Thursday, February 27, 2025

რეკომენდაციები მდგრადი სასკოლო კულტურის მშენებლობისთვის

როგორ ავაშენოთ მდგრადი, პოზიტიური სასკოლო კულტურა?

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის

სკოლა, საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. სკოლა უნდა ზრუნავდეს თითოეული მოსწავლის ღირსეულ, პასუხისმგებლიან, თანამედროვე, კონკურენტუნარიან, შემოქმედებით, სათანადო ზოგადი განათლებით და შესაბამისი უნარებით აღჭურვილ პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებაზე.  მაგრამ, ამ მიზნის მიღწევისთვის გამართულ სასწავლო პროგრამებთან, მრავალფეროვან და ეფექტიან სასწავლო რესურსებთან, მოსწავლეთა საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებულ  და თანმედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილ სასწავლო ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებელია საერთო მიზნის მიღწევისთვის მოტივირებული სასკოლო საზოგადოება. სასკოლო საზოგადოება, რომელის თითოეულ წევრს გააზრებული აქვს, ესმის და კეთილსინდისიერად შეაქვს საკუთარი წვლილი, სკოლის მიზნების მიღწევის, გამოწვევების დაძლევის და განვითარების საქმეში. სწორედ ასეთი სასკოლო საზოგადოება შეგვიძლია მოვიაზროთ იმ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი შექმნას პოზიტიური, ურთიერთპატივისცემაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურა.

იმისთვის, რომ ნათლად გამოვკვეთოთ სასკოლო კულტურის როლი სწავლა - სწავლების პროცესში, უპირველესად აღვნიშნოთ რომ:

სასკოლო კულტურა - არის სკოლის ყოველდღიური ცხოვრების წესი. იმ რწმენის, აღქმების, ურთიერთობების, დამოკიდებულებების, დაწერილი და დაუწერელი წესების ერთობლიობა, რომლებიც ძერწავს და გავლენას ახდენს სკოლის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ასსპექტზე.

პოზიტიური სასკოლო კულტურა -  მყარი ღირებულებების სისტემით, ქცევის მდგრადი წესებით, ურთიერთპატივისცემით, ურთიეთდახმარებაზე ორიენტირებულობით, ნდობით, გამოცდილებისა და ხედვების გაზიარების ჩვევით, ერთმანეთის წარმატების საერთო წარმატებად აღქმის უნარით, გამოწვევების დაძლევაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილით, შედეგზე ორიენტირებული შეთანხმებული და თანმიმდევრული ქმედებებით, პოზიტიური კომუნიკაციით.

პირველი ეფექტი პოზიტიური სასკოლო კულტურისა არის სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრში სიმშვიდის, სტაბილურობის, დაცულობის განცდა. სასკოლო საზოგადოების წევრები რწმუნდებიან რომ, ერთი მხრივ, მათი  შრომა, მონდომება, ინიციატივიანობა, კეთილსინდისიერება, თანამშრომლობისთვის მზაობა, წარმატება სათანადოდ იქნება მიღებული და ღქმული სკოლის საზოგადოების დანარჩენი წევრების მიერ, ხოლო, მეორე მხრივ, ნებისმიერი სირთულე და გამოწვევა დაძლევადია სკოლის საზოგადოების დანარჩენი წევრების მხარდაჭერით და თანამშრომლობით.

დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც სკოლაში სწავლობს ან მუშაობს, ასეთ სტაბილურ, ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში მაღალი მოტივაციითა და ეფექტიანობით შეძლებს საკუთარი თავის განვითარებას,  მრავალფეროვანი და სარგებლის მომტანი პროექტებისა და ინისციატივების განხორციელებას, სხვადსხვა ფორმისა და შინაარსის რესურსების შექმნას, ამ გზით მთლიანად სკოლის და  ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

პოზიტიურ სასკოლო კულტურას შეუძლია განვითარებაზე ორიენტირებული სტაბილური და ჯანსაღი გარემოს შექმნა სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, ამიტომ  სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ინტერესებშია მისი შენება და დაცვა.

მთავარი გამოწვევა არის იმის გააზრება, რომ სასკოლო კულტურა იქმნება სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის მიერ სკოლის დირექტორის ლიდერობით და პირადი მაგალითით.

წინამდებარე სტატიაში მინდა განსაკუთრებული ყურადღება დაწყებით საფეხურზე გადადმგული ნაბიჯების მნიშვნელობაზე გავამახვილო - ერთიანი, მდგრადი, პოზიტიური სასკოლო კულტურის მშენებლობა-გაჯანსაღება-განვითარების საქმეში.

