Monday, November 29, 2021

რატომ არის მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანი

 



რატომ არის მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანი

როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ მიზნობრივი საუბრები

რთული ქცევის მართვა და არასასურველი ქცევის სასურველი ქცევით ჩანაცვლება, როგორც სკოლაში ისე სახლში  შრომატევადი პროცესია, მოითხოვს დროს, ენერგიას, ყოველდღიურ შრომას მაგრამ პირველ რიგში იმის გააზრებას თუ:

·         რა არის რთული ქცევა?

·         როგორ ვლინდება რთული ქცევა?

·         რა არის რთული ქცევის წინაპირობა?

·         რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი?

·         რა არის სასურველი მიზანი?

მიზნის განსაზღვრის შემდეგ, ვაყალიბებთ არგუმენტებს ბავშვისთვის გასაგები ენით, და ვალაგებთ მათ მარტივიდან რთულისკენ. ამ გზით ვემზადებით ბავშვთან მიზანმიმართული და არგუმენტირებული საუბრისთვის.

ასევე, მზად უნდა ვიყოთ ბავშვის მოსაზრებების მოსმენისთვის, მის მიერ დასმული შეკითხვების არგუმენტირებულად პასუხისთვის.  აღვიჭურვოთ მოთმინებით და სიმშვიდით. არ გვქონდეს მოლოდინი, რომ პირველივე საუბრის შემდეგ მოხდება ბავშვის მხრიდან იმის გააზრება, რომ ქცევა იყო არასასურველი, განვსაზღვრავთ რა არის სასურველი ქცევა და შევთანხმდებით არასასურველი ქცევის სასურველი ქცევით ჩანაცვლებაზე.

შეთანხმების მიღწევას შესაძლოა რამდენიმე არგუმენტირებული საუბარი დასჭირდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმისთვის, რომ მთელი ეს პროცესი საინტერესო და სახალისოც იყოს მნიშვნელოვანია:

პირველი - ვიზრუნოთ გარემოზე რომელშიც წამოვიწყებთ საუბარს ბავშვთან, გარემო უნდა იყოს კეთილგანწყობილი, მშვიდი, კომფორტული. აღნიშნული საუბარი უნდა წარიმართოს „დამსწრეთა“ გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის კონცენტრირებას სასაუბრო თემაზე, განაწყობს მას გულწრფელი და კეთილგანწყობილი საუბრისადმი, დაგვეხმარება ნდობის ატმოსფეროს შექმნაში. ნებისმიერი „დამსწრის“ არსებობა კი პირიქით უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, ღირსების გრძნობაზე შესაბამისად ხელს შეგვიშლის გულწრფელი და ურთიერთნდობაზე დამყარებული, შედეგიანი საუბრის გამართვაში.

მეორე - სასურველია პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის თვალსაჩინოების გამოყენება, მაგალითად ზღაპარი,  მოთხრობა,  იგავი, მულტიპლიკაციური ფილმი, ფილმი, ილუსტრაცია. ეფექტიანია შესაბამისი თვალსაჩინოების არგუმენტირებული განხილვა, მაგალითების მოყვანა, მთავარი გმირების მოტივებზე, გადაწყვეტილებებზე და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე საუბარი, დაფიქრება იმაზე თუ რა იქნებოდა უფრო უკეთესი გადაწყვეტილება და რატომ...

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საუბრის დროს ვაკონტროლოთ ჩვენი საუბრის ტონალობა, ის უნდა იყოს დამაჯერებელი და მშვიდი.  არ მოვერიდოთ შეკითხვების დასმას, ვთხოვოთ არგუმენეტების მოყვანა, საკუთარი ქმედებისა და  მოსაზრების დასაბუთება.

იმისთვის, რომ ჩვენი საუბარი იყოს შედეგიანი, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ:

ბავშვის შედარებას ნებისმიერ სხვა ადამიანთან. გვახსოვდეს ბავშვის ამჟამინდელ ქცევას ან მდგომარეობას ვადარებთ მხოლოდ ამავე ბავშვის წინა ქცევასთან და მდგომარეობასთან.

თავი ავარიდოთ ნებისმიერი სახის ბრძანებას და არ გამოვიყენოთ ფრაზები, რომლებიც ბავშვისგან მოითხოვს ჩვენი თხოვნის ან მოთხოვნის უპირობო შესრულებას.  ამ ტიპის ფრაზებით ბავშვს ვუყალიბებთ მორჩილ ფსიქოლოგიას, როდესაც ის ვალდებულია უსიტყვოდ შეასრულოს. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ბავშვს ავუხსნათ, განვუმარტოთ, დავაწრმუნოთ და ბრძანებების  ნაცვლად გზამკვლევი მივაწოდოთ.

და მაინც როდესაც ვადარებთ ერთმანეთს დასჯის და არგუმენტირებული მიზანმიმართული საუბრის შედეგებს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ: ნებისმიერი სახის დასჯის შედეგად შესაძლოა იმ კონკრეტულ მომენტში შეწყდეს არასასურველი/რთული ქცევის შეწყვეტა, გრძელვადიანად კი ეს მოიტანს უარყოფითი გრძნობების გაღვივებას ბავშვში, როგორც საკუთარი თავის ისე დამსჯელის მიმართ.

არგუმენტირებული და მიზანმიმართულ საუბარების შედეგი  გრძელვადიანია და საბოლოო ჯამში რთული/არასასურველი ქცევის ჩანაცვლებით სრულდება. ამასთან, შედეგად მოაქვს  მშვიდი სტაბილური, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე და თანაგანცდაზე დაფუძნებული ურთიერთობები. სწორედ ამ სასურველი შედეგის გამო მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანია, ამიტომაც  ნამდვილად ღირს  გავიაროთ რთული, შრომატევადი არგუმენტირებული, დასაბუთებაზე და დარწმუნებაზე ორიენტირებული, მიზნობრივი საუბრების გზა.

28 ნოემბერი 2021 წ.

ანა ანუშიძე


Tuesday, November 9, 2021

ვისწავლოთ კითხვა (სასწავლო რესურსი)

 


ვისწავლოთ კითხვა

სასწავლო რესურსი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის

პირველი კლასი ყველა მოსწავლის სასწავლო ცხოვრებაში დიდი გამოწვევაა, რაც იწყება სასკოლო საზოგადოების გაცნობით, მასთან ადაპტაციით და გრძელდება სხვადასხვა საგნის ფარგლებში, ახალი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარის დასწავლით.

ამ გზაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სხარტად, ეფექტიანად და გრძელვადიანად დაისწავლიან მოსწავლეები მშობლიური ენის თითოეული ასოს კითხვას და წერას.

სწორედ ამ მიზნით, გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიხედვით მომზადებულ სასწავლო რესურსს, რომელიც ნათლად დაანახებს და დაეხმარება პირველი კლასის მოსწავლეს მარცვლების ამოკითხვასა და მარცვლების გაერთიანებით სიტყვების აწყობაში.

ქვემოთ წარმოდგენილია სასწავლო რესურსი, შვიდ ნაწილად:





მოცემული რესურსი, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივი, ისე დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში, როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი  გამოჭრილი/დასკანერებული ფორმით.

ანა ანუშიძე

9 ნოემბერი, 2021 წელი.


ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს.

  ქ. ბათუმის №2 საჯარო  სკოლაში  ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დაარსდა და სკოლის პირველი ომბუდსმენი აირჩიეს იდეის ავტორმა, სულისჩამდგმელმა ...