განმავითარებელი, მომავალზე
ორიენტირებული, შეფასება
როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ გამოვყო დამატებითი
დრო იმისთვის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრო სწავლა - სწავლების პროცესის შესახებ.
ვსაუბრობთ სხვადასხვა ფორმის დავალების შესრულების,
რესურსების დამუშავებისა და აქტივობებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ასევე ვთხოვ მოსწავლეებს
შეაფასოსნ ჩვენი გაკვეთილები, ჩვენი აქტივობები, დავალებები და შეფასებებიც, რომლებსაც
ჩემგან ღებულობენ.
ერთ - ერთი ასეთი მსჯელობა გვქონდა შეფასების ფორმებთან
დაკავშირებით. განვიხილეთ განმსაზღვრელი (ქულებით) და განმავითარებელი (სიტყვიერი)
შეფასების ძლიერი და სუსტი მხარეები. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები თუ რომელი
ფორმის შეფასება იყო მათთვის უფრო ინფორმაციული, მოტივაციის მიმცემი და სასარგებლო.
ვისაუბრეთ თუ რა სიხშირით იქნებოდა უფრო სასარგებლო განმავითარებელი შფასების მიღება
და რისი გაგება სურდათ განმავითარებელი შეფასების გზით. ბოლოს, მათ სტიკერებზე დამიწერეს
შემაჯამებელი კომენტარები. მინდა რამდენიმე ასეთი კომენტარი უცვლელი სახით გაგაცნოთ.
მართალია, განსაკუთრებით მრავალკონტიკენტიანი კლასების
მასწავლებლებისთვის თითოეული მოსწავლისთვის თუნდაც წელიწადში ათი განმავითარებელი კომენტარის
მომზადება მეტად რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მე მინდა ეს მნიშვნელოვანი
საკითხი მოსწავლის ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე განვიხილო.
განმსაზღვრელი შეფასება, თავისი არსით, ადგენს მოსწავლის
მიერ შესრულებული დავალების და განხორციელებული აქტივობის ხარისხის შეფასებას. მაშინ,
როცა განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს აჩვენებს, არა მხოლოდ, მისი შესრულებული დავალების
და განხორციელებული აქტივობის ხარისხს, არამედ ძლიერ და სუსტ მხარეებს, და რაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, აჩვენებს განვითარების გზებს, კონკრეტულ რჩევებს, თუ როგორ უნდა აღმოფხვრას
ხარვეზი, რომ შემდეგი დავალება/აქტივობა უფრო ხარისხიანად შეასრულოს და წარმოადგინოს.
განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშრებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მისი არსი მოსწავლის
მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვაა კონკრეტული რჩევების მიწოდებით. ცალსახაა, რომ
განმავითარებელი შეფასების მომზადება რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ მოსწავლის
გავითარებაზე სწორედ ამ ტიპის შეფასებაა ორიენტირებული.
მოსწალეების მოსაზრებებისა და ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებიდან
გამომდინარე შემიძლია აღვნიშნო, რომ განმსაზღვრელი შეფასება ხშირად ყოფილა სტრესის
მიზეზი მოსწავლეებს შორის. მრავლად ყოფილა
შემთხვევა, როდესაც არასასურველი ქულის მიღების არიდების მიზნით უარი უთქვამთ
მოსწავლეებს დავალების წარდგენასა და აქტივობებში მონაწილეობაზე. ასევე, არასასურველი
ქულა ხშირად ყოფილა მნიშვნელოვანი დემოტივატორი სწავლა - სწავლების პროცესში.
დავესესხები დიმიტრი უზნაძეს, რომელიც მიიჩნევდა, რომ
სწავლა - სწავლების პროცესიდან ციფრების, ანუ განმსაზღვრელი შეფასების, განდევნა უნდა
მოხდეს, რადგან ის სუბიექტურ ხასიათს ატარებს
და ხელს უშლის ნდობის ატმოსფეროს შექმნას. ბავშვის გულიც და ცნობიერებაც ღია რომ იყოს იმისთვის, რაც მას მიეწოდება საჭიროა ნდობისა
და სიყვარულის ატმოსფეროს ჩამოყალიბება და შნარჩუნება.
რა უნდა გავითვალისწინოთ
განმავითარებელი შეფასების მომზადების და მიწოდების დროს?
განმავითარებელმა შეფასებამ მოსწავლის განვითარების მიმართულებით ეფექტიანად
რომ იმუშაოს, უნდა იყოს ინფორმაციული, ნათელი და გასაგები ენით დაწერილი. ჰქონდეს პოზიტიური
შესავალი და დასკვნითი ნაწილი. პოზიტიურ შესავალს, სადაც ნაშრომის ძლიერი მხარეები
იქნება აღნიშნული, მოსდევდეს ნაშრომის სუსტი
მხარეების აღნიშვნა მათი გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითებით. ნაშრომის სუსტი
მხარეების გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითების დროს უნდა გავითვალისწინოთ,
რომ ისინი რეალურად შესრულებადი, დაძლევადი იყოს მოსწავლის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში,
ჩვენს მიერ შეთავაზებული გზები მოსწავლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ნაცვლად მის დემოტივაციას
გამოიწვევს. ამიტომ, ავირჩიოთ ნაშრომის სუსტი მხარეებიდან ერთ ან რამდენიმე კონკრეტული
ორიენტირი და მისი გაუმჯობისთვის საჭირო რჩევები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეს. ერთდროულად
ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე
კონცენტრირებით მოსწავლეებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე დამოუკიდებლად
მუშაობა და ნაშრომების ხარისხობრივი გაუმჯობესება. დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებობაში მოსწავლის
დარწმუნებასთან ერთად, ჩვენი მიზანია მოსწავლე იმაშიც დავარწმუნოთ, რომ საჭიროების
შემთხვევაში ჩვენ მას დავეხმარებით პროგრესის მიღწევაში.
მნიშვნელოვანია, რომ განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია
გავუზიაროთ მოსწავლეს ვერბალური ან წერილობითი სახით. ამასთან განმავითარებელი შეფასება
უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური. განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობისთვის,
სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის წარდგენიდან 24 საათში მივაწოდოთ
მოსწავლეს. და ბოლოს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასება
სწორად გაიგო და აღიქვა ჩვენმა მოსწავლემ, დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ვუპაუსხოთ მის
დამატებით კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე საუბარი მინდა
შევაჯამო ჩემი ერთ - ერთი მოსწავლის სიტყვებით: „დავფიქრდი და გამახსენდა ადრე როგორ მინდოდა, რომ კომენტარებით შეეფასებინათ
ჩემი ნამუშევარი. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ნიშნის დაწერა, ეს უბრალოდ რიცხვებია
ხოლო სიტყვებით შენ გული გევსება სიხარულით და მზად ხარ, რომ გაუჩერებლად იმუშაო და
არ დანებდე სირთულეების წინ“.
ანა ანუშიძე
21 აპრილი 2021 წ.
No comments:
Post a Comment