რატომ
გვჭირდება მეწარმეობის სწავლა სკოლაში
მეწარმეობა
არის უნარი, რომლის განვითარებაც მოამზადებს მოსწავლეს, იმისთვის რომ საკუთარი და
თანამოაზრეების სამეწარმეო იდეები რეალობად აქციოს, წამოიწყოს, ორგანიზება გაუწიოს
და განავითაროს მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა.
მეწარმეა
ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი შექმნას, მართოს და მიიღოს მოგება საკუთარი
ან თანამოაზრეებთან ერთად დაწყებული საქმისგან და სწევს გონივრულ რისკებს მოგების
მიღებისთვის. მეწარმეობის, როგორც უნარის და შესაძლებლობის განვითარების
პირდაპირპროპორციული შედეგი ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნაა.
სწორედ
მეწარმეები არიან ახალი იდეებისა და გამოგონებების მთავარი წყაროები. მეწარმეები მხარს უჭერენ წარმოების პროცესში კვლევის
აქტიურად გამოყენების პრაქტიკას, ავითარებენ და უზრუნველყოფენ ახალი პროდუქტებისა
და მომსახურებების მიწოდებას ბაზარზე, ქმნიან ახალ საწარმოებსა და სამუშაო
ადგილებს, რითაც წვლილი შეაქვთ
საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.
სამეწარმეო
საქმიანობის განვითარება დამოკიდებულია:
1) რისკზე წასვლის უნარზე - ნებისმიერი ახალი საქმის წამოწყება დაკავშრებულია რისკთან. მეწარმე უნდა იყოს თამამი და ჰქონდეს რისკების შეფასების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
2) ინოვაციებზე - ახალი იდეები მნიშვნელოვანი საწყისია სამეწარმეო საქმიანობისთვის, კომპანიის/საწარმოს შექმნისთვის, განვითარებისთვის და მოგების მიღებისთვის. მეწარმე მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი პროდუქტის/მომსახურების განვითარებაზე.
3) შორსმხედველობისა და ლიდერის უნარებზე - წარმატების მიღწევისთვის, მეწარმეს უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა თავისი წარმოების წამოწყებისა და განვითარებისთვის. თუმცა, იდეის ცხოვრებაში განხორციელებისვის საჭიროა რესურსები და თანამოაზრეები. მომავალი მეწარმისთვის პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს ლიდერის უნარებს. სწორედ ლიდერები მიმართავენ თავიანთ თანამშრომლებს და წარმოებას წარმატებისკენ.
4) ნათელ გონებასა და აზროვნებაზე - სამეწარმეო საქმიანობისთვის, ნებისმიერი გარეომოება შეიძლება იქცეს შესაძლებლობად და გამოყენებული იყოს წარმატებისთვის.
5) მოქნილობაზე - მეწარმე უნდა იყოს მოქნილი და შეეძლოს ცვლილებებზე ეფექტიანი რეაგირება. წარმატების პიკზე მყოფი მეწარმეც კი უნდა იყოს მზად ცვლილებებისთვის.
6) იმ პროდუქტის/მომსახურების ზედმიწევნით ცოდნაზე, რომელსაც აწარმოებს/გეგმავს რომ აწარმოოს - მეწარმე, უნდა იცნობდეს იმ პროდუქტს/მომსახურებას რომლის წარმოებასაც გეგმავს. მეწარმე ბაზარზე არსებული ვითარების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და ინტერესების საქმის კურსში უნდა იყოს.
მიუხედავად
იმისა, რომ სხვადასხა ძირითადი და არჩვითი საგნის ფარგლებში, მაგალითად სამოქალაქო
განათლებაში, გეოგრაფიაში, სახელმწიფო და ეკონომიკაში - ვამუშავებთ ისეთ საკითხებს
როგორებიც არის: კონკურენცია, კონკურენციის სახეები, საბაზრო ეკონომიკის ძირითადი
პრინციპები, SWOT ანალიზი,
სტრატეგიული გეგმების შემუშავება, (იხ.
ვიდეო გაკვეთილი გეოგრაფიაში, თემაზე: ვაჭრობა, ვაჭრობის სახეები და
ფორმები),
აუცილებელია, მეწარმეობის ფოკუსირებულად შესწავლა, სადაც მოხდება
კონკრეტული წარმატებული და წარუმატებელი სამეწარმეო მაგალითების განხილვა და
გაანალიზება, როლური თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს მოსწავლეებში
სამეწარმეო უნარების აღმოჩენას და განვითარებას. იმისთვის, რომ მეტი წარმატებული
მეწარმე გვყავდეს, მნიშვნელოვანია სკოლიდანვე ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების
სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეწარმეობის
სწავლება.
ანა
ანუშიძე
31 მაისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment