Monday, March 21, 2022

ჯონ დიუის პროგრესული განათლების პრინციპები

 


ჯონ დიუის პროგრესული განათლების პრინციპები
და
სკოლა ლაბორატორია
რა გვჭირდება ეფექტიანი სწავლა - სწავლებისთვის

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ჯონ დიუი პროგრესულ განათლებად მოიაზრებდა მოსწავლეზე ორიენტირებულ, მისი ინტერესების გათვალისწინებით და მის მიერ წარმართულ სასწავლო პროცესს, რაც აამაღლებდა მათ სოციალურ შეგნებას, ასწავლიდა როგორ მიეღოთ მონაწილეობა სკოლის დემოკრატიულ ცხოვრებაში და დაეხმარებოდა პრაქტიკული უნარების შეძენაში. 

სწორედ პროგრესული განათლების პრინციპებს ეყრდნობა ჯონ დიუის სკოლა ლაბორატორია. მარია მონტესორის სკოლის მსგავსად მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს ჯონ დიუის სკოლა - ლაბორატორიები და ასევე საჯარო სკოლებში ისწრაფვიან დანერგონ პროგრესული განათლების პრინციპები.




ჯონ დიუის სკოლა ლაბორატორის მთავარი პრინციპი პროგრესული განათლების მიწოდებაა, ამასთან უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობები:

1) მოსწავლეების და მასწავლებლების შეფარდება უნდა იყოს 10:1.

2) სკოლა - ლაბორატორიაში უნდა ასწავლიდნენ პროფესორი მასწავლებლები.

3) სკოლა - ლაბორატორიაში დიდი დრო უნდა ეთმობოდეს დისკუსიებს:

ა) სწავლა - სწავლების პროცესში.
ბ) მასწავლებლებს და დირექციის წარმომადგენლებს შირის თემებზე: რა ხდება სკოლაში, რა ხარვეზებია, რა უნდა გაუმჯობესდეს და ა.შ.

4) სკოლა - ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს დიდი სივრცე ბაღებისა და სათამაშო მოედნების მოსაწყობად.

5) იქედან გამომდინარე, რომ სკოლას აუცილებლად უნდა დაექირავებინა მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, ჰქონოდა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეები, თავად შენობა კი სრულად აღჭურვილი ყოფილიყო ყველა საჭირო სასწავლო ტექნიკითა და რესურსით - სწავლა  ფასიანი იყო. 

ანა ანუშიძე
21 მარტი, 2022 წ.








მარია მონტესორის სკოლის ძირითადი პრინციპები - ეფექტიანი სწავლა - სწავლების პროცესისთვის

 


მარია მონტესორის სკოლის ძრითადი პრინციპები
რა გვჭირდება ეფექტიანი სწავლა - სწავლების პროცესისთვის

მარია მონტესორის სკოლის არსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების აღზრდის მთავარი პრინციპების სპეციალური საგანმანათლებლო საჭროებების არ მქონე ბავშვებზე მორგება იყო. 

მარია მონტესორი თავის სკოლაში იყენებდა ფორმალურ წვრთნას, ცლკეული სენსორული, მოტორული და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის. 








მონტესორის სკოლის ძირითადი პრინციპებია:

1) ბავშვებს აძლევდა თავისუფალ არჩევანს სწავლა - სწავლების პროცესში რესურსებთან და აქტივობებთან მიმართებით.

2) მოქნილი ფიზიკური გარემო, რომლის ადაპტირება ნებისმიერი სასწავლო აქტივობისთვის შეეძლოთ მცირე დროში მოსწავლეებს და მასწავლებლებს. 

3) მასწავლებლის როლი იყო გარემოს კონტროლი. 

4) მშობლის როლი იყო ბავშვის მოწესრიგება, უზრუნველყოფა ყველა საჭირო სასწავლო ნივთით, სკოლაში დროულად მიყვანა და კვირაში ერთხელ დირექტორთან გასაუბრება. 

მარია მონტესორის პრინციპით მრავლად ფუნქციონირებს კერძო სკოლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მონტესორის სკოლის პრინიპებს ასევე იყენებენ საჯარო სკოლებში სწავლა - სწავლების პროცესში.

ანა ანუშიძე

21 მარტი, 2022 წ.

როგორ გამოვიყენოთ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია გაკვეთილზე

 


როგორ გამოვიყენოთ ჰოვარდ გარდნერის 

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია


ჰოვარდ გარდერის განმარტების თანახმად, რაც საყოველთაოდ გაზიარებულ განმარტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ინტელექტი - ცოდნის დაუფლების ანუ სწავლის და ადრე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალ სიტუაციებში გამოყენების ანუ ადაპტირების უნარია.

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია გვთავაზობს ინტელექტის კლასიფიკაციას, რაც გვიმარტივებს მისი განვითარების პროცესის დაგეგმვას და შესაბამისი აქტივობების შემუშავება - გამოყენების პროცესს.

სწავლა - სწავლების პროცესში მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებისთვის უნდა გავითვალისწინოთ:

1) ყველა ბავშვს გააჩნია 8 ტიპის ინტელექტი (ლინგვისტურ - ენობრივი, ლოგიკურ მათემატიკური, სივრცული, მუსიკალური, ფიზიკურ - კინესთეტიკური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური) და შეუძლია მათაი მაღალ დონეზე განვითარება, ამიტომ ის აქტივობები, რომლებსაც სწავლა - სწავლების პროცესში ვიყენებთ უნდა მიემართებოდეს სხვადასხვა (რვავე) ტიპის ინტელექტის გავარჯიშებას და განვითარებას.


2) დაუშვებელია მოსწავლის რომელიმე ერთი ინტელექტის სფეროში კლასიფიცირება, რადგან ეს ხელს შეუშლის მის მრავალმხრივ გავითარებას.

3) ეფექტიანი სწავლა  - სწავლების პროცესის წინაპირობაა მოსწავლის კარგად გაცნობა და მისი შედარებით განვითარებული და ჯერ კიდევ გასავითარებელი უნარების გათვალისწინება.  არსებული ვითარების მაქსიმალურად ზუსტად შეფასებაში დაგვეხმარება კომბიირებული ტესტები, სავარჯიშოები და აქტივობები. 

ანა ანუშიძე
21 მარტი, 2022 წ.

როგორ გამოვიყენოთ განწყობის თეორია საკლასო ოთახში

 


როგორ გამოვიყენოთ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია საკლასო ოთახში

დიმიტრი უზნაძის თეორიის თანახმად, სკოლაში ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მოქმედებაში მოიყვანოს ბავშვის ინტელექტუალური ძალები და მთელი მისი ბუნება. ნდობის და სიყვარულის ატმოსფერო აუცილებელია, რომ ბავშვის გულიც და ცნობიერებაც ღია იყოს იმისთვის, რაც მას მიეწოდება.

რაც შეეხება განწყობას, დიმიტრი უზნაძე მას განმარტავს, როგორც ადამიანის მთლიან პიროვნულ მზაობას გარკვეული საქმისათვის. სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქმედებას განახორციელებს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული. სწორედ წინასწარი მზაობა განსაზღვრავს როგორც ადამიანის ქცევას, ისე ქცევის აღქმას, ემოციურ დამოკიდებულებას და შეფასებას. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოყავს მარტივი მაგალითი, რომ მონადირეს რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება დათვის გამოჩენას, უეცრად მის წინ გამოჩენილი ადამიანიც დათვად შეიძლება მოეჩვენოს. 

განწყობის თეორიის თანახმად, სასწავლო პროცესი მიმართული უნდა იყოს მოსწავლის ინტელექტუალური მოთხოვნილების ცოდნის წყურვილში გადაზრდისკენ. 

მაშ ასე: სწავლა - სწავლების პროცესში, დიმიტრი უზნაძე მხარს უჭერს: 

1) სწავლისადმი, სრულად სწავლა - სწავლების პროცესისადმი დადებითი განწყობის შექმნას.

2) მოსწავლეზე მორგებული სასწავლო მასალის გამოყენებას. ამასთან სასწავლო მასალა ერთდროულად იყოს შესაბამისობაშიც და დაშორებულიც ბავშვის განვითარების აქტუალური დონისთვის. 

3) მასწავლებლის ფუნქცია შუამავლობაა, ერთი მხრივ, სასწავლო მასალას და მეორე მხრივ მოსწავლის ძალებს შორის. 

ანა ანუშიძე
21 მარტი, 2022 წ.


ღირებულებების სწავლება - როგორ დავეხმაროთ ღირებულებების გააზრებაში

 


ღირებულებების სწავლება - 
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ღირებულებების გააზრებაში

თუ 6 წლის ბავშვს სწორად, მისთვის გასაგები ენით და შესაბამისი მაგალითებით ავუხსნით იმ ღირებულებების მნიშნელობას როგორიც არის: სიკეთე, სიყვარული, თავისუფლება, თანაგრძნობა, შემწყნარებლობა, სულგრძელობა, მადლიერება, კეთილსინდისიერება, წინდახედულება, მოთმინება, შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა... როდესაც ისინი 60 წლის გახდებიან უკეთესი საზოგადოება და მსოფლიო გვექნება. 

საუკეთესო გზა ამისთვის იგავ - არაკების გამოყენებაა, ვინ თუ არა სულხან საბა ორბელიანი და მისი "სიბრძნე სიცრუისა".

გთავაზობთ ათ იგავ - არაკს, ბავშვებისთვის გამარტივებული ენით და ხუთ აქტივობას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებს გაააზრებინოთ ის სიბრძნე რომელიც თითოეულ იგავ - არაკში ასე ოსტატურად ჩააქსოვა სულხან - საბა ორბელიანმა.

1.    ქურდი მკერავი

იყო ერთი მკერავი. ისე არაფერს შეკერავდა, ბლომად ქსოვილი არ მოეპარა. ერთხელაც დაესიზმრა, ვითომ თავზე ხე ამოსვლოდა და რაც კი ნაჭრები ჰქონდა მოპარული, ამ ხეს ფოთლებად ესხა. შეშინდა მკერავი, შვილს დაუძახა და უთხრა:

-         შვილო, თუ შემამჩნიო, ნაჭერს ვიპარავდე, სიზმარი მომაგონე.

ერთხელაც მას ვიღაც მდიდარმა ოქრომკერდით ნაქარგი ქსოვილი მოუტანა. მკერავს სულმა წასძლია, მაკრატელი მოიმარჯვა და ის იყო, უნდა მოეპარა, რომ ამ დროს მისი შვილი შემოვიდა და სიზმრად ნანახი ხე მოაგონა. გაბრაზდა მკერავი, შვილს მაკრატელი თავში ჩასცხო და უთხრა: ასეთი ქსოვილი როდის ეკიდა იმ ხეზეო!

2.    ორმოში ჩაგდებული მეფე

ორი მეფე ერთმანეთს შეება. ერთმა სძლია მეორეს, შეიპყრო და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. ორმოსთან ერთმა კაცმა გამოიარა. ორმოში ჩაგდებული მეფე რომ ნახა, მისი ამოყვანა და გაპარება მოინდომა და ჩასძახა: კარგს არ ვიზამ, რომ გაგაპაროო?!

მეფემ მადლობა მოახსენა.

კაცმა ჩაუგდო თოკი, ამოზიდა და რომ ამოიყვანა, კვლავ ჰკითხა:

-         კარგი არ ვქენი, რომ ამოგიყვანე?

მეფემ კვლავ მადლობა გადაუხადა.

კაცმა მესამედაც ჰკითხა:

-         ხომ კარგი ვქენი, რომ ამოგიყვანე?

შეწუხდა მეფე და დაიყვირა:

-         ჰეი, ვინა ხართ, ამ კაცმა გამაპარა!

მოცვივდნენ მცველები და ორივე შეიპყრეს.

-         რატომ გაამჟღავნე, რად არ გაიპარე? - ჰკითხეს მცველებმა მეფეს.

-         ვიდრე ამომიყვანდა, ყვედრებით ამავსო და სანამ სახლამდე მივაღწევდი, ხომ კიდეც დამახრჩობდა, ისევ ორმოში ყოფნა ვარჩიეო, - უპასუხა მეფემ.

3.    კუ და მორიელი

კუ და მორიელი დაძმობილდნენ. გაუდგნენ გზას. იარეს, იარეს და ერთ მდინარეს მიადგნენ. მორიელმა ცურვა არ იცოდა და დაღონდა.

-         ზურგზე შემაჯექი, გაგიყვან, - უთხრა კუმ.

შეაჯდა მორიელი კუს ზურგზე და გაცურეს. უეცრად, შუა წყალში მორიელმა კუს ზურგზე კბენა დაუწყო.

-         ძმაო, რას აკეთებ? - ჰკითხა კუმ.

-         განა მე მსურს კბენა, მაგრამ რა ვქნა, ჩვენი მოდგმა ასეთია, მტერსა და მოყვარეს, ყველას განურჩევლად ვკბენთ, - მიუგო მორიელმა.

კუმ დაიყურყუმელავა, მორიელი წყალში ჩააგდო და მიაძახა:

-         რა ვქნა, ძმაო, მეც არ მინდა, მაგრამ ჩემი მოდგმა ასეთია, თუ ნაკბენსა და დაგესლილ ხორცს არ განიბანს, გაუსივდება და მოკვდება!

4.    ძუნწი და ოქრო

ერთმა კაცმა მუშაობის დროს დიდძალ ოქროს მიაგნო, წაიღო და თავისი სახლიდან ოდნავ მოშორებით, მიწაში ჩაფლა. ამის მერე ყოველდღე მიდიოდა - ამოთხრიდა მიწას და ოქროს დახედავდა. მეორე კაცი ჩუმად თვალს ადენვნებდა მის საქმიანობას და ფიქრობდა: ნეტავ რა უდევს მიწაში ასეთი, ყოველდღე რომ ნახულობსო!

ერთხელაც ეს მეორე კაცი მივიდა იმ ადგილას, ამოთხარა მიწა და ოქრო არ იპოვა?! ამოიღო და მის ნაცვლად მიწაში ქვა ჩადო.

მეორე დღეს კაცი ჩვეულებრივ მივიდა თავისი ოქროს სანახავად, ამოთხარა  მიწა და რას ხედავს, ოქროს ნაცვლად ქვა დევს! დაიწყო ხმამაღლა ტირილი და მოთქმა. ამ დროს მასთან მეორე კაცი მივიდა და უთხრა:

-         რა გატირებს, რა დაგემართა?

-         რაღა რა დამემართა, ცოტაოდენი ოქრო მქონდა, მეშინოდა, არ დამხარჯოდა და მიწაში ჩავფალი, ვიღაცას კი მოუპარავს და მის ნაცვლად კი ქვა ჩაუდია.

-         მერედა მაგისთვის ტირი? განა სულერთი არ არის, მაგ მიწაში ოქრო იქნება ჩადებული თუ ქვა, თუკი მაინც არ დახარჯავ?! - უთხრა კაცმა.

5.    ცალთვალა მეფე და მხატვარი

ძველად იყო ერთი ქვეყანა ლავდიკია, რომელსაც ერთი ცვალთვალა მეფე მართავდა. ამ მეფეს ჰყავდა ერთი მხატვარი, რომელიც თვალში არ მოსდიოდა და მის მოსაკლავად მიზეზს ეძებდა. ერთხელაც მეფემ მოიხმო ეს მხატვარი და უბრძანა უნდა დამხატოო.

„აჰა,  მოვიდა ჩემი აღსასრული, - გაიფიქრა მხატვარმა,  - ცალთვალა დავხატო - მომკლავს, როგორ გამიბედეო, ორი თვალით დავხატო და მაინც მომკლავს - ჩემი მსგავსი არ არისო...“ დაიწყო ფიქრი, რა ეღონა და ბოლოს ერთი რამ მოიგონა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა და ბრმა თვალი დაუხუჭა, ვითომდა ირემს იღებს მიზანშიო.

მეფემ დიდხანს ათვალიერა ნახატი, მაგრამ წუნი ვერ უპოვა.

ასე გადაურჩა მხატვარი სიკვდილს.

6.    უტკბესი და უმწარესი

ერთმა მეფემ თავის ვეზირს უბრძანა:

-         წადი და, ისეთი საჭმელი მომიტანე, არც ხმელეთზე და არც ზღვაში მასზე უტკბესი  არფერი იყოს!

წავიდა ვეზირი და ენა უყიდა. მოუტანა, შეუწვა და აჭამა.

მოეწონა მეფეს და კვლავ უბრძანა:

-         ახლა კი წადი და ისეთი რამ მომიტანე, რომ არც ხმელეთზე და არც ზღვაში მასზე უმწარესი არაფერი იყოს!

წავიდა ვეზირი. ისევ ენა უყიდა და მოუტანა.

მეფემ უთხრა:

-         მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე, ტკბილი ვითხოვე და ისევ ენა მომიტანე?!

-         მეფეო, თქვენს თავს დავიფიცებ, რომ არც ენაზე უტკბესი არის რამე ამქვეყნად და არც ენაზე უმწარესი, - მიუგო ვეზირმა.

7.    ქორი, იხვი და კაკაბი

ერთმა ქორმა იხვი დაიჭირდა და ის იყო, შეჭმა დაუპირა, რომ ამ დროს ზევიდან მონადირისაგან შეშინებულმა კაკაბმა ჩამოუქროლა.

ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო. ამასობაში იხვმა დრო იხელთა, ბრჭყალებიდან დაუსხლტა და გაფრინდა.

ქორი ვეღარც კაკაბს დაეწია და ორივე დაკარგა.

8.    ძალა ერთობისა

იყო ერთი დიდებული მეფე, რომელსაც ოცდაათი ვაჟი ჰყავდა.

სიკვდილის წინ უხმო ვაჟებს და უბრძანა, ოცდაათი ისარი მომიტანეთო.

მათაც მოუტანეს.

მეფემ ისრები მაგრად შეკრა და გადაღუნა, მაგრამ ვერ გადატეხა.

მერე, სათითაოდ აიღო და ყველა დალეწა.

მიუბრუნდა შვილებს და უთხრა: თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მე წეღან ვერ გადავტეხე ისრების კონა; ხოლო თუ გაიყრებით, მტერი ისევე დაგლეწავთ, როგორც მე დავტეხე ისრები სათითაოდო.

9.    კარდაკარ მავალი სასიძო

ერთი ღარიბი კაცი გამდიდრდა და მისი ვაჟიშვილისთვის მდიდარი კაცის ქალი ითხოვა.

მდიდარმა იფიქრა: უარი რომ ვუთხრა, ვაითუ გადამემტეროს. მოდი, მიზეზს მოვუნახავ, იქნებ დავიხსნა თავიო, და ასეთი პირობა წაუყენა:

-თუ ეგ შენი შვილი გლახაკობას ისწავლის და ერთი წლის განმავლობაში კარდაკარ სამათხოვროდ ივლის, მიცემ ქალს, თუ არა და  - არა.

რაღა ექნა გამდიდრებული კაცის შვილს, დაიწყო კარდაკარ სიარული და მოწყალების თხოვნა.

წელიწადი რომ გასრულდა, გამდიდრებულმა ღარიბმა ისევ ითხოვა მდიდარი კაცის ქალიშვილი თავისი ვაჟისთვის. მდიდარმა უთხრა:

-         ახლა კი შენი შვილი მათხოვრობას უნდა შეეშვას! აბა, კარდაკარ მოწყალების მთხოვნელს ქალი როგორ მივცე?!

ვაჟმა ეს რომ გაიგო, შორს დაიჭირა: ერთწელიწადს ძლივს მისწავლია და ახლა როგორღა შევეშვაო?!

აი, ასე - ვაჟმა მათხოვრობა ვერ მოიშალა და მდიდარმაც ქალი აღარ მისცა. 

10. კატის გაზრდილი ლომი

ერთი კატა ტყე - ტყე დაიარებოდა.

ერთ დღესაც მკვდარ ძუ ლომს გადააწყდა, რომელსაც ბოკვერი დარჩენოდა. კატას შეეცოდა და წაიყვანა გასაზრდელად.

გაიზარდა ბოკვერი და ნადირობა დაიწყო. მოიტანდა ხოლმე ნანადირეს და გემრიელად შეექცეოდა.

ერთ დღესაც ვერაფერი მოინადირა და მშიერმა თავის გამზრდელ კატას დაუპირა შეჭმა.

კატა მიუხვდა განზრახვას, გაექცა ლომს და ხეზე აძვრა. ლომი ხის ძირში წამოუწვა და დათაფლული ხმით ასძახა.

-         ჩემო დედაზე უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნე რომ მასწავლე, ხეზე ასვლა რატომ არ მასწავლე?

-         ეს ხერხი, ჩემთვის შევინახე: ვიცოდი ეს დრო დამიდგებოდა და დამჭირდებოდა, - მიუგო კატამ. 



ანა ანუშიძე
20 მარტი, 2022 წ.









Saturday, March 19, 2022

პროექტული სწავლება - პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

 


პროექტული სწავლება
პროექტის დაგეგმვის და განხორციელების 

6 საფეხური

პროექტი არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული საქმიანობა, წინასწარ განსაზღვრული მიზნის მიღწევისთვის.  მნიშვნელოვანია თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ მასწავლებელი პროექტული სწავლა - სწავლების პროცესში ასრულებს კოორდინატორის, ექსპერტი, კონსულტანტის როლს. 

მაშ ასე, სასწავლო პროექტი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

I საფეხური: წინასწარი მოკვლევა და საჭიროებების ანალიზი;

განვსაზღვროთ ინტერესის სფეროები და პრობლემა. მაგალითად: თემში არსებული პრობლემები, საერთო საზოგადოებრივი პრობლემები, ზოგადი სახის პრობლემები, სოციალური პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები; პრობლემები სასკოლო კულტურაში და ა. შ.

ინტერესის სფეროსა და პრობლემის განსაზღვრის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა შინაარსის და ფორმის კითხვარები და აქტივობები, რომლებიც გამოკვეთს იმ საერთო ინტერესს რომელიც აქვთ მოსწავლეებს.

II საფეხური: მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;

პროექტის თემის შერჩევა და პრობლემის სწორად განსაზღვრა არის საქმიანობის დასაწყისი. ამის შემდეგ, იწყება ინფორმაციის შეგროვება შერჩეული პრობლემის  ირგვლივ.

ინფორმაციის მოძიების შემდეგ ვგეგმავთ აქტივობებს. ასევე, შეგვიძია შევქმნათ ჯგუფები და მათზე გდავანაწილოთ საქმიანობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია კოორდიაცია და პერიოდული შუალედური ინფორმირება ჯგუფებს შორის.

განსაზღვრეთ პროექტის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და დაგეგმეთ კონკრეტული ღონისძებები. დაგეგმვა პროექტის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს გულისხმობს პრობლემის ყველაზე ეფექტიანი გადაჭრისთვის საჭირო მოქმედებებისა და მათი თანმიმდევრობის განსაზღვრას.

პროექტის  მიზნების განსაზღვრის შემდეგ, საჭიროა დაადგინოთ მოსალოდნელი შედეგები ანუ რას უნდა მიაღწიოთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღინისძიებებით, რისი შეცვლა ან გაუმჯობესება გსურთ.  

მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისას, სასურველია დავადგინოთ ის რისკები რომლებსაც ჩენი პროექტის სრულყოფილად განხორციელების გზაზე ხელის შეშლა შეუძლია.  ამ ეტაპზე ეფექტიანი იქნება  მარტივი მატრიცები ანუ ცხრილები ააგოთ, სადაც გამოკვეთთ მოსალოდნელ შედეგებს და რისკებს;

ამ გზით, ერთ სიბრტყეზე თვალსაჩინოდ ნახავთ დაგეგმილ ღონისძიებებს/აქტივობებს და მარტივად გადაამოწმებთ შეესაბამება თუ არა ის პროექტის მიზნებს, მიმართულია თუ არა მოსალოდნელი შედეგების მიღწევისაკენ, გვეხმარება თუ არა რისკების აცილებაში, არის თუ არა დროში განსაზღვრული, გვეხმარება თუ არა ბენეფიციარების ჩართვაში, ვის შეიძლება მიმართოთ მისი შესრულების დროს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ყველა ორგანიზაციას აქვს საკუთარი ფორმა საპროექტო განაცხადის, თუმცა ნებისმიერი ფორმის შევსება მოითხოვს პროექტის წარმდგენის/წარმდგენებისგან შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდებას:  

1.      საინიციატივო განაცხადის თავფურცელი;

2.      ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის შესახებ;

3.      პრობლემის აღწერა;

4.      პროექტის მოკლე აღწერა;

5.      პროექტის ბენეფიციარები და გეოგრაფიული დაფარვა;

6.      პროექტის განხორციელების ვადები:

·         პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღი;

·         პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი;

7.      პროექტის მოსალოდნელი შედეგები;

8.      პროექტთან დაკავშირებული რისკები;

9.      ბიუჯეტი (თვეების მიხედვით გაწერილი);

10.  პროექტის აქტივობები და გრაფიკი;

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ რა მიზანი გაქვთ, რა შედეგი უნდა მიიღოთ, რა უნდა გააკეთოთ, ვინ უნდა ჩართოთ პროექტში და ვისთან ითანამშრომლობთ, რა რესურსი და ხარჯები (ბიუჯეტი) გჭირდებათ, რა დარო გჭირდებათ, ვინ არის თითოეულ აქტივობაზე პასუხისმგებელი - ამის შემდეგეს ყველაფერი ასახეთ ცხრილში.

III საფეხური: დაგეგმილი ქმედებების განხორციელება;

ამ ეტაპზე დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ხდება. არის აქტივობის/ქმედების 4 სახე:

1)      პირდაპირია ქმედება, როცა პრობლემის მოგვარების პროცესში თქვენ უშუალოდ ერთვები იმ ადამიანებთან/ბენეფიციარებთან ვის კეთილდღეობაზეც ზრუნავთ.

2)      არაპირდაპირია ქმედება, როცა თქვენ მოქმედებთ გარემოზე და საზოგადოებაზე, რაც საბოლოოდ განაპირობებს პრობლემის მოგვარებას/ვითარების გაუმჯობესებას.

3)      ადვოკატირებაა, როცა თქვენ ინფორმაციას აწვდით თემს/ბენეფიციარებს, თუ როგორი ქმედება/ინიციატივა/ქმედება დაეხმარება მათ პპრობლემის მოგვარებაში/ვითარების გაუმჯობესებაში. ცდილობთ ხმა მიაწვდინოთ პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელ პრირებს/უწყებებს/ორგანიზაციებს.

4)      კვლევაა, როცა პრობლემის მოგვარების/ვითარების გაუმჯობესების მიზნით ხდება ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება, დასკვნების გამოტანა.

IV საფეხური: რეფლექსია;

ვიდრე პროექტის შედეგებს გააცნობდეთ აუდიტორიას, მანამდე საჭიროა რეფლექსია ანუ განვლილი გზის გააზრება და მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება პრეზენტაცია.

გააზრებისთვის აუცილებელია, პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე იზრუნეთ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველი მასალის მოგროვებაზე და კლასიფიკაციაზე,  რომელსაც მოაწესრიგებთ და გააერთიანებთ პორტფოლიოში.

პორტფოლიო არის ერთგვარი საქაღალდე, ის აერთიანებს ყველაფერს რაც შერჩეულ თემას უკავშირდება.  ის უნდა შეიცავდეს ყოველგვარ თვალსაჩინო მასალას და ინფორმაციას.

პორტფოლიო შეიძლება იყოს როგორც ერთად შეკრებული მატერიალური მასალა, ისე  ინტერნეტპროდუქტი - ელექტრონულ სივრცეში, სადაც ანალოგიურად იქნება თავმოყრილი  ყველაფერი, რაც იძლევა ინფორმაციას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მაგ: ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა; წერილობით ჩანიშვნები; ნახატი; ნივთი; კითხვარები და მატრიცები; ინტერვიუები; პოსტერები; წერილები; განცხადებები; აფიშები; გადახდის ჩეკები; ქვითრები და სხვა.

პორტფოლიოს შექმნის შემდეგ, მნიშვნელოვანია ერთმაეთს გაუზიარეთ აზრები, შთაბეჭდილებები, დასკვნები იმის შესახებ თუ რა გააკეთეთ თქვენი პროექტის ფარგლებში მიზნის მიღწევისთვის.  იმსჯელეთ რისი გაკეთება შეძელით და რისი ვერა, დასვით შეკითხვა რატომ? ჰკითხეთ ერთმანეთს: რა ისწავლეთ, რა მოგეწონათ, რა სირთულეებს წააწყდით, ყველაზე მნიშვნელობანი რა გამოცდილება მიიღეთ, თავიდან რომ იწყებდეთ პროექტზე მუშაობას რას გააკეთებდით სხვაგვარად. ამ მიზნების მიღწევისთვის კლასში შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი სახის აქტივობები: საკლასო გამოკითხვა, იმნტერვიუირება, პერიოდული „საინფორმაციო გამოცემა“ ანალიტიკური კითხვარები, პრეზენტაციები, ონლაინ დისკუსიები, შემოქმედებითი აქტივობები. გამოიყენეთ ცხრილები.

V საფეხური: დემონსტრირება;

პრეზენტაციის გზით თქვენი მთავარი ამოცანაა მარტივად და ლაკონურად წარმოაჩინოთ თქვენი პროექტის მიზნები, თქვენს მიერ პროექტის განხორციელების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, შედეგები და დასკვნები.

ეფექტური პრეზენტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გზა, მაგ: შექმნათ PPT (Power Point) ბროშურა, ბუკლეტი, პოსტერი, გამოიყენოთ ისეთი ციფრული ინსტრუმენტები და ა.შ სასურველია ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი პრეზენტაცია გაამდიდროთ ფოტო, ვიდეო მასალით, სტატისტიკური მონაცემებით, თემატური კარიკატურებით. მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაცია იყოს მოკლე და ლაკონური, ნათლად აღსაქმელი აუდიტორიისთვის.

სასურველია პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობა მიიღოს აუდიტორიამ, ჩართეთ ბენეფიციარები, საკითხით დაინტერესებული პირები.

VI საფეხური: შეფასება;

გაიაზრეთ რა ისწავლეთ, რა გამოცდილება მიიღეთ, რა უნარ - ჩვევები გამოგიმუშავდათ, რამდენად მიაღწიეთ დასახულ მიზანს, როგორ აფასებენ ბენეფიციარები და პრობლემის მოგვარებით/ვითარების გაუმჯობესებით დაინტერესებული პირები.  შეაფასეთ როგორც საკუთარი, ისე პროექტის განხორციელებაში მონაწილე სხვა პირების/კლასელების საქმიანობა.  ამ პროცესში დიდ დახმარებას გაგიწევთ თვითშეფასების კითხვარები, რომლებიც გააერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, მაგალითად:

კითხვები თვითშეფასებისთვის:

1.     რა ისწავლეთ თქვენ და რა ისწავლა კლასმა  როგორც ერთმა გუნდმა, პროექტზე მუშაობისას?

2.      რა უნარ - ჩვევების გამომუშავებაში შეგიწყოთ ხელი ამ პროექტზე მუშაობამ?

3.      რა დადებითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობას?

4.      რა უარყოფითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობას?

5.      რა იყო თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

6.      რა იყო კლასის, როგორც ერთი გუნდის, ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

7.      რა გასწავლათ ამ პროექტმა?

8.      რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ამ პროექტზე მუშაობას?

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარე შეფასების დროს ფასდება პროექტის შედეგად შექმნილი მასალა, პროექტს კი აფასებენ პროექტით მოსარგებლეები და პრობლემით  დაინტერესებული პირები. გარე შეფასების მოსმენა და გაანალიზება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პროექტზე მომუშავეებს განვლილი გზის გაანალიზებასა და მომავალი პროექტების უკეთ დაგეგმვაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პრეზენტაციის დროს გამოვიყენოთ „ანონიმური ყუთი“, რომელშიც მოთავსდება: მოსაზრებები, რჩევები, რეკომენდაციები, იდეები სამომავლო საქმიანობის ჩამონათვალი. 

ანა ანუშიძე

20 მარტი, 2022 წ. 


ჩვენი საქართველო - სასწავლო პროექტი დაწყებითი კლასებისთვის

  ჩვენი საქართველო - სასწავლო პროექტი დაწყებითი კლასებისთვის ანა ანუშიძე 2 მაისი, 2024 წ.