Sunday, March 30, 2025

სასწავლო პროექტი „ბავშვთა უფლებები და მხატვრული ლიტერატურა“

 


სსიპ ქ. თბილისის 141 საჯარო სკოლაში

საქართვლოს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქ-მა ნინო ჯალაღონიამ განახორციელა

 სასწავლო პროექტი

„ბავშვთა უფლებები და მხატვრული ლიტერატურა“

მასწავლებლისთვის განსაკუთრებული სიხარულია როდესაც მისი იდეის გაზიარება ხდება სხვა, ახალ სასკოლო სივრცეში, და ახალი სახით იბადება. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგიზიაროთ, იდეა "სკოლის ბავშვთვა ომბუდმსენის" შესახებ გაიზიარა და განსაკუთრებით საინტერესო ფორმატით განახორციელა საქართვლოს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქ-მა ნინო ჯალაღონიამ.

სასწავლო პროექტის მიზანი, რომელიც სამი თვის მანძილზე გრძელდებოდა სსიპ. ქ. თბილისის №141 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასებში, ბავშთა უფლებების შესახებ მოსწავლეთა სრული ინფორმირება და სიღრმისეული ცოდნის მშენებლობა იყო - შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის დამუშავების, გაანალიზების  და მრავალფეროვანი შუალედური და გამამთლიანებელი ახალი სასკოლო სასწავლო რესურსების შექმნის გზით.

სასწავლო პროექტის ფარგლებში სიღრმისეულად მოხდა შესწავლა და დამუშავება შემდეგი საბავშვო მხატვრული ლიტერატურის:

„ცხოვრება და კანონი“ - ილია ჭავჭავაძე

„გიმნაზისტკა“ - ანა სამადაშვილი-კორძაია

„მარიტა“ - გიორგი ლეონიძე

„ბოშები“ - ნოდარ დუმბაძე

„სკოლა - პატარა სახელმწიფო“ - დიმიტრი უზნაძე

„მოგზაურობა აფრიკაში“ - ნუგზარ შატაიძე

„ბიჭი და ძაღლი“ - არჩილ სულაკაური

მოსწავლეებმა გაიცნეს და დაამუშავეს ბავშვთა უფლებების კონვენცია, განიხილეს და იმსჯელეს თითოეული მუხლის მიზეზ-შედეგიანობაზე.

ერთობლივი მუშაობით შექმნეს მრავალფეროვანი შინაარსის, დიზაინის და ფორმატის კომიქსები, ბუკლეტები, ესეები, საბავშვო მოთხრობები და პოსტერები. გასახარია, რომ აღნიშნული რესურსების სასკოლო საზოგადოებაში პრეზენტაციამ ხელი შეუწყო სკოლის მოსწავლეთა დაინტერესებას როგორც ბავშვთა უფლებების გაცნობა - გააზრების, ისე სასწავლო პროექტში განხილული და სხვადასხვა კუთხით წარმოჩენილი მხატვრული ლიტერატურის გაცნობის მიმართულებით.

ჩემი მხრივ, მსურს გამოვხატო აღფრთოვანება ქ-ნი ნინოს და მისი არაჩვეულებრივი მოსწავლეების შთამაგონებელი შრომის მიმართ და ვუსურვო მრავალი ახალი წარმატება! 

საოცრად სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა.





ანა ანუშიძე

30 მარტი, 2025 წ.


Tuesday, March 11, 2025

თუკიდიდეს „პელოპონესის ომების ისტორიიდან“ მელოსელთა დიალოგის შესახებ

 


