხი მოსწავლის ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე განვიხილო.

განმსაზღვრელი შეფასება, თავისი არსით, ადგენს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების და განხორციელებული აქტივობის ხარისხის შეფასებას. მაშინ, როცა განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს აჩვენებს, არა მხოლოდ, მისი შესრულებული დავალების და განხორციელებული აქტივობის ხარისხს, არამედ ძლიერ და სუსტ მხარეებს, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აჩვენებს განვითარების გზებს, კონკრეტულ რჩევებს, თუ როგორ უნდა აღმოფხვრას ხარვეზი, რომ შემდეგი დავალება/აქტივობა  უფრო ხარისხიანად შეასრულოს და წარმოადგინოს. განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშრებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მისი არსი მოსწავლის მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვაა კონკრეტული რჩევების მიწოდებით. ცალსახაა, რომ განმავითარებელი შეფასების მომზადება რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მოსწავლის გავითარებაზე სწორედ ამ ტიპის შეფასებაა ორიენტირებული.

მოსწალეების მოსაზრებებისა და ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე შემიძლია აღვნიშნო, რომ განმსაზღვრელი შეფასება ხშირად ყოფილა სტრესის მიზეზი მოსწავლეებს შორის. მრავლად ყოფილა  შემთხვევა, როდესაც არასასურველი ქულის მიღების არიდების მიზნით უარი უთქვამთ მოსწავლეებს დავალების წარდგენასა და აქტივობებში მონაწილეობაზე. ასევე, არასასურველი ქულა ხშირად ყოფილა მნიშვნელოვანი დემოტივატორი სწავლა  - სწავლების პროცესში.

დავესესხები დიმიტრი უზნაძეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ სწავლა - სწავლების პროცესიდან ციფრების, ანუ განმსაზღვრელი შეფასების, განდევნა უნდა მოხდეს,  რადგან ის სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის ნდობის ატმოსფეროს შექმნას. ბავშვის გულიც და ცნობიერებაც ღია რომ იყოს იმისთვის, რაც მას მიეწოდება საჭიროა ნდობისა და სიყვარულის ატმოსფეროს ჩამოყალიბება და შნარჩუნება.

რა უნდა გავითვალისწინოთ განმავითარებელი შეფასების მომზადების და მიწოდების დროს?

განმავითარებელმა  შეფასებამ მოსწავლის განვითარების მიმართულებით ეფექტიანად რომ იმუშაოს, უნდა იყოს ინფორმაციული, ნათელი და გასაგები ენით დაწერილი. ჰქონდეს პოზიტიური შესავალი და დასკვნითი ნაწილი. პოზიტიურ შესავალს, სადაც ნაშრომის ძლიერი მხარეები იქნება აღნიშნული, მოსდევდეს  ნაშრომის სუსტი მხარეების აღნიშვნა მათი გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითებით. ნაშრომის სუსტი მხარეების გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი რეალურად შესრულებადი, დაძლევადი იყოს მოსწავლის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მიერ შეთავაზებული გზები მოსწავლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ნაცვლად მის დემოტივაციას გამოიწვევს. ამიტომ, ავირჩიოთ ნაშრომის სუსტი მხარეებიდან ერთ ან რამდენიმე კონკრეტული ორიენტირი და მისი გაუმჯობისთვის საჭირო რჩევები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეს. ერთდროულად ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე კონცენტრირებით მოსწავლეებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ნაშრომების ხარისხობრივი გაუმჯობესება.  დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებობაში მოსწავლის დარწმუნებასთან ერთად, ჩვენი მიზანია მოსწავლე იმაშიც დავარწმუნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მას დავეხმარებით პროგრესის მიღწევაში.

მნიშვნელოვანია, რომ განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია გავუზიაროთ მოსწავლეს ვერბალური ან წერილობითი სახით. ამასთან განმავითარებელი შეფასება უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური. განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობისთვის, სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის წარდგენიდან 24 საათში მივაწოდოთ მოსწავლეს. და ბოლოს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასება სწორად გაიგო და აღიქვა ჩვენმა მოსწავლემ, დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ვუპაუსხოთ მის დამატებით კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.

განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე საუბარი მინდა შევაჯამო ჩემი ერთ - ერთი მოსწავლის სიტყვებით: „დავფიქრდი და გამახსენდა ადრე როგორ მინდოდა, რომ კომენტარებით შეეფასებინათ ჩემი ნამუშევარი. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ნიშნის დაწერა, ეს უბრალოდ რიცხვებია ხოლო სიტყვებით შენ გული გევსება სიხარულით და მზად ხარ, რომ გაუჩერებლად იმუშაო და არ დანებდე სირთულეების წინ“.

ანა ანუშიძე

21 აპრილი 2021 წ.

Thursday, April 15, 2021

სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში

 


სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში

როგორ შევქმნათ პოზიტიური სასკოლო კულტურა?

სკოლა, საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. სკოლა უნდა ზრუნავდეს თითოეული მოსწავლის ღირსეულ, პასუხისმგებლიან, თანამედროვე, კონკურენტუნარიან, შემოქმედებით, სათანადო ზოგადი განათლებით და შესაბამისი უნარებით აღჭურვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.  მაგრამ ამ მიზნის მიღწევისთვის გამართულ სასწავლო პროგრამებთან, მრავალფეროვან და ეფექტიან სასწავლო რესურსებთან, მოსწავლეთა საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებულ  და თაანმედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფ სასწავლო ინფრასტრუქტურასთან ერთად აუცილებელია საერთო მიზნის მიღწევისთვის მოტივირებული სასკოლო საზოგადოება. სასკოლო საზოგადოება, რომელის თითოეულ წევრს გააზრებული აქვს, ესმის და კეთილსინდისიერად შეაქვს საკუთარი წვლილი, სკოლის მიზნების მიღწევის, გამოწვევების დაძლევის და განვითარების საქმეში. სწორედ ასეთი სასკოლო საზოგადოება შეგვიძლია მოვიაზროთ იმ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას პოზიტიური, ურთიერთპატივისცემაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურა.

იმისთვის რომ ნათლად გამოვკვეთოთ სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში რამდენიმე ფუნდამენტურ შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი.

პირველ რიგში რა არის სასკოლო კულტურა? ეს არის სკოლის ყოველდღიური ცხოვრების წესი. იმ რწმენის, აღქმების, ურთიერთობების, დამოკიდებულებების, დაწერილი და დაუწერელი წესების ერთობლიობა, რომლებიც ძერწავს და გავლენას ახდენს სკოლის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ასსპექტზე.

როგორი მახასიათებლებით გამოირჩევა პოზიტიური სასკოლო კულტურა? მყარი ღირებულებების სისტემით, ქცევის მდგრადი წესებით, ურთიერთპატივისცემით, ურთიეთდახმარებაზე ორიენტირებულობით, ნდობით, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარების ჩვევით, ერთმანეთის წარმატების საერთო წარმატებად აღქმის უნარით, გამოწვევების დაძლევაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილით, შედეგზე ორიენტირებული შეთანხმებული და თანმიმდევრული ქმედებებით, პოზიტიური კომუნიკაციით.

როგორია პოზიტირი სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში? პირველი ეფექტი პოზიტიური სასკოლო კულტურისა არის სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრში სიმშვიდის, სტაბილურობის, დაცულობის განცდა. სასკოლო საზოგადოების წევრები რწმუნდებიან რომ , ერთი მხრივ, მათი  შრომა, მონდომება, ინიციატივიანობა, კეთილსინდისიერება, თანამშრომლობისთვის მზაობა, წარმატება სათანადოდ იქნება მიღებული და ღქმული სკოლის საზოგადოების დანარჩენი წევრების მიერ, ხოლო, მეორე მხრივ, ნებისმიერი სირთულე და გამოწვევა დაძლევადია სკოლის საზოგადოების დანარჩენი წევრების მხარდაჭერით და თანამშრომლობით.

დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც სკოლაში სწავლობს ან მუშაობს, ასეთ სტაბილურ, ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში მაღალი მოტივაციითა და ეფექტიანობით შეძლებს საკუთარი თავის განვითარებას,  მრავალფეროვანი და სარგებლის მომტანი პროექტებისა და ინისციატივების განხორციელებას, სხვადსხვა ფორმისა და შინაარსის რესურსების შექმნას, ამ გზით მთლიანად სკოლის და  ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

პოზიტიურ სასკოლო კულტურას შეუძლია განვითარებაზე ორიენტირებული სტაბილური და ჯაბსაღი გარემოს შექმნა სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, ამიტომ  სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ინტერესებშია მისი შენება და დაცვა.

როგორ შევქმნათ პოზიტიური  სასკოლო კულტურა? მთავარი გამოწვევა არის იმის გააზრება, რომ სასკოლო კულტურა იქმნება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის მიერ სკოლის დირექტორის ლიდერობით და პირადი მაგალითით. პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნისთვის აუცილებელი ამ წინაპირობის გააზრების შემდეგ, საჭიროა უკვე არსებული კულტურის - ანუ სკოლის ყოველდღიური ცხოვრების წესის ობიექტური შეფასება. როგორ შევაფასოთ სკოლის კულტურა? დავაკვირდეთ და გულწრფელად ვუპასუხოთ რამდენიმე საკვანძო შეკითხვას:

v  როგორ მიმდინარეობს სწავლა  - სწავლების პროცესი?

v რა მთავარი გამოწვევებია ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის მიმდინარეობის დროს?

v  როგორია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება?

v  რამდენად არიან მოსწავლეები ჩართულები ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში?

v  რამდენად არიან ჩართულები მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში?

v რამდენად ხშირად იმართება სკოლაში სხვადასხვა ტიპის მოტივაციის ასამაღლებელი და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პოზიტიური გარემოს შენარჩუებაზე ორიენტირებული აქტივობები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მანდატურებისთვის, მშობლებისთვის?

v რამდენად არის სასკოლო საზოგადოება ჩართული თემის/საზოგადოების საჭირობების კვლევისა და მოგვარების პროცესში სხვადასხვა აქტივობების გზით?

v  რამდენად არიან ჩართულები მშობლები სასკოლო ცხოვრებაში?

v  როგორია მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი დისციპლინური დარღვევების ხასიათი?

v  როგორ ახერხებს სკოლა დისციპლინური დარღვევების პრევენციას და მოგვარებას?

v  როგორია სკოლის საორგანიზაციო კულტურა?

v  რამდენად ეფექტიანად ხდება სიახლეების დანერგვა?

v  როგორ ხდება გამოწვევების დაძლევა?

v რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს სასკოლო სივრცეში სკოლის საზოგადოების წევრები?

v  როგორ ხდება სასკოლო საზოგადოებაში ახალი წევრების მიღება?

v  როგორ ზრუნავს სკოლა მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და განვითარებაზე?

v რამდენად ხშირად უზიარებენ მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას, ხედვებს, იდეებს?

v  როგორ ხდება სკოლის საზოგადოების თითოეული წევრის მიერ მიღწეული წარმატების აღნიშვნა?

v  რა რიტუალები, ღირსშესანიშნავი დღეები და ტრადიციული აქტივობები აქვს სკოლას?

v  როგორ თანამშრომლობენ სწავლა - სწავლების მიზნების მიღწევისთვის მშობლები და მასწავლებლები?

v  როგორი საკლასო გარემოა თითოეულ კლასში?

v  რამდენად მეგობრულია ურთიერთობი პარალელური კლასების მოსწავლეებს შორის?

v  რამდენად მეგობრულია ურთიერთობები სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს შორის?

v  რამდენად ეფექტიანად მუშაობს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა?

v  როგორია ძალადობის რისკები სკოლაში?

v  რას აკეთებს სკოლის საზოგადოება ძალადობისა და მავნე ჩვევების პრევენციის მიზნით?

v  როგორ და რა სიხშირით ახდენს სკოლა სასკოლო გარემოს ფიზიკური, აკადემიური, აფექტური და სოციალური სიჯანსაღის პარამეტრების დიაგნოსტირებას?

v  რამდენად არის კმაყოფილი მასწავლებელი იმ ძირითადი და დამატებითი სამუშაოებით რომელსაც ასრულებს სკოლაში?

v  რამდენად ითვალისწინებს სკოლა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს, იდეებს, რჩევებს, პრეტენზიებს, ინიციატივებს?

v  არის სკოლაში ლიდერთა გუნდი, რომელიც თავისი ძირითადი სასკოლო საქმიანობის პარალელურად ჩართულია სასწავლო გარემოს სიჯანსაღისა და სასკოლო კულტურის პოზიტიურობის კვლევის საქმეში?

მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილ შკითხვებზე გვექნება პასუხები, შევძლებთ განვსაზღვროთ როგორია ჩვენი სასკოლო კულტურა, განვსაზღვროთ რისი მიღწევა გვინდა, რა დროით მონაკეთში, დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები მიზნის მიღწევისთვის და ინდიკატორები რომლებიც საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ მიღებული ზომების ეფექტიანობის ხარისხი.   რა თქმა უნდა, მთელს ამ რთულ და შრომატევად პროცესში ჩართული უნდა იყოს სკოლის საზოგადოების ყველა წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს სკოლის ლიდერი - დირექტორი საკუთარი პირადი მაგალითით.

სასკოლო კულტურა არის რწმენა, აღქმა, ურთიერთობები, დამოკიდებულებები, დაწერილი და დაუწერელი წესები, რომლებიც ძერწავს და გავლენას ახდენს სკოლის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ასსპექტზე. სწორედ ამიტომ, წარმატებული მოსწავლეებისთვის, წარმატებული მასწავლებლებისთვის, წარმატებული დირექტორებისთვის და წარმატებული საზოგადოებისთვის გვჭრდება პოზიტიური სასკოლო კულტურა.

ანა ანუშიძე

15 აპრილი 2021 წ.

ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...