Wednesday, January 31, 2024

განათლებასთან დაკავშირებული არაჯანსაღი რწმენა - წარმოდგენები

 

განათლებასთან საკავშირებული არაჯანსაღი რწმენა - წარმოდგენები

რამდენიმე რჩევა მასწავლებელს

(ნაწილი II)

 

გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობელი შვილის განათლებას თავისი „უნიკალური გადმოსახედიდან“ უყურებს და ეს „უნიკალური გადომსახედი“ უზღუდავს მოსწავლეს განათლების მიღების ფუნდამენტურ უფლებას.

პირველი შემთხვევა - მშობელი არ თვლის საჭიროდ მოსწავლისთვის განათლების მიღებას გენდერული ნიშნით, ამბობს რომ გოგონას არ სჭირდება განათლების მიღება.

მეორე შემთხვევა - მშობელი თვლის რომ სკოლა და მთლიანად ზოგადი განათლება, „არაფერს ნიშნავს“ და რომ რეპეტიტორებთან ორი - სამი წლით მომზადება „სულ ეყოფა“ უმაღლესში „მოსაწყობად“.

მესამე შემთხვევა - მთავარია სკოლაში მოსწავლე თავს მხიარულად გრძნობდეს.

შესაბამისად, დირექტორიც და მასწავლებელიც ისე უნდა ასრულებდეს მის (მშობლის და მოსწავლის) შეკვეთას, როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრში მისული კლიენტის სურვილს ასრულებს ღონისძიების ორგანიზატორი.

ჩვენ კი განათლებაზე გვაქვს საუბარი, აღზრდაზე, განვითარებაზე, ჩვენს საერთო მომავალზე...

როგორ მოიქცეს მასწავლებელი?

პირველ და მეორე შემთხვევასთან მუშაობა საბედნიეროდ შესაძლებელია -  მშობლის ინფორმირების მიზნით, განხორციელებული  სხვადასხვა აქტივობის, მაგ. საინფორმაციო შეხვედრების, ვორქშოფების, მშობლის დღის და ა.შ. განხორციელებით, საჭიროებისამებრ სოც მუშაკის,  ფსიქოლოგის, მანდატურის ჩართულობით.

მესამე შემთხვევა კი ფუნდამენტურად განსხვავდება პირველი ორი შემთხვევისგან. რატომ? იმიტომ რომ პირველი და მეორე შემთხვევა მშობლის ნაფიქრის ან ცალკეულ შემთხვევებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, მცდარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მცდარი გადაწყვეტილებაც გარკვეულ, მცდარ მაგრამ მაინც, არგუმენტებს ეფუძნება და ეს კარგია რადგან მასწავლებელს შეუძლია ამ არგუმენტების გაბათილებით მშობლის მოსაზრება ბავშვის კეთილდღეობის სასარგებლოდ შეცვალოს, აი მესამე შემთხვევა კი უფრო პოზიციაა ვიდრე გადაწყვეტილება, ყეყეჩი პოზიცია, პოზიციასთან კი არგუმენტებით ბრძოლას მცირე შანსი აქვს.  ამიტომ, აქ სკოლა უძლურია. აქ არ არის სინათლე.

მესამე შემთხვევა - პოზიციასთან მიმართებით მოსწავლესთან ერთად მასწავლებელიც დაუცველად გრძნობს თავს, იმედგაცრუებულად, ფიქრობს რომ მისი კეთილსინდისიერი და დაუღალავი შრომა სულ წყალში ჩაუყარეს, არ აცდიან იყოს მასწავლებელი მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებასა და წარმატებებზე მზრუნველი. ასეთ დროს მასწავლებელი როგორი გულმოდგინებითაც არ უნდა უხსნიდეს მშობელს თითოეული აქტივობისა და ქმედების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს რომ მშობელს ეს არ აღელვებს, ან უბრალოდ არ უსმენს მასწავლებელს. მაგრამ, ასეთ დროსაც კი ჩვენ თავად უნდა ვიყვეთ მხნედ და გვახსოვდეს, რომ მთავარი ბავშვია, არ უნდა ველოდოთ რომ სკოლის, მასწავლებლის, შრომას დაინახავენ და გაიგებენ, ასე უფრო ნაკლებად გაგვიცრუვდება იმედი.

ერთი, რისი რჩევაც შემიძლია მოსწავლესთან აქტიური მუშაობაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა კლასის საათს ენიჭება, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას გადაარჩინოთ მოსწავლე, გაააზრებინოთ ფუნდამენტური ფასეულობები. ვასწავლოთ კეთილსინდისიერი შრომა, შევაქოთ მისი მონდომება, ვუბიძგოთ ინიციატივის გამოვლენისკენ, გავუღვივოთ კეთილსინდისიერება, ვასწავლოთ თანამშრომლობა.

ანა ანუშიძე,

31 იანვარი, 2024 წ.


მავნებლური ჩარევა სწავლა - სწავლების პროცესში

 


მავნებლური ჩარევა სწავლა - სწავლების პროცესში

სკოლის ჭირის სათავე 

რამდენიმე რჩევა მასწავლებელს

(ნაწილი I)

სკოლა - საგანმნათლებლო და აღმზრდელობითი ფუნქციის მქონე დაწესებულებაა, სივრცე სადაც მოსწავლის აკადემიური და პიროვნული ძალების განვითარების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, მაგრამ როგორ? როგორ, თუ ამას არ დააცდიან მასწავლებელს? თუ არ დააცდიან სკოლას? თუ თავად მშობელი, სწავლა - სწავლების საკითხში ჩაუხედავად და საკითხში ჩახედვის სურვილის არ ქონით, სიჯიუტით, მხოლოდ აკვიატებული სურვილებით იქცევა როგორც ჯიუტი „მყიდველი/მომხმარებელი“?

რა გზა რჩება მასწავლებელს, როდესაც მას გაჯიუტებული მშობელი შეხვდება მოსწავლის სწავლა - სწავლების გზაზე? ასეთ დროს, ორი გზა რჩება, ან აგრძელებს მასწავლებელი საკუთარი მოსწავლის აკადემიურ - პიროვნულ განვითარებას, ან არჩევს „დაისივენოს“ თავდ და კმაყოფილი ყავდეს მშობელი როგორც  „ჯიუტი მყიდველი/მომხმარებელი“ ...

მოდით ამგვარი სიჯიუტის რამდენიმე თავისებურებას გადავავლოთ თვალი, და შემდეგ გამოსავალზეც ვისაუბროთ. მაშ ასე, მაინც როგორი შეიძლება იყოს ის? გაჯიუტებული მშობელი?

პირველი - ასეთი მშობელი, სკოლას შეიძლება უყურებდეს როგორც გასართობ ცენტრს, და გულწრფელად ფიქრობდეს რომ მასწავლებლის მოვალეობა არა ჯანსაღი ფსიქო - ემოციური საგაკვეთილო განწყობის შექმნა, არამედ  მთელი სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლისთვის არხეინი განწყობის შექმნა - შეუნარჩუნებაა.

მეორე - არიან მშობლებიც, რომლებიც „მგლურ კანონებს“ ბეჯითად ასწავლიან შვილებს, ეუბნებიან რომ თუ ვინმემ დაარტყა, ამანაც მაშინვე მთელი ძალით უნდა ჩასცხოს... სულ წყალს ატანს მასწავლებლის ნაშრომს, რადგან რაც კლასში მასწავლებელმა დიდი შრომით დაასწავლა, გაააზრებინა მოსწავლეს, ყოვლედღიურად თავიდან ხდება დასასწავლი და გასააზრებელი რატომ? იმიტომ რომ მოსწავლე სკოლაში ერთს ხედავს და ერთი ესმის, შინ კი სულ საპირისპირო. მაგრამ, მასწავლებლის შრომა რა სალაპარაკოა, როცა ბავშვის მორალური ღირებულებები მახინჯდება...

მესამე - არიან თვალთმაქცობაში ხელმარჯვე მშობლებიც, აი მაგალითად, თუ საკუთარი შეცდომის აღიარება არ სურს, ოსტატურად მოახერხებს მასწავლებლის მხრიდან დაუზარლად და წვრილად მისთვის ახსნილი თითოეული საკითხის მიზანმიმართულად არ გაგებას ან, კიდევ უარესი, დაეთანხმება მოსაჩვენებლად და მერე უარყოს კიდეც. როგროც ერთ ქართულ ფილმშია „ვერ გადათქვამს თუ რა ...“ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საშიშ ის გახლავთ რომ ასეთი მშობელი პრაქტიკული მაგალითით ასწავლის შვილს ტყუილსა და თვალთმაქცობას.

მეოთხე - არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც საკუთარი ეგოს დაკმაყოყოფილების მიზნით მთელი ძალით იბრძვიან რომ „მოუგონ“ მასწავლებელს, თან რა ბრძოლა არ იკითხავთ? - ბრძოლა საკუთარი შვილის სწავლასა და აღზრდაში, თუ „გაიმარჯვა“ მოსწავლე სწავლის ნაცვლად არხეინად იქნება, რჩევა - შენიშვნას არ მიიღებს, არ წაიკითხავს, არ დაწერს, არ ისწავლის, არ გაიაზრებს, არ დაფიქრდება, იქნება მშვიდად და უზრუნველად, იმდენად მშვიდად რომ საკუთარ დავალებასაც კი არ ჩაიწერს, ფოტოს გადაუღებს თუ კარგ ხასიათზე იქნება (ეს ხომ „ტექნოლოგიების“ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის საუკეთესო მაგალითია)  ან „ჩატში ხომ დაწერენ...“

ნებისმიერ, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევასთან მასწავლებელს დიდი სიფრთხილე და ნებისყოფა ესაჭიროება. სარგებელს მოიტანს შემდეგი რჩევების გათვალისწინება. 

1)      შეინარჩუნოს სტაბილური გარემო, ყოველთვის ახსოვდეს რომ მშობელს ესაუაბრება, რომელმაც ბევრი რამ არ იცის და არ დაიღალოს თუნდაც ელემენტარული ჭეშმარიტებების, მშობლისთვის გასაგები ენით, ახსნით.

2)      დაგეგმოს ინდივიდუალური გასაუბრება თითოეულ მშობელთან 30 – 40 წუთის ხანგრძლივობის. გაითვალისწინოს, რომ მშობლმა გასაუბრების დროს შესაძლოა აღიაროს შეცდომა, მოგცეთ  დაპირება და გადაგიხადოთ მადლობა, მაგრამ მაინც იგივე პოზიციაზე დარჩეს.

3)      მოუსმინოს მშობლებს და ხშირად დაუსვას კითხვები, ამით დაეხმარება აზრების ფორმულირებასა და გამოთქმაში.

4)      რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ვითარება, არ გადაუწუროს იმედი მშობელს და ყოველთვის შეეცადოს აპოვნინოს გამოსავალი. 

5)      თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი არ არის, ნუ იქნება კატეგორიული. 

6)      შეეცადოს მშობელი აქციოს პარტნიორად, პასუხისმგებლობის გამზიარებლად მოსწავლის სწავლა - სწავლების საკითხში და როგორღაც ჩართოს შესაბამის აქტივობებში.

7)      იყოს ფრთხილი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია სათანადოდ შეინახოს.

8)      ყოველთვის ახსოვდეს, რომ უპირველესი მოსწავლის ინტერესებია და მასწავლებელი პასუხისმგებელია არა მშობლის სურვილების არამედ მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე.

ყველაზე მთავარი! ნუ შეშინდებით და ნუშეცვლით სწორ, გამოცდილ, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ და სტანდარტებზე დაფუძნებულ სწავლა - სწავლების გზას მოსწავლის მშობლის ხასიათის ან მისი სხვადასხვაგვარი შეხედულების  მიხედვით.

იყავით მხნედ და გისურვებთ წარმატებებს!

 

ანა ანუშიძე,

29 იანვარი, 2024 წ.


ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...