თუკიდიდეს

„პელოპონესის ომების ისტორიიდან“

მელოსელთა დიალოგის შესახებ

პელოპონესის ომები მიმდინარეობდა ძველი საბერძნეთის ორ მოწინავე ქალაქ-სახელმწიფოს ათენსა და სპარტას შორის ძვ.წ. V საუკუნეში, რომლებიც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ზრდასთან ერთად, ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლუსად ჩამოყალიბდა, მათ შეძლეს თითქმის ყველა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო გაენაწილებინათ საკუთარ ალიანსში და ჩაებათ 27- წლიან ომში. პელოპონესის ომი საბოლოოდ სპარტისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებით დასრულდა, და მსოფლიოს მრავალი საინტერესო გაკვეთილი დაუტოვა. ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილია - მელოსელთა ისტორია, ის დიალოგი რომელიც ათენელ ელჩებსა და მელოსელ მთავრობისა და წარჩინებულ მოქალაქეთა წარმომადგენლებს შორის შედგა  და დღემდე წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკაში, პოლიტიკური რეალიზმის თეორიის ძლევამოსილების მტკიცებულებას.

კუნძული მელოსი - ლაკედემონელთა ახალშენი იყო, ის ათენელებს არ ემორჩილებოდა. ათენს კი საბერძნეთში ჰეგემონობისთვის, სავაჭრო გზებზე და ბაზრებზე დომინირებისთვის, რასაც საბოლოოდ მისთვის სასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მოტანა შეეძლო, სჭირდებოდა მელოსის დაპყრობა. მელოსის დაპყრობა თვითმიზანი არ იყო, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი საბოლოო მიზნის მიღწევისკენ. ათენელებმა მელოსელებს, საომარი მოქმედებების დაწყებამდე ელჩები გაუგზავნეს. წარგზავნილი ელჩები მელოსელებმა, სახალხო კრებაზე არ მიიწვიეს და ამის ნაცვლად მათ მთავრობის წარმომადგენლებისა და წარჩინებული მოქალაქეებისგან შემდგარ კრებაზე შესთავაზეს მოლაპარეკების გამართვა.

განსხვავებული იყო ორივე მხარის დამოკიდებულება და მოლოდინები მოლაპარაკების პროცესთან და მოსალოდნელ შედეგბთან დაკავშირებით. მელოსელები თვლიდნენ რომ მათ ორი არჩევანი ჰქონდათ: ომი თავისუფლების შენარჩუნებისთვის ან დანებება და ათენელთა კოლონიად ქცევა. ათენელები კი თვლიდნენ, რომ მელოსელებს უნდა აერჩიათ იარსებებდნენ თუ შეწყვეტდნენ არსებობას. ისინი აზროვნებდნენ კლასიკური რეალიზმის პრინციპების თანახმად - თვლიდნენ, რომ ძლიერი ითხოვს და სუსტი ემორჩილება ან ქრება, რომ სახელმწიფოსთვის უპირველესი მიზანი გადარჩენაა და შესაბამისად, მოლაპარაკება ომის წინ მელოსელთა  ფიზიკური  გადარჩენისთვის ხსნა იყო.

მელოსელები ათენელების დაყოლიებას შეეცადნენ, სთხოვდნენ მათთვის ნეიტრალურ მხარედ დარჩენის საშუალება მიეცათ, ერთი მხრივ, დელოსის (ათენის დომინირებით)  და მეორე მხრივ, ლაკედემონის (სპარტის დომინირებით) სიმაქიებს შორის. ცდილობდნენ ათენელებისთვის მათთან ომი საზიანო გადაწყვეტილებად წარმოეჩინათ იმ  არგუმენტით რომ თუ ათენი მელოსს ნეიტრალურ მხარედ დარჩენის ნებას არ მისცემდა და დაიპყრობდა, ამით სხვა, დანარჩენ, ნეიტრალურ ქალაქ-სახელმწიფოებსაც მტრად მოიკიდებდა.

მელოსის თხოვნაზე ათენელებმა უპასუხეს, რომ ისინი იმდენად სუსტები არიან, მათი მტრობით ათენს ვერ დააზარალებენ, რომ სპარტასთან ალიანსის შეკვრის და ამით მელოსის გაძლიერების იმედი ფუჭია და მათი ბედი ბეწვზე ჰკიდია.

მელოსის გადარჩენის გზა, ათენელთა ხედვით მელოსის ათენის კავშირში შესვლა და ხარკის გადახდა იქნებოდა. პროტექტორატის მიღების სანაცვლოდ კი მელოსის მცხოვრებლებს შეზღუდული სუვერენიტეტი შეუნარჩუნდებოდათ.

