Thursday, June 17, 2021

გენდერული თანასწორობა

 


გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა, ნამდვილად არის ერთ - ერთი აქტუალური და ჯერ მიუღწეველი, მაგრამ სასურველი შედეგი.

თავის მხრივ, გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის პირველ რიგში საზოგადოებრივი შეთანხმებაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება ის.

მაშ ასე, გენდერული თანასწორობა ღირებულებაა, რაც განსხვავებული სქესის ადამიანების შესაძლებლობების, საჭიროებების, ინტერესების, საქმიანობის სტერეოტიპების  გარეშე, ობიექტურ შეფასებას ნიშნავს.

როგორც ყველა სხვა ღირებულება, მათ რიცხვში, გენდერული თანასწორობაც ცნობიერების ეტაპობრივი, მაგრამ თანმიმდევრული გაფართოების და განვითარების გზით შეიძლება შეიძინოს ადამიანმა. როგორც აღვნიშნეთ, ღირებულების დასწავლა შეუძლებელია, ამიტომ გენდერული თანასწორობის დაცვა სხვადასხვა სფეროში და ყოველდღიურ ცხოვრებაში გენდერულად სამართლიანი, მაგრამ არა დამამცირებელი მეთოდებით უნდა მოხდეს.

მაგალითად, თუ ჩვენ ხელოვნურ კვოტებს დავაწესებთ ნებისმიერ სამსახურში და ამ გზით ვეცდებით „აღვადგინოთ“ გენდერული თანასწორობა, ეს არა თუ არ შეუწყობს ხელს გენდერული თანასწორობის აღდგენას, არამედ პირიქით,  გამოიწვევს უსამართლობის განცდას და გენდერული თანასწორობის ღირებულების მიმართ უარყოფითი განწყობების გავრცელებას.

წარმოვიდგინოთ, გასაუბრებაზე მხოლოდ იმიტომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას რომ საჭირო იყო გენდერულად დაბალანსებული გუნდის შექმნა და „გენდერული თანასწორობის“ იდეით არ აგვიყვანეს სამსახურში.  ან, წარმოვიდგინოთ, რომ გასაუბრებაზე მხოლოდ იმიტომ მოგვენიჭა უპირატესობა სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რომ ჩვენი სამსახურში აყვანით „გენდერული თანასწორობა“ აღდგა.  თუ პირველ შემთხვევაში უარყოფითი შედეგი ჩვენში საშინელი უსამართლობის განცდას იწვევს, მეორე შემთხვევაში დადებითი შედეგი ჩვენში არა ნაკლებ საშინელ, არასრულფასოვნების განცდას გამოიწვევს. შესაბამისად, ასეთი მიდგომით, გენდერული თანასწორობის აღდგენის ნაცვლად, ამ უმნიშვნელოვანესი ღირებულების მიმართ  უარყოფითი აზრის ფორმირებას შევუწყობთ ხელს.

სად არის გამოსავალი? როგორ მოვიქცეთ თუ გვინდა ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პროფესიაში გენდერულ თანასწორობას?

დიახ, სწორედ რომ გენდერული თანასწორობა და არა მექანიკური ბალანსი!

გენდერული ბალანსის მიღწევის მიზნით გადაწყვეტილებების მიღება  ისეთივე უსამართლობაა, როგორც გენდერული უთანასწორობა.

საუკეთესო გამოსავალი  და რეალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის დაცვის საუკეთესო გზა ზოგადი ობიექტური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობაა. გვჭირდება პროფესიონალი, შესაბამისი განათლების, უნარების, გამოცდილების, დამოკიდებულებების მქონე კადრი? მაშინ, სწორედ ეს იყოს მთავარი კრიტერიუმები გადაწყვეტილების მიღების დროს და არა ის, თუ რომელი სქესის ადამიანებია საჭირო კონკრეტულ პროფესიაში ან სამსახურში იმისთვის, რომ გენდერული ბალანსი აღდგეს.

ანა ანუშიძე

17 ივნისი, 2021წელი


Wednesday, June 16, 2021

კონკურსი

 


კონკურსი

მოტივაცია VS დემოტივაცია

ყოველთვის, როდესაც ვსვამთ კითხვას თუ რატომ არ მიდის საქმე კარგად ამა თუ იმ სფეროში, რეალურად, პასუხი უნდა გავცეთ კითხვას რამდენად ხშირად ვართ ობიექტურები და სამართლიანები.

სრულიად მცდარია მოსაზრება, იმასთან დაკაშრებით, რომ შინაგანი მოტივაცია არ საჭიროებს გარეგანი განმამტკიცებლებით მხარდაჭერას.  ეფექტიანი, გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის, აუცილებელია შინაგანი მოტივაციის მხარდაჭერა, სულ მცირე, იმის აღიარებით, რომ შინაგანი მოტივაციით დამუხტული მოსწავლე, მასწავლებელი, მანდატური, მშობელი, დირექტორი და შესაბამისად მათი დაუღალავი, ეფექტიანი და კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომა გვჭირდება და შესაბამისად აღიარებულია საზოგადოების მიერ. 

სხვადასხვა შინაარსის და მასშტაბის კონკურსები, ჩემპიონატები, შეჯიბრებები სწორედ შინაგანი მოტივაციის გაღვივებისა და განმტკიცებისთვის არის შექმნილი. ამასთან, კონკურსებს აქვთ საკუთარი მიზნები, კრიტერიუმები, გზავნილები, მაგალითად: პოპულარიზაცია, ბიზნესის მხარდაჭერა, ფინანსური სარგებელის მიღება და სხვა მრავალი... იმისთვის, რომ კონკურსმა დანიშნულება გაამართლოს და ხელს უწყობდეს, როგორც სფეროს, ისე ცალკეული პიროვნებების და საზოგადოების განვითარებას, აუცილებელია კონკურსების  მაქსიმალური გამჭვირვალობა.

ყველაზე დიდი დემოტივატორი გაუმჭვირვალე დაუსაბუთებელი რეზულტატებია. რაც არა მხოლოდ კონკრეტული მონაწილის დემოტივაციას იწვევს, არამედ ზოგადად კონკურსების მიმართ ნერგავს ნიჰილისტურ განწყობას.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ობიექტური უკუკავშირის მნიშვნელობაზე და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები, ეს უნდა იყოს რეალობა ყველა კონკურსის, გასაუბრების, შეჯიბრის ლოგიკური დასასრული, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც კონკურსს გაცხადებული აქვს არა კომერციული არამედ საზოგადოებრივი მიზნები.

ცხადია, სრული გულუბრყვილობა და გამოცდილების უქოლობაა მოლოდინი ან მოთხოვნა სრული გამჭვირვალობის ან სამართლიანობისა რომელიმე კონკურსისგან, მაგრამ, მეტნაკლები ობიექტურობის დაცვა მაინც მნიშვნელოვანია, კონკურსების მიმართ ზოგადი ნიჰილისტური განწყობის თავიდან ასაცილებლად.

მაშ ასე, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ  კონკურსების მიმართ სანდოობა გაიზარდოს და ჭეშმარიტად საზოგადოებრივი სიკითის მოტანა შეძლოს რომელიმე სფეროში?

უნდა იყოს გაცხადებული:

1)      რა მიზანს  ემსახურება კონკურსი;

2)      ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება;

3)      როგორ უნდა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულმა პირმა;

4)      რა კრიტერიუმებით და როგორ შეფასდება კონკურსანტი სხვადასხვა ეტაპზე;

5)      ვინ აფასებს კონკურსანტს, ჟიურის თითოეული წევრის შესახებ მოკლე ინფორმაციის მითითებით;

6)      ვინ აფინანსებს კონკურსს;

7)      კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, აპლიკაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

8)      კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

9)      ყველა კონკურსანტს, თითოეულ შემდეგ ეტაპზე უნდა მიეწოდოს დროული და ეფექტიანი უკუკავშირი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული კონკურსანტის სამომავლო განვითარებისთვის. გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით და სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია დაარსდეს კონკურსები სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მანდატურებისთვის და დირექტორებისთვის. 

