Friday, May 28, 2021

რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე

რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე

   პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ რთული ქცევა არის პერიოდულად ან სიტუაციურად განმეორებადი ქცევა, რომელიც ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. მაგალითად: ჰიპერაქტიულობა,  აგრესიულობა, ისტერიკა და ა.შ. 

 როდესაც საქმე გვაქვს ნებისმიერი სახის რთულ ქცევასთან, ბუნებრივია, მისი მართვისთვის გვჭირდება გეგმა. თუმცა ქცევის მართვის ეფექტიან გეგმას დამოუკიდებლად ვერ შევქმნით. გვჭირდება მოკავშირეების, კლასის ხელმძღვანელის, სხვა მასწავლებლების, მშობლების და თავად რთული ქცევის მქონე მოსწავლის დახმარება. ეს კი პრაქტიკაში განსახორციელებლად, საკმაოდ რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

რთული ქცევის მართვის საჭიროების ალბათობა მინიმუმადმე რომ შევამციროთ, რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინოთ:

(1)   ვიდრე რომელიმე კლასში შევალთ პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად, გავესაუბროთ კლასის ხელმძღვანელს და კლასის სხვა მასწალებლებს, ვკითხოთ მათი გამოცდილების შესახებ და გავაკეთოთ მონიშვნები. კლასის ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე წინასწარ მოვამზადოთ სწავლა - სწავლების სტრატეგია, რომელიც პირველ ეტაპზე დაგვეხმარება მოსწავლეების, მათი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში.

 

(2)   მოვაწესრიგოთ და მოსწავლეებისთვის გასაცნობად მოვამზადოთ  მიმდინარე წლისა და სემესტრის სამოქმედო გეგმები. რადგან პირველივე, გაცნობით, გაკვეთილზე მაქსიმალურად საინტერესოდ წარმოვაჩინოთ შესასწავლი საგანი, თემები, საშინაო დავალების ტიპები, განსახორციელებელი აქტივობები, სასწავლო პროექტები, ღონისძიებები რომლებიც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე სემესტრში და წელს. მზად ვიყოთ შეკითხვებისთვის, მოსწავლეების მოსაზრებების და ინიციატივების მოსმენისთვის და გათვალისწინებისთვის. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, თავიანთი წვლილი შეიტანონ სწავლა - სწავლების პროცესის დაგეგმვაში. პირველი გაკვეთილიდანვე უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, მათ მოსაზრებებს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ.

 

(3)   პირველივე გაცნობით კვირაში, მოვახდინოთ გაკვეთილზე ქცევის გზამკვლევის შექმნა. ამისთვის, დაგვჭირდება მოსწავლეებისთვის ქცევის გზამკვლევის შექმნის და დაცვის დამაჯერებელი არგუმენტებით ახსნა. შემდეგ, კი ყველა მოსწავლის მონაწილეობით პოზიტიური ფორმულირებით და შესაბამისი ილუსტრაციით გაფორმებული, კონსენსუსის გზით მიღებული ქცევის გზამკვლევი შევქმნათ. ვეცადოთ არ გადავტვირთოც ჩვენი გზამკვლევი და ის მაქსიმუმ ხუთი პუნქტისაგან შედგებოდეს.  მუშაობის დასრულების შემდეგ, ქცევის გზამკვლევი კლასში, თვალსაჩინო ადგილას შეგვიძლია განვათავსოთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენ არასდროს დავარღვიოთ გზამკვლევით გაწერილი პუნქტები და ამით პოზიტიური ქცევის მაგალითი შევქმნათ.

 

(4)   ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პოზიტიური ქცევის მაგალითი ჩვენი მოსწავლეებისთვის. ყოველთვის ვიყენებდეთ: თავაზიან, დამაჯერებელ სასაუბრო ენას, ვიცავდეთ მოსწავლეთა უფლებებს, ვასრულებდეთ საკუთარ ვალდებულებებს, ეფექტიანად ვიყენებდეთ საგაკვეთილო დროს, ყოველთვის ვიყოთ მზად მოსწავლეების მოსმენისთვის და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხის გაცემისთვის.

