განათლებასთან საკავშირებული
არაჯანსაღი რწმენა - წარმოდგენები
რამდენიმე რჩევა მასწავლებელს
(ნაწილი II)
გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობელი შვილის განათლებას თავისი „უნიკალური გადმოსახედიდან“ უყურებს და ეს „უნიკალური გადომსახედი“ უზღუდავს მოსწავლეს განათლების მიღების ფუნდამენტურ უფლებას.
პირველი შემთხვევა - მშობელი არ თვლის საჭიროდ მოსწავლისთვის განათლების მიღებას გენდერული ნიშნით, ამბობს რომ გოგონას არ სჭირდება განათლების მიღება.
მეორე შემთხვევა - მშობელი თვლის რომ სკოლა და მთლიანად ზოგადი განათლება, „არაფერს ნიშნავს“ და რომ რეპეტიტორებთან ორი - სამი წლით მომზადება „სულ ეყოფა“ უმაღლესში „მოსაწყობად“.
მესამე შემთხვევა - მთავარია სკოლაში
მოსწავლე თავს მხიარულად გრძნობდეს.
შესაბამისად, დირექტორიც და მასწავლებელიც ისე უნდა ასრულებდეს მის (მშობლის და მოსწავლის) შეკვეთას, როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრში მისული კლიენტის სურვილს ასრულებს ღონისძიების ორგანიზატორი.
ჩვენ კი განათლებაზე გვაქვს საუბარი, აღზრდაზე, განვითარებაზე, ჩვენს საერთო მომავალზე...
როგორ მოიქცეს მასწავლებელი?
პირველ და მეორე შემთხვევასთან მუშაობა საბედნიეროდ შესაძლებელია - მშობლის ინფორმირების მიზნით, განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის, მაგ. საინფორმაციო შეხვედრების, ვორქშოფების, მშობლის დღის და ა.შ. განხორციელებით, საჭიროებისამებრ სოც მუშაკის, ფსიქოლოგის, მანდატურის ჩართულობით.
მესამე შემთხვევა კი ფუნდამენტურად განსხვავდება პირველი ორი შემთხვევისგან. რატომ? იმიტომ რომ პირველი და მეორე შემთხვევა მშობლის ნაფიქრის ან ცალკეულ შემთხვევებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, მცდარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მცდარი გადაწყვეტილებაც გარკვეულ, მცდარ მაგრამ მაინც, არგუმენტებს ეფუძნება და ეს კარგია რადგან მასწავლებელს შეუძლია ამ არგუმენტების გაბათილებით მშობლის მოსაზრება ბავშვის კეთილდღეობის სასარგებლოდ შეცვალოს, აი მესამე შემთხვევა კი უფრო პოზიციაა ვიდრე გადაწყვეტილება, ყეყეჩი პოზიცია, პოზიციასთან კი არგუმენტებით ბრძოლას მცირე შანსი აქვს. ამიტომ, აქ სკოლა უძლურია. აქ არ არის სინათლე.
მესამე შემთხვევა - პოზიციასთან მიმართებით მოსწავლესთან ერთად მასწავლებელიც დაუცველად გრძნობს თავს, იმედგაცრუებულად, ფიქრობს რომ მისი კეთილსინდისიერი და დაუღალავი შრომა სულ წყალში ჩაუყარეს, არ აცდიან იყოს მასწავლებელი მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებასა და წარმატებებზე მზრუნველი. ასეთ დროს მასწავლებელი როგორი გულმოდგინებითაც არ უნდა უხსნიდეს მშობელს თითოეული აქტივობისა და ქმედების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს რომ მშობელს ეს არ აღელვებს, ან უბრალოდ არ უსმენს მასწავლებელს. მაგრამ, ასეთ დროსაც კი ჩვენ თავად უნდა ვიყვეთ მხნედ და გვახსოვდეს, რომ მთავარი ბავშვია, არ უნდა ველოდოთ რომ სკოლის, მასწავლებლის, შრომას დაინახავენ და გაიგებენ, ასე უფრო ნაკლებად გაგვიცრუვდება იმედი.
ერთი, რისი რჩევაც შემიძლია მოსწავლესთან აქტიური მუშაობაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა კლასის საათს ენიჭება, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას გადაარჩინოთ მოსწავლე, გაააზრებინოთ ფუნდამენტური ფასეულობები. ვასწავლოთ კეთილსინდისიერი შრომა, შევაქოთ მისი მონდომება, ვუბიძგოთ ინიციატივის გამოვლენისკენ, გავუღვივოთ კეთილსინდისიერება, ვასწავლოთ თანამშრომლობა.
ანა ანუშიძე,
31 იანვარი,
2024 წ.