წახალისებული
უინიციატივობა
საკმარისია რაღაც როგორღაც შესრულდეს?! გადაწერა, სხვისი
ნამუშევრის მითვისება სრულად ან ნაწილობრივ... სხვის ნამუშევარზე საკუთარი გვარიც რომ
მიაწერო? ეს ხომ ჯგუფური მუშაობა გამოვა? მთავარია, „საქმე გაკეთდა“.
რამდენად მოიტანს სასურველ შედეგს თუ თავდაყირა დავაყენებთ
ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია ეფექტიანი მუშაობისთვის, გამოვაცლით არსს და საპირისპიროთი
შევცვლით. აი მაგალითად, თანამშრომლობა ნიშნავდეს სხვის მაგივრად საქმის კეთებას, ჯგუფური
მუშაობა - სხვების მაგივრად საქმის კეთებას, გაზიარებული პასუხისმგებლობა კი არავის
პასუხისმგებობას.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯგუფური მუშაობა კოორდინირებულ
ინდივიდუალურ მუშაობას ნიშნავს, სადაც შედეგებზე პასუხისმგებლობა გაზიარებულია ანუ
ყველა გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას სასურველი შედეგის მიღების საქმეში, ამიტომაც
მუდმივად თანამშრომლობენ ანუ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას, შეხედულებებს უზიარებენ
ერთმანეთს.
ასე ხომ შედეგიც ეფექტიანად მიიღწევა და მუშაობის პროცესში
თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდაც არ დააყოვნებს? ცხადია, ამგვარ მუშაობას უკეთესი
ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ „რაღაც“ მაინც გვიშლის ხელს. ეს „რაღაც“ წახალისებული
უინიციატივობაა.
რა არის და როგორ ვლინდება წახალისებული უინიციატივობა?
ეს მოცემულობაა, რომელიც არასაჭიროს ხდის განვითარებას, წინსვლისკენ სწრაფვას. სამწუხაროდ, უინიციატივობის წახალისება ბავშობიდან
იწყება.
მაგ: თუ მოსწავლემ წინასწარ იცის, რომ მასწავლებლის
მიერ დავალებად მიცემული ამოცანის ხარისხიანად შესრულების შემთხვევაშიც და დავალებასთან
ერთად, დამატებით საკუთარი ინიციატივით მოსინჯული და შესრულებული რთული კატეგორიის
ამოცანების შესრულების შემთხვევაშიც ერთი და იგივე უკუკავშირს მიიღებს, დიდი ალბათობით
ის მხოლოდ იმ დავალების შესრულებით შემოიფარგლება, რომელიც მასწავლებელმა დაავალა.
მაგ: მასწავლებელი, რომელმაც წინასწარ იცის, რომ მის
მიერ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვისაც და აუცილებლად
შესასრულებელ სამუშაოსთან ერთად დამატებით
საკუთარი ინიციატივით შესრულებული სხვადასხვა სასკოლო თუ საზოგადოებრივი სამუშაოების
შესრულების შემთხვევაშიც ერთი და იგივე უკუკავშირს მიიღებს, დიდი ალბათობით ისიც, მხოლოდ
აუცილებლად შესასრულებელი საქმიანობით შემოიფარგლება.
რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც,
რომლებიც საკუთარი მისწრაფებების და პრინციპების შესაბამისად ცდილობენ, როგორც საკუთარი
თავის, ისე საზოგადოების განვითარებას, მიუხედავად წახალისებული უინიციატივობისა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სხვადასხვა სფეროს და
საზოგადოების განვითარებისთვის. განვითარებისთვის გვჭირდება ინიციატივების წახალისება,
ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად დაფასება.
ანა ანუშიძე
1 ივლისი, 2021 წელი
No comments:
Post a Comment