ერთი მხრივ, დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლები, განსაკუთრებით კლასის ხელმძღვანელები ყოველდღიურად შრომობენ თითოეული ბავშვის პასუხიმგებლიან მოსწავლედ ჩამოყალიბებისთვის, უკვე მე - 4 კლასისთვის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები აქვთ საკლასო კულტურის უსაფრთხო, პოზიტიურ გარემოდ ჩამოყალიბების მიმართულებით. მოსწავლეებს გააზრებული ცოდნა აქვთ იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რომლებიც ასახულია სკოლის მისიაში, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსწავლეებს არ აქვთ სათანადო გამოცდილება, თუნდაც, პარალელური კლასის თანასკოლელებთან ურთიერთობის.

გამოდის, ვამარცხებთ ეგოიზმს პიროვნულ დონეზე და ვასწავლით მოსწავლეებს იყვნენ მზრუნველები და გამზიარებლები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ, რადგან მათ აღნიშნულის პრაქტიკული გამოცდილება მხოლოდ კლასის ფარგლებში  მიიღეს, უყალიბდებათ გაუცხოების განცდა სხვა, დანარჩენი კლასების მოსწავლეების მიმართ. გამოდის, ვერ ვამარცხებთ ე.წ. „საკლასო ეგოიზმს“.  დაწყებითი კლასების მოსწავლეების ქცევაზე ყოველდღიური დაკვირვება აჩვენებს, რომ მაგ. დასვენების დროს მოსწავლეები უპირატესობას, თითქმის ყოველთვის, მხოლოდ საკუთარ კლასელებთან საუბარს ან თამაშს ანიჭებენ, სხვა მოსწავლეების გაცნობას დამოუკიდებლად, თითქმის არ ცდილობენ, თუ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ერთმანეთთან რაიმე სახის პრეტენზია აქვთ, უპირობოდ მიემხრობიან თანაკლასელს. თუ დაწყებით საფეხურზე მსგავსი გაუგებრობები, კინკლაობები შედარებით მარტივად მოგვარებადია კლასის ხელმძღვანელის, მორიგე მასწავლებლის, სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის, მანდატურის დახმარებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე გაუცხოება სკოლის მოსწავლეებს შორის შესაძლოა ცხარე, განგრძობადი დაპირისპირების ან ძალადობის ისეთი ფორმების მიზეზი გახდეს, როგორიც ბულინგი ან მობინგია.

დაწყებით საფეხურზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული პოზიტიური ურთიერთობები, მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იქნება უსაფრთხო და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულების, რაც თავის მხრივ გადაიღვრება ასეთივე ჯანსაღ, მდგრად, პოზიტიურ სასკოლო კულტურაში.

რისი გაკეთება შეგვიძლია ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევისთვის?

(ა) უპირველესად გავაცნოთ მოსწავლეებს ერთმანეთი, გავაცნოთ პოზიტიურ ატმოსფეროში, თუნდაც დასვენებაზე.

(ბ) ვაჩვენოთ თანამშრომლობის მაგალითები, მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელები სასურველია გარკვეული, ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით ერთად გეგმავდნენ და ახორციელებდნენ სხვადასხვა ფორმატის და შინაარსის აქტივობებს.

(გ) სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს მივცეთ ისეთი სასკოლო დავალებები, სადაც სასურველი შედეგების მისაღებად ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, მაგალითად სკოლის ეზოში არსებულ ნარგავებზე ზრუნვა.

(დ) ჩავრთოთ მოსწავლეები მასწავლებლების როლში, მაგ: მე - 4 კლასის მოსწავლეთა გუნდმა დაგეგმოს ერთი აქტივობა მე - 2 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიმე საბავშვო მოთხრობის გაცნობისა და გააზრებისთვის.

(ე) მოვაწყოთ სასწავლო ფილმების და მულტფილმების კვირეულები, რაც მოიცავს როგორც ჩვენების ისე განხილვის ნაწილს.

(ვ) ერთობლივად მოვაწყოთ  სასკოლო, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

(ზ) ერთობლივად (რამდენი კლასის მასწავლებელმა) დავგეგმოთ და განვახორციელოთ კონფერენციები, ვორქშოფები, ტრენინგები, თემატური საუბრები და ა.შ.

(თ) განსაკუთრებით მისასალმებელი იქნება თუ ერთობლივ აქტივობებს განვახორციელებთ მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობით, სადაც მაგ: გავაცნობთ სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მშობლებს სკოლის შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს, კონკრეტული კლასის საგნობრივ სასწავლო გეგმებს, საფეხურებრივ მიზნებს და ა.შ.

რა თქმა უნა, რთული და შრომატევადია სასკოლო კულტურის მშენებლობა, გაჯანსაღება და განვითარება, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მიღწევადია, მითუმეტეს რომ სასკოლო კულტურა ყველა სასკოლო საზოგადოების წარმატების და წინსვლის ფუნდამენტია.

 

ანა ანუშიძე

27.02.2025

 

No comments:

Post a Comment

სასწავლო პროექტი „ბავშვთა უფლებები და მხატვრული ლიტერატურა“

  სსიპ ქ. თბილისის № 141 საჯარო სკოლაში საქართვლოს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწა...