Friday, February 16, 2024

პუბლიცისტური წერილები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავამუშავოთ საშუალო საფეხურზე

 


პუბლიცისტური წერილები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავამუშავოთ საშუალო საფეხურზე

პუბლიცისტური წერილები, გონების წვრთნის და სწორი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საუკეთესო გზა.

ქვემოთ წარმოდგენილია ხუთი პუბლიცისტური წერილი, ცალსახად მარგალიტები ქართულ პუბლიცისტიკაში, რა თქმა უნდა, სხვა მრავალ მარგალიტთან ერთად, მაგრამ იმისთვის რომ დღეს, მოსწავლემ შეძლოს მათი გაგება, არსის წვდომა, საკუთარი დასკვნის გამოტანა და გამოყენება, ჩვენ, მასწავლებლებს ეფექტიანი წინარე მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება გვჭირდება.

წერილი ქალიშვილისადმი

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგულიწევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია,ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.

ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის.

შენ მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ.

ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი - შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.

შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი


რას ჰქვიან თავისუფლება?

როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!” რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება, ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე, როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო?

ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის...

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები,  საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძითავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება,  ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი, სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიაღ, გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი და იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენა ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა.  ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება.

მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერებაო!

თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული, ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს,  რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში.

 ვაჟა ფშაველა


დედათა საქმე 

დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ, დღითიდღე წინ მიდის განათლებულს ქვეყნებში, დღითიდღე მომხრეებსა ჰპოულობს, ძლიერდება და კუთვნილს ადგილს იჭერს ადამიანის ცხოვრებაში. დედათა მხნეობა, სამართლიანის უფლების მოპოვებაზედ მიმართული, აღარა ჰრჩებახმად

მღაღადებელად უდაბნოსა შინადა დღე თითქმის ისე არ გადის, რომ სადმე -რასაკვირველია, განათლებულს ქვეყნებში -კი - ცოტად თუ ბევრად დედათა საქმე ფეხს არ იმაგრებდეს და ცხოვრების სარბიელზედ ცოტცოტაობით მაინც ადგილს არ იპყრობდეს შემდეგის წარმატებისათვის.

დედათა სქესმა კაცობრიობის უკეთესთა წარმომადგენელთა თაოსნობით, ღვაწლით და გარჯით უკვე დაიმტკიცა უფლება უმაღლესის სწავლისა და განათლების მიღებისა და ეხლა მარტო ბრმანი და თვალახვეულნიღა ეურჩებიან ამ უფლებას. დედათა სქესმა დაიპყრა ამასთანავე ზოგიერთს სფერაში უფლება სახელმწიფო, თუ საზოგადო სამსახურისა და თუმცა აქ ბევრი რამ კიდევ დარჩენია დასაპყრობად, მაგრამ ეს პირველდაწყებითი ბიჯიც უმნიშვნელო არ არის შემდეგისათვის. იგი უსამართლობა, რომელიც დღეს აქამომდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას, საძიძაოდამ და სამზარეულოდამ გარეთ არ უშვებდა და ამათ გარე არავითარს საქმეში მონაწილედ არა ჰხდიდა, ასე რომ ლუკმაპურის საშოვარის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულს მოძრაობას. რომ უფრო დიდი ავალა მისცენ ამ მოძრაობას და დედათა სქესს მისი სამართლიანი ადგილი მიეზომოს კაცთა ცხოვრებაში, დედათა საქმე ამ ბოლოს ხანებში იმაზედ მიიმართა, რომ ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და კანონმდებლობაში ხმა მიანიჭოს დედათაცა, როგორც მამაკაცთა აქვსთ მინიჭებული.

ამ მხრით ამერიკამ ჯერ-ხანად ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო და იქ დღეს არამცთუ ვისმე ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ,  არამედ თითონ დედანიც-კი რომ ამორჩეულ იქმნან თუნდ რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ

გაიკვირვებს და იოცებს. ამ ხანებში ამერიკის ქალაქში, რომელსაც ბოსტონი ჰქვიან, ქალაქის გამგეობის არჩევანები იყო. თუმცა როგორც აქ, ისე სხვაგანაც ამერიკაში, დედათა აქვსთ უფლება არჩევანში მონაწილეობისა, მაგრამ დღეს-აქამომდე დედანი ამ უფლებას ბევრს არაფერს დასდევდნენ და არ ერეოდნენ არჩევანებში. ეხლა-კი, ამ ბოლოს არჩევანებში, თითქმის ყველანი მოსულან და დედათა კენჭის წყალობით დემოკრატები, რომელთაც აქამომდე ხელთ ეპყრათ გამგეობა ქალაქისა, დამარცხებულან და რესპუბლიკელებს გაუმარჯვნიათ. 22.000 დედაკაცი ჩაწერილა, საარჩევანოდ მოსული. ამათ თავისი საკუთარი კომიტეტი ჰქონიათასთა დედათა“. ამასთა დედათაკომიტეტს ისე ხერხიანად წაუყვანია არჩევანის საქმე, რომ სწავლა-განათლების საბჭოში და ქალაქის გამგეობაში სულ თავისი მომხრე რესპუბლიკანელები გამოურჩევიათ. თუმცა ევროპაში ესე საქმეში გამოყენებული უფლება დედათა სქესისა თითქმის არსად მაგალითს არ წარმოგვიდგენს, მაგრამ დედათა სანუგეშოდ უნდა ვსთქვათ, რომ აქაც-კი არჩევანის საქმეში აზრი მათკენ არის გადახრილი და ლამის დღესა თუ ხვალ საქმითაც განხორციელდეს. კონსერვატორთა მეთაური სალუსბერი, რომელიც დღეს მთავარმინისტრია ინგლისში, მომხრეა იმისი, რომ დედათა მიენიჭოთ საარჩევანო უფლება.

ამას წინათ ლორდი სალუსბერი ყოფილა შოტლანდიაში, ეს მომხრეობა გამოუცხადებია და ყველანი გაუოცებია, რადგანაც კონსერვატორთა მეთაურისაგან არავინ არ მოელოდა დედათა უფლებისათვის გამოსარჩლებას. ედინბურგში უთქვამს, რომ მე ჩემ თავად არ ვეურჩები ამ მხრით დედათა ემანსიპაციასაო და შორს არ არის ის დრო, როცა დედათაც ექმნებათ ხმა ამორჩევისა, როცა ისინიც მიიღებენ მონაწილეობას როგორც ჩვენის ქვეყნის საპოლიტიკო საქმეთა მსვლელობასა და მიმართულებაში, ისეც საპოლიტიკო კაცთა ამორჩევაშიო“. ამისათვის არავითარს დაბრკოლებას არა ჰხედავს მთავარმინისტრი ინგლისისა. თუ კონსერვატორთა მეთაური ასე ძლეულა დედათა საქმის სამართლიანობითა და ასეთის აზრით გამსჭვალულა ამ საქმის სასარგებლოდ და გასამარჯვებლად, სხვას ვისღა არა აქვს საბუთი სთქვას, რომ შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისის კუთვნილის ადგილის დასაჭერად. რაკი დედანი კანონმდებლობაში ხმას მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან, ამ გზით დიდს ზედმოქმედებას იქონიებენ თვით კანონებზედ, რომელნიც დღეს სჩაგვრენ და ჰხუთვენ დედათა სამართლიანს უფლებას. ამ ზედმოქმედების სიმძიმის ქვეშ შეიცვლებიან ის კანონები და დედათა საქმე წარიმატებს იმოდენად, რამოდენაც შესაძლოა თვით ამ საქმის ბუნებისაგან,  იმიტომ რომ განგებ მოგონილი ბორკილი აღარ შეუშლის ფეხს, ამ ბორკილისაგან დახსნილი იქნება და მარტო თავის ბუნებაზედღა დამოკიდებული.

ილია ჭავჭავაძე


გავზარდოთ ახალთაობა

მშობლებს ძალიან კარგათ შეუძლიან რამდენიმე ხანი მოიჭირვონ, მით უფრო, რომ შვიდი წლის ყმაწვილი იმისთანა საჩენ საქმეს არას უკეთებს და შემდეგ კი ერთიორად მეტს შეეწევა მამას, ვიდრე უსწავლელი.

უფრო კარგი იქნება შევხედოთ ჩვენზედ უკეთესებს და მივბაძოთ: გავზარდოთ ახალთაობა, ნურაფერს დავიშურებთ სკოლების დასამართად, რადგანაც, როგორც ზევითა ვსთქვით, იმათში იმალება ყოველი ხალხის მომავლის ბედი და უბედობა, თორემ ჩვენზედაც ისრე იტყვიან, როგორც სპარსეთზედ: „გეება რა სპარსეთის სამთავროს მცხოვრებნი, დაემგზავსნენ ცხვრის ფარას, რომელიც თავისუფლათ და გაუწყვეტლივა სძოვდა ტრიალ მინდორზედ მინამ, ბოლოს, საიდგანმე არ გაუჩნდა მგელი და არ იმსხვერპლა“. ესრე მოუვა ყველას და ესრე საანდაზოდ გახდება ის ხალხი, ვინც უარყოფს რიგიან აღზრდას და განათლებას.

ხშირად ჭია იმ ფერისა ხდება, რა ფერის ფოთლითაც იკვებება. ტყუილად არ უთქვამთ ქართველებსა: ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. როგორიც უნდა მაგარი, ხასიათისა იყოს და სხვა მიმართულების..

 ვაჟა ფშაველა


ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ

პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ: შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო.

თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველგვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო.  გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო: თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო.

მართალია, დედაკაცისთვის თვით ბუნებას არ მოუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა. მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდა ქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამაკაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედაკაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არც არა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თავლის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს, ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალს ეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა სიტყვებით: მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო.

ახლა ბრძანეთ, ამგვარ გზაზედ დაყენებული, უსწავლელი და შებორკილი არსება, პირუტყვულ წრეში მყოფი ცუდიც რომ გამოსულიყო, ვინ იყო პასუხისმგებელი?

ამოდენი საუკუნოების განმავლობაში ამ გვარად მომდინარეობდა ქალების ვითარება და ყურადღება არავისა ჰქონდა მიქცეული, მხოლოდ კაცთა გამოხსნისათვის განხორციელებულმა უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: არა არს გარჩევა არცა მამაკაცთა და არცა დედაკაცთაო. მაგრამ რა წრესაც კი პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.

საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედაენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არა ქალი, როდესაც კაცები მამულის დასაცველად თოფ-იარაღზედ იყვნენ დაყუდებულნი? თუ აქამომდე მოაღწია მდიდარმა ქართულმა ენამ,  ქალის მეოხებით მოაღწია.

დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა. ახლა მაინც ჩვენმა კაცებმა დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედაკაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს-რა. ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან, თუკი საქმეს უშველიან რასმე.

ბარბარე ჯორჯაძე

პუბლიცისტური წერილები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაიაზრონ, სხვადასხვა პრიზმიდან დაინახონ და შეაფასონ საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხები.

აქვე, თან ვურთავ ერთ-ერთ რესურსს, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანი პუბლიცისტური წერილების არსის სიღრმისეული წვდომის მიზნით დაგეგმილი მსჯელობა-დისკუსიის პროცესში.



ანა ანუშიძე

16 იანვარი, 2024 წ.

ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...