10 მთავარი გამოწვევა სკოლებისთვის მთელს
მსოფლიოში
სკოლების უკეთ მართვის
მიზნით, მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად განახლებადი
ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საერთოა როგორც ეროვნულ, ისე
საერთაშორისო დოენეზე. სწორედ ამ მიზნით, შეგვიძლია გავაერთიანოთ და ერთ სიბრტყეზე
წარმოვადგინოთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც საერთოა სკოლებისთვის, მთელს
მსოფლიოში. ქვემოთ წარმოდგენილია 10 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა:
1)
საკლასო ოთახში მოსწავლეთა გადაჭარბებული
რაოდენობა.
როდესაც ვსაუბრობთ კლასში მოსწავლეთა ჭარბ რაოდენობაზე, უნდა აღვიშნოთ როგორია
ოპტიმალური რაოდენობა და რისთვის არის აუცილებელი, რომ არ გვქონდეს კლასში
მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ სწავლა -
სწავლების პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის კლასში მოსწავლეების რაოდენობა
უნდა იყოს 15 – 17. საკლასო ოთახში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს
პრობლემების თაიგულს: მოსწავლე ვერ ახერხებს სრულყოფილად გამოხატოს საკუთარი
მზაობა, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვა, მიიღოს სრულყოფილი
უკუკავშირი მასწავლებლისგან, თანაკლასელებისგან. მასწავლებელი ხშირად დგება
დილემის წინაშე (ა) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინოს ყველა მოსწავლის
პასუხი, რაც ხშირად უინტერესო პროცესად იქცევა ხოლმე მოსწავლეებისთვის,
(წარმოიდგინეთ ერთი და იგივე საკითხი ან პრობლემა განხილული 30 - ჯერ.) ან (ბ)
მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისგან მოისმინოს პასუხი, შესაბამისად დანარჩენ
მოსწავლეებს არ ექნებათ საშუალება თქვან სათქმელი, გამოხატონ საკუთარი თავი,
წარმოაჩინონ ნამუშევრები აუდიტორიის წინაშე.
2)
სიღარიბე. სწავლა-სწავლების პროცესში სრულყოფილად
ჩართვისთვის და განვითარებისთვის, ყველა ბავშვს ესაჭიროება ბაზისური
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგალითად: ჯანსაღი და სტაბილური საცხოვრებელი
გარემო და სამეცადინო სივრცე, ჯანსაღი კვება, დროული და ადეკვატური სამედიცინო
სერვისების მიღება, სეზონის შესაფერისი სამოსი, საჭირო სასწავლო და სათამაშო
ნივთები. მაშინ, როდესაც ეს ბაზისური პირობები არ არსებობს სიღარიბის გამო,
იქმნება სტრესული გარემო, ბავშვი ვერ ახერხებს კოცენტრირება მოახდინოს სწავლაზე,
სწავლა - სწავლების პროცესში ჩართულობაზე, უჩნდება კომპლექსები, ადარებს საკუთარ
თავს და საკუთარ მატერიალურ შსაძლებლობებს თანატოლებს და თანატოლების მატერიალურ
შესაძლებლობებს, შესაბამისად იზრდება ალბათობა, რომ გახდეს ბულერი ან ბულინგის
მსხვერპლი.
3)
ოჯახური პრობლემები. ყველაზე გავრცელებული ოჯახური
პრობლემებია: განქორწინება, განქორწინების შემდგომი კონფლიქტები და დისკომფორტი, მარტოხელა მშობელი, სხვადასხვაგვარი ფორმის ძალადობა
ოჯახში, ოჯახის წევრების ფსიქიკური ავადობა/დამოკიდებულება მავნე
ნივთიერებებზე. თითოეული ჩამოთვლილი
პრობლემა, სულ მცირე, იწვევს ბავშვში არასტაბილურობის და შიშის განცდას, რაც ხელს
უშლის მის ნორმალურ განვითარებას, სწავლაზე ფოკუსირებას და სწავლა - სწავლების
პროცესში ჩართულობას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ბავშვისთვის როლურ მოდელად
შეიძლება იქცეს არაჯანსაღი ცხოვრების წესი.
4)
ტექნოლოგიების სიმწირე ან/და არაეფექტიანი
გამოყენება.
ტექნოლოგიები ისევე, როგორც ყველა სიახლე კაცობრიობის ისტორიაში, აუცილებელია
სწორად გავაცნოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მათი გამოყენება როგორც
თვითგანვითარებისთვის, ისე გარემოსა და ქვეყნის განვითარების მიზნით. ამ კეთილი
მიზნებისთვის, მოსწავლეებისთვის სწავლა - სწავლების პროცესში ხელმისაწვდომი უნდა
იყოს მათი გამოყენება. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა
სახლში იმუშაონ ტექნოლოგიების გამოყენებით, უნდა ჰქონდეთ სკოლაში ტექნოლოგიების
თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეები ვერ
მიიღებენ თანამედროვე გამოწვევების ადეკვატურ განათლებას, რომელსაც სწავლების
დასრულების შემდეგ გამოიყენებენ ან სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით.
5)
ბულინგი და მობინგი. ინდივიდუალური და ჯგუფური ძალადობა,
კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც წესი,
განარჩევენ ფსიქოლოგიურ, ვერბალურ, ფიზიკურ და კიბერ ძალადობის ფორმებს. როგორც
წესი ამ პრობლემის პრევენციისთვის მუშაობა ადრეული ბავშვობიდან, ჯერ კიდევ
საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. აღსაზრდელებს დეტალურად, სხვადასხვა როლური
თამაშის, ვიზუალიზაციის საშუალებით უნდა განემარტოთ თუ რა არის ბულინგი/მობინგი,
როგორ უნდა დაიცვან თავი, რა უნდა მოიმოქმედონ თუ მსხვერპლი გახდნენ და რაც კიდევ
უფრო მნიშვნელოვანია სწორი სოციალური აზროვნება, რომ ბულინგი/მობინგი დანაშაულია
და მსგავსი შემთხვევის შესახებ აუცილებლად უნდა მიმართონ (დარეკონ/გაუგზავნონ
წერილი) შესაბამის ორგანოებს.
6)
მოსწავლის ქცევა და დამოკიდებულება. აქ იგულისხმება მოსწავლის ასოციალური,
სწავლა-სწავლების პროცესის გამართულად ფუნქციონირებისთვის, სასკოლო კულტურასთან და
უსაფრთხო სასწავლო გარემოსთან შეუსაბამო ქცევა მაგ: უხეშობა, გულგრილობა,
უპატივცემულო დამოკიდებულება,
დაუმორჩილებლობა. მოსწავლის ასოციალური ქცევის მართვა და სოციალურ ქცევად
გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: (1) როდესაც სკოლაში გვაქვს
მდგრადი სასკოლო კულტურა და უსაფრთხო სასწავლო გარემო. (2) როდესაც ერთმანეთთან
შეთანხმებულად/კოორდინირებულად თანამშრომლობენ კლასის ხელმძღვანელი და მშობლები
ან/და მოსწავლის კაონიერი წარმომადგენელი პრობლემის გადაჭრისთვის.
7)
„უკანა მერხზე მჯდომი“ მოსწავლე - პრობლემა რომელსაც საფუძველი ხშირად
პირველივე კლასიდან ეყრება არასწორად წარმართული სწავლა - სწავლების პროცესის
შედეგად. ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ გამუდმებული ტესტირებებით,
საჭიროა ისეთი სწავლა - სწავლების პროცესი, რომელიც ყველა მოსწავლეზე იქნება
მორგებული, რომელში ჩართვაც ყველა მოსწავლეს შეეძლება და ყველასთვის იქნება
საინტერესო. პატარა ნაბიჯებით საერთო მიზნების მიღწევისკენ.
8)
მშობლების ჩართულობა. მშობლების ჩართულობა სწალა - სწავლების
პროცესში აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია ის მიმართული იყო მოსწავლის პიროვნული
და გონებრივი განვითარებისკენ და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შეფასებების
კონტროლით და არასასურველი შეფასების აღმოჩენის შემთხვევაში მკაცრი სასჯელის
ორგანიზებით.
9)
ჯანმრთელობის პრობლემები. უსაფრთხოება გარემოს უზრუნველყოფა
სკოლაში და სახლში. ორიენტირება მოსწავლისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე გულისხმობს
როგორც ჰიგიენის დაცვას, ისე მთლიანად სკოლის შენობის ადაპტირებას სხვადასხვა
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კვალიფიციური ფსიქოლოგის/ფსიქოლოგთა ჯგუფის მუდმივად ყოფნა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს პოზიტიურ და მდგრად ფსიქოლოგიურ გარემოს.
10)
დაფინანსება. სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანად
წარმართვისთვის აუცილებელია როგორც სათანადო კვალიფიკაციის მქონე მოტივირებული
მასწავლებლების დაქირავება, ისე სრულად მოწყობილი საკლასო ოთახების, თემატური
სამუშაო სივრცეების და მთლიანად სკოლის შენობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში
მოყვანა. ამ ყველაფერს სჭირდება დაფინანსება. ამიტომ, აუცილებელია სკოლის ლიდერის
და მისი გუნდის მხრიდან მასწავლებლების განვითარებისთვის და სკოლის შენობის უკეთ
მოწყობისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვა, სასკოლო რესურსების ეფექტიანად მართვა.
ამისთვის კი სკოლის ლიდერი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს ადგიობრივ
ხელისუფლებასთან, შესაბამის კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, აფართოებდეს
საქმიან კავშირებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით, ერთვებოდეს
სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში.
22 თებერვალი, 2022 წელი
ანა ანუშიძე
No comments:
Post a Comment