თითოეული კონკურსის მთავარი მიზანი იყოს ერთი მხრივ,  თანამშორმლობა სკოლის შიგნით სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის,  მეორე მხრივ კი თანამშორმლობის დაწყება და განმტკიცება სკოლებს შორის. ამ ტიპის საქმიანი თანამშრომლობის დამყარების შედეგად გაჩნდება შესაძლბელობების ახალი პლატფორმა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის  თვითრეალიზაციის, ინიციატივების გამოვლენის, ასევე ხედვების, რესურსების და გამოცდილებების გაზიარებისთვის.

ანა ანუშიძე

16 ივნისი 2021 წელი


Monday, June 7, 2021

კლასის ხელმძღვანელი

 


კლასის ხელმძღვანელი

კლასის ხელმძღვანელი, როგორც კლასის ლიდერი მასწავლებელი, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს, მონიტორინგს უწევს ყოველდღიური სწავლა - სწავლების პროცესს და პროცესის შედეგებს. ამასთან, ზრუნავს კლასში ეფექტიანი საკლასო კულტურისა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე. ამ მიზნით, თანამშრომლობს მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და კლასის ყველა მასწავლებელთან. პერიოდულად ახდენს შეხვედრების ორგანიზებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან.

სწორედ კლასის ხელმძღვანელის ეფექტიან მუშაობაზეა დამოკიდებული როგორი საკლასო კულტურა და სასწავლო გარემო ჩამოყალიბდება კლასში, რაც განაპირობებს კიდეც კლასში სხვადასხვა ტიპის რთული ქცევის პრევენციას.

კლასის ხელმძრვანელის პასუხისმგებლობაა თუ როგორ თანამშრომლობენ კლასში მოღვაწე მასწავლებლები ერთმანეთთან, რამდენად ხშირი და შედეგზე ორიენტირებულია კლასის ხელმძღვანელის ლიდერობით ორგანიზებული მასწვლებელთა სამუშაო შეხვედრები.

მთავარი პასუხისმგებლობა მოსწავლეების სასკოლო აღმზრდელობით სამუშაოებზე, რაც გულისხმობს მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ისეთი აქტივობების ჩატარებას და  რესურსების დამუშავებას, რაც ხელსშეუწყობს არაძალადობრივი, ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, სწორედ კლასის ხელმძღვანელს ეკისრება.

კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია, როდესაც ეტაპობრივად ახალ საგნებს და საგნის მასწავლებლებს ეცნობიან მოსწავლეები. ვიდრე ახალი მასწავლებელი პირველ გაკვეთილს ჩაატარებს, კლასის ხელმძღვანელი მას უნდა გაესაუბრობს იმ საკლასო კულტურისა და სასწავლო გარემოს შესახებ, რომლებიც დახვდება კლასში. თუ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევი საკითხები მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ კლასის ხელმძღვანელმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მასწავლებელს. შეარჩიოს გასაუბრებისთვის, თანამშრომლობითი ტონი და დაარწმუნოს, რომ მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ახალ ინიციატივებისა და იდეების განხორციელებაში. კლასის ხელმძღვანელი ხელს უნდა უწყობდეს ახალი მასწავლებლის, მოსწავლეების და მშობლების კომუნიკაციას.

კლასის ხელმძღვანელს, ასევე განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როცა საკლასო საზოგადოებას ახალი მოსწავლე და შესაბამისად ახალი მშობლები უერთდებიან. სწორედ კლასის ხემძღვანელზეა დამოკუდებული რამდენად მშვიდობიანად და წარმატებულად გაივლიან ახალი მოსწავლე და მისი მშობლები ადაპტაციის პროცესს ახალ საკლასო და სასკოლო საზოგადოებასთან.

კლასის ხელმძღვანელში, როგორც კლასის ლიდერ მასწავლებელში ყველაზე მეტად უნდა გამოიხატებოდეს მასწავლებლის აღმზრდელობითი ბუნება, რადგან სწორედ ის არის მთავარი ინფორმატორი, აღმზრდელი,  მედიატორი, ორგანიზატორი მასწავლებელი.

ანა ანუშიძე

7 ივნისი, 2021 წელი


Saturday, June 5, 2021

ჯგუფური სამუშაო

 


ჯგუფური სამუშაო

თანამედროვე სწავლა - სწავლების პროცესში ხშირად ვიყენებთ ისეთ საკლასო აქტივობებს და საშინაო დავალებებს, რომლებიც ჯგუფურ მუშაობას მოიაზრებს.

ჯგუფური სამუშაოები თავისი მრავალი დადებითი შედეგის გამო მართლაც ეფექტიანია, მაგალითად, ხელსუწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიც არის: ეფექტური კონუმინიკაციის უნარი, განსხვავებული აზრის მოსმენა და პატივისცემა, საკუთარი აზრისა და არგუმენტების გამოთქმისა და დაცვის უნარი,  ლოგიკური არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, პრობლემის მოგვარება, ორგანიზაციული მუშაობა, გუნდური პასუხისმგებლობა. თუმცა ეს დადებითი შედეგები მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მივიღოთ, როდესაც ჯგუფური მუშაობის დაგეგმვა - განხორციელების დროს ვითვალისწინებთ რომ:

ü  ჯგუფური მუშაობის დროს უნდა იყოს განსაზღვრული მკაფიო მიზანი და მიზნის მიღწევის ინსტრუქცია.

ü  განაწილებული უნდა იყოს ჯგუფის მონაწილეთა როლები და ფუნქციები. თუ ჯგუფური მუშაობა, როგორც აქტივობა, ახალია მოსწავლეებისთვის, უმჯობესია მასწავლებელმა გაუნაწილოს მოსწავეებს როლები და ფუნქციები.

ü  მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ შესრულებული დავალების ხარისხზე ჯგუფის თითოეული წევრია პასუხისმგებელი, და შესაბამისად ჯგუფის თითოეული წევრი თავის მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს საერთო დავალების ხარისხიანად შესრულებისთვის.

ü  თავიდან რომ ავირიდოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ჯგუფის წვერებიდან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მონაწილე მუშაობს ხოლო დანარჩენები ცდილობენ პასიურ მონაწილეებად დარჩენს, ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ავუხსნათ თითოეულ მონაწილეს, რომ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულ წევრს დავუსვამთ შესრულებული დავალებიდან გამომდინარე სხვადასხვა შეკითხვას, ასევე ვთხოვთ ისაუბრონ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

ü  ვეცადოთ ყოველი ახალი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვისას, ახალი კონფიგურაციით დავაჯგუფოთ მოსწალეები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

ü  ჯგუფური მუშაობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯგუფის ზომა და დავალების შესრულებისთვის მიცემული ვადა შეესაბამებოდეს დავალების სირთულეს.

ü  იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ სამუშაოს, როგორც საკლასო აქტივობას ისე ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად გავუწიოთ მონიტორინგი მუშაობის პროცესს. გავაკეთოთ ჩანიშვნები სხვადასხვა ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით. თავი ავარიდოთ ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩარევას თუ თავად ჯგუფმა არ ითხოვა ჩვენი დახმარება, ასეთ შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ უზრუბველვყოთ შესაბამისი მხარდაჭერით.

იმისთვის, რომ ჯგუფური სამუშაო მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ, ვაქციოთ ის მნიშვნელოვან გამოცდილებად თითოეული მოსწავლისთვის, გამოვიყენოთ, ერთი მხრივ, საკითხის, თემის ან პრობლემის გააზრება - გაანალიზებისთვის, მეორე მხრივ, სხვადასხვა კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარის განვითარებისთვის, და მესამე მხრივ, პოზიტიური საკლასო კულტურისა და სასწავლო გარემოს შექმნისთვის.

ანა ანუშიძე

5 ივნისი, 2021 წელი.


Wednesday, June 2, 2021

საშინაო დავალება

 


საშინაო დავალება

საშინაო დავალების შესრულებით მოსწავლემ სიღრმისეულად უნდა გაიაზროს, საკლასო სივრცეში ახსნილი საკითხი, განხილული თემა, განხორციელებული აქტივობა, გამოტანილი დასკვნები.

იმისთვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა საშინაო დავალების შესრულების გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღონ, საჭიროა ნათლად ავუხსნათ რატომ არის მათთვის საჭირო ჩვენს მიერ მოფიქრებული და შეთავაზებული საშინაო დავალების შესრულება. მხოლოდ მოსწავლეების მხრიდან საშიანაო დავალების შესრულების მნიშვნელობის გააზრების გზით არის შესაძლებელი, თავიდან ავიცილოთ მექნიკურად შესრულებული დავალებები, აღარაფერს ვამბობ არაკეთილსინდისიერად შესრულებულ დავალებებზე.

თავის მხრივ, დავალების შეუსრულებლობა შეიძლება ბევრ სხვა მოცემულობასთანაც იყოს დაკავშირებული, მაგალითად:

§  მოსწავლისთვის ზედმეტად რთულად ან პირიქით, ზედმეტად მარტივად შესასრულებელი დავალება;

§  არაადეკვატურად დიდი ან პირიქით, მცირე ვადის მიცემა დავალების შესრულებისთვის;

§  ბუნდოვანი ან მოსწავლისთვის მეტისმეტად რთული ტერმინოლოგიით დახუნძლული დავალების შესრულების ინსტრუქციის მიწოდება;

§  არასტაბილურობა და არათანმიმდევრულობა, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს დავალების პირობის, მიზნების, ინსტრუქციების ცვალებადობაში.

§  საშინაო დავალების ბუნდოვანი და ზოგადი მიზნები.

§  დაბალი მოლოდინი მოსწავლეების შესაძლებლობებთან და უნარებთან დაკავშირებით.

§  დავალება ისეთ საკითხზე ან თემაზე, რომელიც ჯერ არცერთი კუთხით არ გვაქვს დამუშავებული გაკვეთილზე.

§  დავალება, რომელიც შეუსაბამოა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებთან, შესაძლებლობებთან და ინტერესებთან.

§  ერთფეროვანი დავალებები.

§  დავალებები, რომლებიც არ არის კავშირში სხვა საგნებთან და რეალურ ცხოვრებასთან.

§  დავალებები, სადაც მოსწავლეს არ ეძლევა საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლინების საშუალება, მოსწავლე ვერ აკეთებს ვერანაირ არჩევანს და წართმეული აქვს დამოუკიდბლობა.

თუ ჩვენ თავიდან ავირიდებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს და შევქმნით ისეთ დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებისგან მოითხოვენ: შესწავლილი ინფორმაციის გააზრებას და ორგანიზებას, ალტერნატივების განხილვას, პრობლემის გადაჭრის გზებზე ორიენტირებას, ეს ხელს შეუწყობს ჭეშმარიტ სწავლას ანუ ფიქრს მაღალ დონეზე, ღრმა ცოდნის მიღებას, არსობრივი საუბრების გამართვის უნარის განვითარებას, კავშირების დანახვას სწავლა - სწავლების პროცესსა და სკოლის მიღმა არსებულ სამყაროს შორის.


ანა ანუშიძე

2 ივნისი, 2021 წელი


ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...