Monday, December 13, 2021

განმავითარებელი შეფასება


განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება, შეგვიძლია დანამდვილებით მივიჩნიოთ მომავალზე ორიენტირებულ შეფასებად. სასწავლო წლის მანძილზე მიწოდებული განმავითარებელი შეფასებები ქმნიან ერთგვარ გზამკვლევს, რომლის გამოყენებასაც ეყრდნობა მოსწავლის/სტუდენტის წარმატება.

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის რომ ჩვენს მიერ მომზადებული და  მიწოდებული განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის იქცეს ნამდვილ მხარდაჭერად და გზამკვლევად? სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სტატიის მთავარი შეკითხვა.

მაშ ასე, განმავითარებელმა  შეფასებამ მოსწავლის/სტუდენტის განვითარების მიმართულებით ეფექტიანად რომ იმუშაოს, უნდა იყოს:

1.      ინფორმაციული, ნათელი და ადრესატისთვის გასაგები ენით დაწერილი.

2.      ჰქონდეს პოზიტიური შესავალი და დასკვნითი ნაწილი.

3.      პოზიტიურ შესავალს, სადაც ნაშრომის ძლიერი მხარეები იქნება აღნიშნული, მოსდევდეს  ნაშრომის სუსტი მხარეების აღნიშვნა მათი გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითებით.

4.      ნაშრომის სუსტი მხარეების გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი რეალურად შესრულებადი, დაძლევადი იყოს მოსწავლის/სტუდენტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მიერ შეთავაზებული გზები მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ნაცვლად მის დემოტივაციას გამოიწვევს.

5.      ავირჩიოთ ნაშრომის სუსტი მხარეებიდან ერთ ან რამდენიმე კონკრეტული ორიენტირი და მისი გაუმჯობისთვის საჭირო რჩევები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეს/სტუდენტს. ერთდროულად ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე კონცენტრირებით მოსწავლეებს/სტუდენტებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ნაშრომების და უნარების ხარისხობრივი გაუმჯობესება.  

6.      დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებობაში მოსწავლის/სტუდენტის დარწმუნებასთან ერთად, ჩვენი მიზანია მოსწავლე/სტუდენტი იმაშიც დავარწმუნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მას დავეხმარებით პროგრესის მიღწევაში.

7.      მნიშვნელოვანია, რომ განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია გავუზიაროთ მოსწავლეს/სტუდენტს ვერბალური ან წერილობითი სახით.

8.      განმავითარებელი შეფასება უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური.

9.      განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობისთვის, სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის წარდგენიდან 24 საათში მივაწოდოთ მოსწავლეს/სტუდენტს.

10.  ბოლოს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასება სწორად გაიგო და აღიქვა ჩვენმა მოსწავლემ/სტუდენტმა, დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ვუპაუსხოთ მის დამატებით კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.

როდესაც განმავითარებელი შეფასებით მოსწავლის/სტუდენტის მიერ შესრულებულ დამოუკიდებელ სამუშაოს და შექმნილ სასწავლო/სამეცნიერო პროდუქტს ვაფასებთ, ბუნებრივია თითოეული განმავითარებელი კომენტარი ეფუძნება მოსწავლის/სტუდენტის კონკრეტულ ნამუშევარს და მისი მომზადების პროცესში მის მიერ გამოვლენილ/გამოყენებულ უნარებს.

რამდენიმე ზოგადი მაგალითის სახით შეგვიძლია გავეცნოთ და ვიმსჯელოდ ქვემოთ მოყვანილ განმავითარებელ კომენტარებზე:

მაგალითი (ა): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში, ნათლად იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი A) ჩანდა როგორც ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ „აქტივობა 1“ - ის გზით, ისე შენს მიერ გამოტანილი დასკვნების შედეგად ჩამოყალიბებული არგუმენტები. შენს მიერ წარმოდგენილ არგუმენტს ამყარებს ის დამატებითი მაგალითები/მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია შენს მიერ შექმნილ პროდუქტში...“

მაგალითი (ბ): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში, არ იყო ნათლად წარმოჩენილი (კრიტერიუმი B) ნაწილობრივ იყო ნაჩვენები ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ „აქტივობა 1“ - ის გზით, ნაწილობრივ წარმოჩენილი არგუმენტები არ ქმნიდა არგუმენტირებული მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს. არგუმენტების ნაწილობრივი ჩვენება გამოიხატა იმაში, რომ არ გქონდა მოყვანილი უტყუარი მტკიცებულება/მაგალითი/სამეცნიერო მოსაზრება/დოკუმენტური მასალა...“

მაგალითი (გ): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში, არ იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი B) არ იყო ნაჩვენები შენი მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტები, გქონდა ნახსენები რამდენიმე ფაქტი/მაგალითი/მეცნიერის მოსაზრება/ მაგრამ არ ჩანდა შენი მსჯელობა/მოსაზრება/დამოკიდებულება. გირჩევ, დაიწყო შენს მიერ მოყვანილ ფაქტს/მაგალითს/მეცნიერის მოსაზრებას შორის მსგავსებისა და განსხვავების დანახვის მიზნით სააზროვნო სქემის (მაგ: ვენის დიაგრამა, T დიაგრამა...) გამოყენება, ეს საშუალებას მოგცემს დაინახო კავშირები, აღმოაჩინო განსხვავებულობა და გამოიტანო შენი, საკუთარი დასკვნები.“                  

რომ შევაჯამოთ, ნათელი, მოსწავლის/სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული რჩევებით  სრულყოფილი, ობიექტური და მიღწევადი განმავითარებელი შეფასება ყველაზე დიდი მხატდაჭერაა მოსწავლის/სტუდენტის წინსვლისა და წარმატების გზაზე.

12 დეკემბერი 2021 წ.

ანა ანუშიძე


 

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...