„თქვენი უმყარესი საყრდენი - მომავლის იმედია. თქვენი ძალები მეტისმეტად სუსტია ჩვენს ძლევამოსილებასთან შედარეიბთ, რომელსაც თქვენ ვერ დაძლევთ. ამიტომ, თქვენი მხრიდან, სრულებით არაგონივრული იქნებოდა ჩვენი უკან გაბრუნება, და უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმა. იმ გრძნობას, რომელსაც თქვენ ღირსებას უწოდებთ,  ნათელად და არსებითად, მიჰყავხართ გამოუსწორებელი უბედურებისკენ. თქვენი სამარცხვინო წინდაუხედაობა მოგიტანთ  სირცხვილსა და სიკვდილს. იყავით კეთილგონიერნი, განერიდეთ ამას. ისინი ვინც არ უთმობენ მათ ტოლს, ძლევამოსილებთან იქცევიან კეთილგონივრულად და სუსტებთან მოზომილად  - უფრო გონივრულ შედეგებს იღებენ.“

პასუხად, მელოსელებმა კვლავ გააჟღერეს პირვანდელი პოზიცია -  „ჩვენი აზრი და სურვილი უცვლელია, არ გვსურს დავთმოთ თავისუფლება, რომელითაც 700 წელია ვსარგებლობთ. ჩვენ ვცდით ჩვენი თავისუფლების შენარჩუნებას. თქვენ მშვიდობას და მეგობრობას გთავაზობთ, ვისურვებთ ნეიტრალურ მხარედ დავრჩეთ,  გთხოვთ, დატოვოთ ჩვენი ქვეყანა, და ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება დავდოთ.“

ათენელებმა, ჩათვალეს რომ ამით მოლაპარაკებები დასრულდა და უპასუხეს: „თქვენ ერთადერთნი ხართ ვისთვისაც მომავალი უფრო სარწმუნოა, ვიდრე აწმყო რომელიც თქვენს თვალწინ არის, იმიტომ რომ თქვენ ისურვებდით ასე ყოფილიყო. თქვენი რწმენა ემყარება სპარტელების დახმარებას, ბედს, და ღმერთების ნებას, სწორედ ამაში აღმოჩნდებით მოტყუებულნი. თქვენ ეყრდნობით ბედს, რისკავთ ყველაფრით და დაკარგავთ ყველაფერს.“

შემდეგ, ათენიდან წარგზავნილმა ელჩებმა დატოვეს მოლაპარაკება, შეუერთნენ ჯარს, დაიწყეს საომარი მოქმედებები, მელოსს ალყა შემოარტყეს... საბოლოოდ მელოსმა ათენელთა ძალას ვერ სძლია. დანებდნენ, ათენელებს, რომლებმაც ამოხოცეს ყველა ზრდასრული მელოსელი მამაკაცი, ქალები და ბავშვები მონად აქციეს, მოგვიანებით კი მელოსელთა ქალაში 500 კოლონისტი დაასახლეს.


საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური რეალიზმის თეორია ისტორიის ამ გაკვეთილს ასე ახსნის: პოლიტიკაში, ის თუ რა არის მორალური და სამართლიანი განისაზღვრება ძლიერის მიერ, სახელმწიფოებმა კი უპირველესად გადარჩენაზე  უნდა იზრუნონ და საკუთარი ძალების იმედი იქონიონ. ალიანსი პანაცეა არ არის და ყოველთვის ვერ შეაკავებს მოწინააღმდეგეს, ალიანსის წევრობა არ არის გარანტია რომ მოკავშირე ყოველთვის დაგეხმარება ან შეძლებს დახმარებას. ძალა ერთადერთია რასაც მოწინააღმდეგე გაიგებს. 

ანა ანუშიძე

11.03.2025

სასწავლო პროექტი „ბავშვთა უფლებები და მხატვრული ლიტერატურა“

  სსიპ ქ. თბილისის № 141 საჯარო სკოლაში საქართვლოს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწა...