Tuesday, September 26, 2023

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევები და იდეები მათი დაძლევისთვის

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი

მთავარი გამოწვევები და იდეები მათი დაძლევისთვის 

თანამედროვე სამყარო, ქმნის რა ცვალებად გარემოს მუდმივად მზარდი მოთხოვნებით, ტექნოლოგიური სიახლეებით და მრავალფეროვანი გამოწვევბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აიძულებს იყოს მოქნილი და პასუხობდეს მათი მთავარი სამიზნის, მოსწავლის, ინტერესებს, უზრუნველყოფდეს თითოეული მოსწავლის მხარდაჭერას პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის.

ამ მიზნით, საინტერესოა ევროკავშირის, ერთ - ერთი სტრუქტურის, ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად გაკეთებული დასკვნითი ანგარიში „ევროპული იდეები საუკეთესო სწავლებისთვის“. დასკვნაში საუბარია იმ გამოწვევებსა და მათი დაძლევის შესაძლო მიმართულებებზე, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ანგარიშში აქცენტირებულია შემდეგი მთავარი გამოწვევები:

ა) სკოლის, როგორც მსწავლელ საზოგადოების და სასწავლო ორგანიზაციის განვითარება;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;

გ) განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე  მოსწავლეთა  ჯგუფების მხარდაჭერა;

დ) ინოვაციების მხარდაჭერა;

ე) ერთიანი შეთანხმებული პოლიტიკისა და შესაბამისი ქმედებები;

ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევები, შეგვიძლია მივიჩნიოთ აქტუალურად არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვივს. მოდით ვრცლად გავეცნოთ მათ თავისებურებებს.

სკოლის, როგორც მსწავლელ საზოგადოების და სასწავლო ორგანიზაციის განვითარება

ამ მიმართულებით, აღნიშნულია რომ სწავლა - სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას უნდა ახორციელებდეს სკოლა, ერთი მხრივ, საკუთარი და სხვა სკოლების გამოცდილების გააზრებით და დასკვნების გამოტანით,  მეორე მხრივ კი ეროვნულ დონეზე აღიარებული სტანდარტების და ჩარჩოების შესაბამისად.

იმ სკოლებში, რომლებიც საკუთარი მოსწავლეების შედეგებით ადასტურებენ რომ ადეკვატურად უმკლავდებიან მათ წინაშე მდგარ ამოცანებს, გარე შემმოწმებელი კომისია ხუთ წელიწადში ერთხელ ესტუმრება, რათა დაადასტუროს შედეგების ადეკვატურობა.  ხოლო, სკოლებში, რომლებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან, რომ ვერ გაართმევენ თავს მათ წინაშე მდგარ ამოცანებს და მათი მოსწავლეები არადამაკმოყოფილებელ შედეგებს აჩვენებენ, გარე შემმოწმებელი კომისია ყოველწლიურად ეწვევა, არსებული სურათის შესასწავლად და შესაბამისი მხარდაჭერის მიზნით საჭირო რეკომენდაციების შესამუშავებლად და მისაწოდებლად. აქვე აღნიშნულია, რომ სკოლა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და უმჯობესდებოდეს მოსწავლეთა შედეგები, თუ ასე არ ხდება და შეინიშნება სტაგნაცია, ამ შემთხვევაშიც გარე შემმოწმებელი კომისია შეიმუშავებს და მიაწვდის შესაბამის რეკომენდაციებს, თუ როგორ შეუძლია სკოლას, დაეხმაროს მოსწავლეებს მათი  შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებაში.

შესაბამისად, სწავლა - სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, მიჩნეულია სასკოლო საზოგადოების,  როგორც მსწავლელი საზოგადოების და სკოლის როგორც, სასწავლო ორგანიზაციის განვითარებისთვის საუკეთესო გზად.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასწავლებელბის მომზადებას, ვიდრე ისინი შეუდგებოდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას საკლასო სივრცეებში და ამისთვის სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები და კურსები მზადდება, მასწავლებლისთვის სათანადო უნარების განვითარაება მაინც გამოწვევად რჩება. პერიოდულად განხორციელებული კვლევები აჩვენებენ, რომ თავად მასწავლებლები არიან უკმაყოფილოები იმ მომზადების ხარისხით რაც მათ აქვთ, რადგან უჭირთ იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებსაც აწყდებიან სკოლებსა და საკლასო სივრცეებში სწავლა - სწავლების პროცესში. ამ გამოწვევის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური პროგრამების/ტრენინგების/ვორქშოფების/საზაფხულო პროფესიული სკოლების შეთავაზებით.

შესაბამისად, მასწავლებლის პროფეიული განვითარების მხარდაჭერა სკოლის შიგნით, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ორგანიზებული სხვადასხვა აქტივობით, გამოცდილების გაზიარებით, ეფექტიანი უკუკავშირების გაცვლით, მიჩნეულია მასწავლებლის პროფესიული ზრდის ერთ - ერთ მთავარ გზად.

განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე  მოსწავლეთა  ჯგუფების მხარდაჭერა

დასკვნაში საუბარია, რომ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი ერთ - ერთი მთავარი გამოწვევა უკავშირდება მიგრანტებისა და მათი შვილების, როგორც განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე მსწავლელებისთვის სათანადო მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღნიშნავენ, რომ მათ არ ყოფნით რესურსი და გამოცდილება და ვერ აკმაყოფილებენ მიგრანტი ბავშვების ენობრივ და სოციალურ საჭიროებებს. აღნიშნული პრობლემის დაუძლევლობა კი იწვევს მნიშვნელოვან განსხვავებებს აკადემიური მოსწრების მიმართულებით მიგრანტ და ადგილობრივ მოსწავლეებს შორის.

განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოსწავლეთა სრული ინტეგრირება სასკოლო საზოგადოებაში, ლოგიკურია რომ მოაზრებულია სტაბილური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს მდგრადობის შენარჩუნების გზად, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამისთვის დღის წესრიგში დგება დამატებითი მატერიალური სახსრების მოძიება და დრო რომ მასწავლებლების მომზადება მოხდეს, სულ მცირე ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით.

ინოვაციების მხარდაჭერა

ბალანსი სტაბილურობასა და მოქნილობას შორის, რამაც უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისთვის კიდევ ერთი მთავარი გამოწვევაა. განათლების სისტემა, ერთი მხრივ, საჭიროებს ნათელ, მკაფიო ხედვებს, პოლიტიკის დოკუმენტებს, სტანდარტებს... და მეორე მხრივ, მუდმივ სიახლეებს, რეფორმის უწყვეტ პროცესს.

ბუნებრივია, რომ სიახლეები მთავარი გამოწვევაა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის, რთულია მაგრამ აუცილებლად გასააზრებელია, რომ საჭიროა მუდმივი სიახლე, მოქნილობა და ადაპტირება იმ გარემოსთან რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მუდმივად ვითარდება და გვიბიძგებს განვითარებისკენ.

იმისთვის, რომ რეფორმის უწყვეტ პროცესს ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოებებისგან აუცილებელია, მათ ამის საჭიროება ნათლად დაინახონ და თავადაც იღებდნენ მასში მონაწილეობას.

ერთიანი, შეთანხმებული პოლიტიკა და შესაბამისი ქმედებები

ერთი მხრივ, აუცილებელია საერთო ხედვების, ფასეულობების,  სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა - გააზრება - გათავისება, რაც თავის თავში მოიცავს შესაბამისი ამოცანების დასახვას, რომელთა მიღწევისთვისაც სამინისტროსაც და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აქვთ შეზღუდული ბიუჯეტი, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭირო ინვესტიციების მოძიება, შესაბამისი ინტერესთა ჯგუფების დაინტერესება და მათი მოტივირება ინვესტიციების განხორციელებისთვის.

შეთანხმებული პოლიტიკა, მათ შორის სხვადასხვა გამოწვევის დაძლევისთვის, პროცესების ინკლუზიურობა ზრდის იმის განცდას, რომ მონაწილე და გამზიარებელი ხარ იმ ხედვების, ღირებულებების, პოლიტიკის რომელიც ეხმარება განათლების სისტემას იყოს მორგებული და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. ბიზნეს სექტორის მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლის მიზანიც ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება კვალიფიციური კადრების მზარდი რაოდენობის ჩამოყალიბებას, რაც ასევე, ბიზნეს სექტორის ინტერესებშია. ბიზნესის წარმომადგენლების პროცესებში მონაწილეობა და პასუხისმგებლობის გაზიარება უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიანად წარმართვას.

დოკუმენტი მთლიანობაში მეტად საინტერესოა, გვაცნობს ცალკეული ქვეყნების განათლების სისტემების თავისებურებებს და გვიზიარებს თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.

სრული დოკუმენტის გასაცნობად იხ. ბმული: https://www.schooleducationgateway.eu/downloads/Governance/2018-wgs6-Full-Final-Output.pdf 

26 სექტემბერი 2023 წ.

ანა ანუშიძე


Wednesday, September 20, 2023

მენტორი მასწავლებელი და მენტორინგის ფორმები

 


მენტორი მასწავლებელი 
და 
მენტორინგის ფორმები

მენტორი მასწავლებელი - უმაღლესი სტატუსი მქონე მასწავლებელია, რომელიც ფლობს შესაბამის კომპეტენციებს  და მასზე დაკისრებული ვალდებულებების ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესში განხორციელებისთვის იყენებს მენტორინგის სხვადასხვა ფორმას.  

მოდით პირველ რიგში აღვნიშნოთ ის კომპეტენციები და ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია მენტორი მასწავლებლისთვის, შემდეგ კი გავეცნოთ მენტორინგის განხორციელების ყველაზე პოპულარულ ფორმებს.

მაშ ასე, მენტორი მასწავლებლის კომპეტენციები:

ა) ფლობდეს და იყენებდეს სკოლის საჭიროებების დადგენის სხვადასხვა მეთოდოლოგიას;

ბ) ჰქონდეს ანალიტიკური, კვლევითი უნარები და სტრატეგიული ხედვა; 

გ) შეეძლოს სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით;

დ) ჰქონდეს კვლევითი უნარები: შეეძლოს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შეეძლოს მოიძიოს ინფორმაცია სხვადსხვა საერთაშორისო თუ უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, ასევე გლობალური პროექტების შესახებ.

ე) შეეძლოს თანამშრომლობის მიზნის განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე;

ვ) შეეძლოს ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის, ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას;

ზ) შეეძლოს საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება;

თ) ჰქონდეს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს სკოლის ინტერესები;

ი) ჰქონდეს კარგად განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები.

ზემოთ აღნიშნულ კომპეტენციებს კი უნდა იყენებდეს შემდეგი ვალდებულებების შესრულებისთვის:

ა) დაადგინოს მასწავლებელთა საჭიროებები და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმოს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგია.

ბ) შეიმუშაოს რეკომენდაციები ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გ) დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება მენტორინგის განხორციელების მრავალფეროვან ფორმებსა და გზებს, ქვემოთ წარმოდგენილია თხუთმეტამდე მათგანი.

(ა) ერთი მენტორი - ერთი მსმენელი - მენტორინგის ფორმატი, რომელიც მენტორს შესაძლებლობას აძლევს მენტორინგის პროცესი მაქსიმალურად მოარგოს მსმენელის შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ამ ფორმატის შედეგად მსმენელი ღებულობს მეტ მხარდაჭერას სხვა ფორმატებთან შედარებით. 



(ბ) ჯგუფის/გუნდის მენტორინგი - ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს განსხვავებული პროფესიული საჭიროებების მქონე წევრებისგან. აღნიშნული ფორმატის მენტორინგის პროცესი საშუალებას აძლევს ჯგუფის წევრებს გამოხატონ და გაუზიარონ ერთმანეთს განსხვავებული გამოცდილებები, მენტორინგის შედეგად კი მიიღონ ის ცოდნა/გამოცდილება/გადაწყვეტილება/სამოქმედო გეგმა, რაც მთელი ჯგუფის/გუნდის/ორგანიზაციისთვის არის მნიშვნელოვანი.

 


(გ) ტრადიციული ფორმის მენტორინგი - ამ შემთხვევაში, მენტორი არის მსმენელების უფროსი (სტატუსით/გამოცდილებით/ორგანიზაციაში დაკავებული პოზიციით), განსაკუთრებული უნარების, ცოდნის და გამოცდილების მქონე პროფესიონალი. მენტორი ასრულებს  გზამკვლევის, გიდის როლს მსმენელებისთვის.

 


(დ) არაფორმალური მენტორინგი - გამოირჩევა უშუალო და მეგრობრული ატმოსფეროთი, ამ შემთხვევაში მენტორი არის ის პიროვნება, რომელიც ზრუნავს და მხარს გიჭერთ განვითარების გზაზე.

 


(ე) კომპეტენციაზე დაფუძნებული მენტორინგი - ეს მიდგომა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს სოციალური და ტექნიკური სიახლეების გაცნობა - დანერგვას მოკლე პერიოდის დროით მონაკვეთში.

 


(ვ)  სტრესის დაძლევაზე ორიენტირებული მენტორინგი - მენტორინგის ამ ფორმის მიზანია დასაქმებულები უზრუნველყოს საჭირო ტექნიკების ცოდნით, რაც მათ სტრესთან და სხვა გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. ის უკავშირდება როგორც პროფესიულ ისე პიროვნულ საკითხებს, რამაც შესაძლოა სხვადასხვაგვარი გავლენა იქონიოს მუშაობის ხარისხზე და მთლიანად ორგანიზაციული კულტურასა და სამუშაო ატმოსფეროზე.

 


(ზ) ვირტუალური მენტორინგი - მენტორინგის ყველა სხვა ფორმაზე უფრო პოპულარული და მოქნილი ფორმა, რომელმაც აქტუალურობა შეიძინა COVID-19 პანდემიის დროს და დარჩა ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ყველაზე მოქნილი გზა მიიღონ მენტორის მხარდაჭერა სასურველ დროს.

 


(თ) ფლეშ მენტორინგი - როგორც წესი, მენტორინგის ეს ფორმა გულისხმობს ერთი შეხვედრის ორგანიზებას, მკვეთრად გამოკვეთილი კონკრეტული მიზნით.

 


(ი) რევერსული მენტორინგი - რევერსული მენტორინგის პროგრამა საუკეთესოა კარიერული განვითარებისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს აზრების, უნარების, ცოდნის, გამოცდილების გაცვლას, გაზიარებას. ის გავს ცოდნაზე დაფუძნებულ ურთიერთობას რომლის შედეგადაც ყველა მხარე პროფესიულად იზრდება. განსაკუთრებით ეფექტიანია სხვადასხვა თაობის სპეციალისტების პროფესიული დაახლოებისთვის.

(კ) შთაგონებაზე დაფუძნებული მენტორინგი - ამ შემთხვევაში მენტორი არის როლური მოდელი მსმენელი/მსმენელებისთვის. ასეთი მენტორისგან სწავლობენ მასზე დაკვირვების გზით. მსმენელები ისწავლიან როგორ შეიძლება გამკლავება სხვადასხვაგვარ რთულ სიტუაციასთან.

 

(ლ) ფუნქციათა მკვეთი მენტორინგი - მენტორი, შეიძლება იყოს სხვა დეპარტამენტემის/კათედრის/სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს მენტორინგის საკითხს სხვადასხვა პერსპექტივიდან და აჩვენებს გადაწყვეტილებების ახალ გზებს.

 

(მ) იდენტობაზე დაფუძნებული მენტორინგი - მენტორინგის ეს ფორმა აქცენტს აკეთებს თითოეულ დასაქმებულზე, პროფესიონალზე როგორც ინდივიდზე, უნიკალური გამოცდილებით, კულტურით, იდენტობით, თვისებებით. ის უზრუნველყოფს ჯანსაღი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში.

 


(ნ) პარასოციალური მენტორინგი - ამ ტიპის მენტორი შეიძლება იყოს  YouTube არხის მქონე ან ბლოგერი, ან ინფლუენსერი რომელიმე სხვა სოციალური ქსელში, რომელიც ქმნის შესაბამის შინაარსს, პოსტების, ბლოგების, ვიდეო რგოლების სახით. ისინი ყვებიან რთულ სიტუაციებზე და მათგან დაძლევის გზებზე,  რომლებიც იყო მათი ან მათი ახლობლების ცხოვრებაში, ასევე ქმნიან სივრცეებს, სადაც შეიძლება გამოხმაურება და აზრთა გაზიარება.

 


(ო) თანასწორ პროფესიონალთა მენტორინგი მოგვაგონებს ქოუჩინგის პროცესს - ამ შემთხვევაში, მენტორი არ არის მსმენელის/მსმენელების უფროსი. მენტორინგის პროცესი შეიძლება წარმართოს იმავე პოზიციის/თანამდებობის/სტატუსის მქონე პროფესიონალმა, რომელი სტატუსიც/თანამდებობაც/პოზიციაც უკავიათ მსმენელლებს.

 


(პ) საკითხზე დაფუძნებული მენტორინგი - მენტორინგის აღნიშნული ფორმა გულისხმობს კონკრეტულ საკითხზე ან პრობლემის მოგვარებისთვის, მენტორის მხრიდან საჭირო გამოცდილლების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას.

 


რომ შევაჯამოთ, მენტორინგს შეუძლია გააუმჯობესოს საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც ორგანიზაციის მუშაობა ყველა ასპექტის მიმართულებით. ამ პროცესით სარგებელს იღებს მისი თითოეული მონაწილე, ამიტომ დიდი ფუფუნებაა, როდესაც ორგანიზაციას ჰყავს მენტორები საკუთარ გუნდში, რადგან ამ შემთხვევაში, მათ მოწვეული მენტორებისგან განსხვავებით იციან ორგანიზაციული კულტურის თავისებურებები და საჭიროებები, შედეგად კი მენტორინგის ფორმატი გაცილებით ეფექტიანია.

   ანა ანუშიძე

20, სექტემბერი 2023 წ.

იხ. წყაროები და სასარგებლო ბმულები:

https://hr.ucdavis.edu/departments/learning/toolkits/mentoring/types

https://guider-ai.com/blog/types-of-mentoring/

https://www.togetherplatform.com/blog/different-types-of-mentoring-and-their-uses

https://www.mentorcliq.com/blog/7-types-of-mentors

https://www.nibusinessinfo.co.uk/content/mentoring-types

Sunday, September 3, 2023

თამაშით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის და შესაბამისად სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდისთვის

 

თამაშით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის და შესაბამისად სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდისთვის

შესავალი

სტატია ეფუძნება ჩემს  მიერ 2019 - 2020 წელს განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის (თემა: აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში) და 2021 – 2022 წლებში განხორციელებული სკოლის საჭიროების კვლევის (თემა: სკოლის საჭიროების კვლევა, თემა: ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პოზიტიური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები) შედეგებს და მიზნად ისახავს ერთ - ერთი მთავარი, ემპირიულად დადასტურებული სტრატეგიის - თამაშით სწავლების მნიშვნელობის გაზიარებას მოსწავლეთა მოტივაციის და შესაბამისად, სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდისთვის. 

პროცესის მოკლე აღწერა და შედეგები

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტატიის ძირითად ნაწილში რამდენიმე განსხვავებული ფორმატის სასწავლო რესურსის მოდიფიცირების გზებისა და გამოყენების ეფექტიანობის შესახებ გავამახვილებ ყურადღებას. ესენია: ფაზლები, კროსვორდები, საინფორმაციო ბარათები და ინფოგრაფიკები.

როგორც დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს, „პირველად, სწორედ თამაშის დროს უჩნდება ბავშვს სამყაროსთან და თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება“. ასევე ადასტურებს ჯონ დიუი, რომ „თამაში მიუთითებს ბავშვის გონებრივ აქტივობაზე, თამაში არის ბავშვის ყველა ძალის, აზრის და ფიზიკური აქტივობის გავარჯიშება“, მართლაც, თამაში იწვევს სწავლა - სწავლების პროცესში, მოსწავლის აფექტურ (ემოციურ) სფეროს ჩართვას, რაც ხელს უწყობს თვითგამოხატვას და უზრუნველყოფს სამყაროს შემეცნებას. ჩემს მიერ შექმნილი და სხვადასხვა საგანსა და საფეხურზე გამოყენებული სასწავლო რესურსები: ფაზლები, კროსვორდები, საინფორმაციო ბარათები და ინფოგრაფიკები თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს, ერთი მხრივ, თავად შექმნას ეფექტიანი და ბიუჯეტური სასწავლო რესურსები და გამოიყენოს სამიზნე ცნებების სიღრმისეული დამუშავებისთვის თითოეული თემის ფარგლებში, მეორე მხრივ კი, ასწავლოს საკუთარ მოსწავლეებს სასწავლო რესურსების შექმნის და მოდიფიცირების თავისებურებები და კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტიანი გახადოს მოსწავლის, როგორც საკუთარი სასწავლო რესურსის შემქმნელი და სწავლა - სწავლების პროცესის მთავარი და პასუხისმგებლიანი მონაწილის როლი.

განხორციელების პროცესთან დაკავშირებით აღვნიშნავ, ჩემი და კოლეგების პრაქტიკიდან ყველაზე ეფექტიანი სცენარის თანახმად, რომ მოსწავლეთა მოტივაციას განსაკუთრებით აუმჯობესებს სასწავლო რესურსის დამზადების დეტალური ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს (პარალელური კლასის მოსწავლეებს ან ერთი კლასის შემთხვევაში ჯგუფებად გაერთიანებულ მოსწავლეებს) შევთავაზოთ შესაბამისი რესურსების დამზადება, შემდეგ კი მაგ. A ჯგუფის/კლასის მოსწავლეების მიერ დამზადებული რესურსი, შესავსებად, ან ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისთვის გადავცეთ B ჯგუფის/კლასის მოსწავლეებს. ასევე რესურსების გამოყენების შემდეგ შეფასების პროცესში კვლავ ჩავრთოთ მოსწავლეები იგივე პრინციპით. ანუ, B ჯგუფის მიერ შევსებული, A ჯგუფის მიერ დამზადებული კროსვორდი, ისევ A ჯგუფის წევრმა მოსწავლეებმა შეაფასონ, თავის მხრივ კროსვორდის, როგორც რესურსის შეფასება, წინასწარ ერთობლივად შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით მოახდინონ B ჯგუფის მოსწავლეებმა.

ქვემოთ აღვნიშნავ რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან უპირატესობას აღნიშნული ტიპის რესურსების დამზადებისა და გამოყენების მიმართულებით:

·         შეგვიძლია დავამზადოთ ფაზლების, საინფორმაციო ბარათების, კროსვორდებისა და ინფოგრაფიკების, როგორც ციფრული, ისე ხელნაკეთი ვერსიები. 

·         შეგვიძლია დავამზადოთ თავად, კოლეგების ჩართულობით, მოსწავლეებთან ერთად და ასევე ვასწავლოთ მოსწავლეებს დამზადების ტექნიკები და შემდეგ უკვე თავად დაამზადონ სასწავლო რესურსები დამოუკიდებლად.

·         მოცემული სასწავლო რესურსები არის ყველაზე ბიუჯეტური და მრავალჯერადად გამოყენებადი.

·         საშუალებას იძლევა უნივერსალური დიზაინის შექმნისა და დეფერენცირებული მიდგომის გამოყენების ჭრილში, მოვარგოთ მოსწავლეების სხვადასხვა ინტერესებს, შესაძლებლობასა და საჭიროებს.

·         გამოვიყენოთ ინდივიდუალური, წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში მუშაობის დროს, როგორც სხვადასხვა თემის დამუშავების პროცესში ისე გახსენება - შეჯამებისთვის.

·         აღნიშნული რესურსების გამოყენება შეგვიძლია ყველა საგანში და სამივე საფეხურზე.

რომ შევაჯამოთ, თამაშით სწავლებისთვის საჭირო, თითოეული მოსწავლის ინტერესებზე, შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე მორგებული, ბიუჯეტური (ციფრული და ხელნაკეთი) მრავალჯერადად გამოყენებადი სასწავლო რესურსების შექმნა შეგვიძლია ყველა საგანში, სამივე საფეხურზე, სწავლა - სწავლების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე დასახული მიზნების მიღწევისთვის.

თამაშის (ფაზლების, კროსვორდების, საინფორმაციო ბარათების, კროსვორდების შექმნა, ამოხსნა/შევსება და ინსტრუქციისამებრ გამოყენება) ზრდის მოსწავლეთა სწავლა - სწავლების პროცესში ჩართულობის ხარისხს და ეფექტიანს ხდის პროცესს, შედეგად უმჯობესდება მოსწავლეების დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნების მაჩვენებლები.

დასკვნა

სტატიის ფარგლებში გავაზიარე რამდენიმე ფორმატის სასწავლო რესურსის, მათი მოდიფიცირების გზები და გამოყენების მეთოდები, რაც თანაბრად გამოსადეგია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის ფარგლებში, სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის ზრდისთვის სამივე საფეხურზე. სტატიას, გამოყენებული ლიტერატურის და სასარგებლო ბმულების სახით თან ვურთავ იმ ინფორმაციას, რომლის გამოყენებითაც დაინტერესებული პირები შეძლებენ, სიღრმისეულად გაეცნონ როგორც შესაბამის კვლევებს, ისე ინსტრუქციებს თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა რესურსის დამზადება და ეფექტიანად გამოყენება.

გამოყენებული ლიტერატურა

·         პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თემა: აქტიური და მრავალფეროვანი სწავლა - სწავლების მეთოდების გამოყენება ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში, ანა ანუშიძე, 2020 წ, იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=Z4oZ69rC424&t=28s

·         სკოლის საჭიროების კვლევა, თემა: ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პოზიტიური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებისთვის საჭირო პრაქტიკული მეთოდები და აქტივობები, ანა ანუშიძე, 2022 წ, იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=iys4CKNwG3M&t=9s

·         „მშობლის როლი სწავლა - სწავლების პროცესში“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/03/

·         სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში, როგორ შევქმნათ პოზიტიური სასკოლო კულტურა?“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული

https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post.html

·         განმავითარებელი, მომავალზე ორიენტირებული, შეფასება“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/04/blog-post_21.html

·         როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტიანად“ , ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post.html

·         როგორ განვივითაროთ ახსნის უნარი, მარტივი სავარჯიშოები“, ანა ანუშიძე,  იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_24.html

·         რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე“, ანა ანუშიძე,  იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/05/blog-post_28.html

·         განმავითარებელი შეფასება“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2021/12/blog-post.html

·         „10 მთავარი გამოწვევა სკოლებისთვის მთელს მსოფლიოში“, ანა ანუშიძე, იხ. ბმული https://aducation2021.blogspot.com/2022/02/10.html

·         „15 საერთო საკლასო აქტივობა, რომლის განხორციელებაც 5 წუთამდე დროით

·         მონაკვეთში შეგვიძლია და დაგვეხმარება შუალედური და გრძელვადიანი მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“, ანა ანუშიძე,  იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=1hgTNoe3Vcg&t=797s   

·         „ხუთი ციფრული საგანმანათლებლო პროდუქტი, შუალედური და გრძელვადიანი სასწავლო მიზნის/მიზნების მიღწევისთვის“, ანა ანუშიძე,  იხ. ბმული https://www.youtube.com/watch?v=7ysP_2FvKHA&t=32s 

ანა ანუშიძე

3 სექტემბერი, 2023 წ.

ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...