 

(5)   ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკიდან ამოვიღოთ ნებისმერი ფორმის დასჯა და ჩავანაცვლოთ ის ახსნისა და ჯილდოს გამოყენების პრაქტიკით. დავსვათ კორექტული შეკითხვები და მკაფიო მითითებებით შევწვიტოთ კონკრეტული საგაკვეთილო აქტივობისთვის არაადეკვატური ქცევა. მაგალითად, როცა ვხედავთ, რომ მოსწავლე მოუსვენრად იქცევა, ცდილობს გამოელაპარაკოს კლასელს არასაგაკვეთილო თემაზე, რითაც აქტივობაზე კონცენტრირებაში ხელს უშლის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ კლასელებსაც,  ვკითხოთ: „გაქვს შეკითხვა?“ „გჭირდება დახმარება?“, თუ გვიპასუხა რომ არ აქვს შეკითხვა და არ სჭირდება დახმარება მაშინ, მშვიდი, მაგრამ მკაცრი და დამაჯერებელი ტონით ვუთხრათ: მოიკრიბე ყურადღება და შეწყვიტე სხვა საქმის კეთება, ან შეწყვიტე საუბარი და სხვა მოსწავლეების შეწუხება. გამოიყენეთ ჯილდოს გადაცემის პრივილეგია ეფექტიანად, შეაქეთ  სიტყვიერად, დაუწერეთ პოზიტიური კომენტარი, დაურეკეთ/მისწერეთ მოსწავლის მშობლებს და მოუყევით მისი შვილის წარმატების შესახებ, აღნიშნეთ მოსწავლის წვლილი საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მეტი ეფექტიანობისთვის, რეაგირება, როგორც მოსწავლის არასასურველ ქცევაზე, ისე პოზიტიურ ქცევაზე უნდა იყოს დაუყოვნებლივი.

 

(6)   წავახალისოთ მოსწავლეების ინიციატივები, მივცეთ ისეთი დავალებები სადაც საკუთარი ნააზრევის, იდეის, ინიციატივის შესახებ ისაუბრებენ. რამდენადაც შესაძლებელია, დავეხმაროთ ინიციატივების განხორციელებაში. შევქმნათ იმდენად საქმიანი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხის შესახებ. ამასთან, დავეხმაროთ მოსმენის, კითხვის დასმის, კომენტარის გაკეთების, დებატების, ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ახსნის უნარის განვითარება, რაც დაეხმარებათ საკუთარი ნააზრევის, იდეის, ინიციატივის, პრობლემის, ემოციის გამოხატვაში.

 

(7)   მივცეთ თავისუფალი დრო გაკვეთილზე, ეს შეიძლება იყოს სულ რამდენიმე წუთი, რომლის დროსაც ვისაუბრებთ რომელიმე აქტუალურ საკითხზე. ზოგადად, კი ყოველი აქტივობის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ, რომ ასაკის და შესაძლებლობების მიხედვით, ყველა მოსწავლისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური ოდენობის ფიქრის დრო არის საჭირო, რათა მათ გაიაზრონ შეკითხვა, დავალების პირობა და თანაბარ პირობებში იყვნენ იმისთვის რომ გამოავლინონ საკუთარი თავი საგაკვეთილო პროცესში.

მიუხედავად ზემოთ აღწერილი კონკრეტული ქმედებებისა, და ჩვენი დაუღალავი შრომისა, მაინც შეიძლება გამოვლინდეს გაკვეთილზე რთული ქცევა. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

       დავაკვირდეთ ქცევას, იმდენად ყურადღებით, რომ შეგვეძლოს მისი აღწერა შემდეგნაირად: რა სახის არის რთული ქცევა? რამდენად ხშირად მეორდება რთული ქცევა? რთული ქცევა გამოწვეულია წინაპირობით თუ წინაპირობის გარეშე? რომელი პოზიტიური ქცევით გვინდა რთული ქცევის ჩანაცვლება?

       აღწერასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოსწავლესთან გასაუბრება, ქცევასთან დაკავშირებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა მოსწავლე ვერ აცნობიერებდეს საკუთარი ქცევის შედეგებს ან უბრალოდ არ იცოდეს როგორ მოიქცეს. ამიტომ, ინტერვიუს პროცესში შევეცადოთ გამოვარკვიოთ ქცევის მიზეზები, ავუხსნათ რატომ არის კონკრეტული სახის ქცევა არასასურველი, და როგორ უნდა მოიქცეს. ინტერვიუს დროს, ისევე როგორც მთელი სწავლა - სწავლების პროცესში, აუცილებლად გამოვიყენოთ თავაზიანი, მეგობრული, მარტივი და გასაგები ენა.

       იმ შემთხვევაში, თუ რთული ქცევა რაიმე წინაპირობას არ უკავშირდება ან ინტერვიუს შემდგომ მოსწავლის ქცევაზე დაკვირვების შემდეგ დავინახავთ, რომ პროგრესი არ შეინიშნება აუცილებელია ერთიანი, კოორდინირებული მიდგომის შემუშავება და გეგმის შედგენა. ამ მიზნით, დახმარებისთვის მივმართოთ სკოლის ფსიქოლოგს, კლასის ხელმძღვანელს, კოლეგა მასწავლებლებს, მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს.

ანა ანუშიძე

28 მაისი, 2021 წელი

 

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...