ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების წინაშე მდგარი
მთავარი გამოწვევები და იდეები მათი დაძლევისთვის
თანამედროვე სამყარო, ქმნის რა ცვალებად გარემოს მუდმივად მზარდი მოთხოვნებით,
ტექნოლოგიური სიახლეებით და მრავალფეროვანი გამოწვევბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც
აიძულებს იყოს მოქნილი და პასუხობდეს მათი მთავარი სამიზნის, მოსწავლის, ინტერესებს,
უზრუნველყოფდეს თითოეული მოსწავლის მხარდაჭერას პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის.
ამ მიზნით, საინტერესოა ევროკავშირის, ერთ - ერთი სტრუქტურის, ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად გაკეთებული დასკვნითი ანგარიში „ევროპული იდეები საუკეთესო სწავლებისთვის“. დასკვნაში საუბარია იმ გამოწვევებსა და მათი დაძლევის შესაძლო მიმართულებებზე, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ანგარიშში აქცენტირებულია შემდეგი მთავარი გამოწვევები:
ა) სკოლის, როგორც მსწავლელ საზოგადოების და სასწავლო ორგანიზაციის განვითარება;
ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
გ) განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოსწავლეთა
ჯგუფების მხარდაჭერა;
დ) ინოვაციების მხარდაჭერა;
ე) ერთიანი შეთანხმებული პოლიტიკისა და შესაბამისი ქმედებები;
ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევები, შეგვიძლია მივიჩნიოთ აქტუალურად არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვივს. მოდით ვრცლად გავეცნოთ მათ თავისებურებებს.
სკოლის, როგორც მსწავლელ საზოგადოების და სასწავლო ორგანიზაციის განვითარება
ამ მიმართულებით, აღნიშნულია რომ სწავლა - სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას
უნდა ახორციელებდეს სკოლა, ერთი მხრივ, საკუთარი და სხვა სკოლების გამოცდილების გააზრებით
და დასკვნების გამოტანით, მეორე მხრივ კი ეროვნულ
დონეზე აღიარებული სტანდარტების და ჩარჩოების შესაბამისად.
იმ სკოლებში, რომლებიც საკუთარი მოსწავლეების შედეგებით ადასტურებენ რომ ადეკვატურად უმკლავდებიან მათ წინაშე მდგარ ამოცანებს, გარე შემმოწმებელი კომისია ხუთ წელიწადში ერთხელ ესტუმრება, რათა დაადასტუროს შედეგების ადეკვატურობა. ხოლო, სკოლებში, რომლებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან, რომ ვერ გაართმევენ თავს მათ წინაშე მდგარ ამოცანებს და მათი მოსწავლეები არადამაკმოყოფილებელ შედეგებს აჩვენებენ, გარე შემმოწმებელი კომისია ყოველწლიურად ეწვევა, არსებული სურათის შესასწავლად და შესაბამისი მხარდაჭერის მიზნით საჭირო რეკომენდაციების შესამუშავებლად და მისაწოდებლად. აქვე აღნიშნულია, რომ სკოლა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და უმჯობესდებოდეს მოსწავლეთა შედეგები, თუ ასე არ ხდება და შეინიშნება სტაგნაცია, ამ შემთხვევაშიც გარე შემმოწმებელი კომისია შეიმუშავებს და მიაწვდის შესაბამის რეკომენდაციებს, თუ როგორ შეუძლია სკოლას, დაეხმაროს მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებაში.
შესაბამისად, სწავლა - სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, მიჩნეულია სასკოლო საზოგადოების, როგორც მსწავლელი საზოგადოების და სკოლის როგორც, სასწავლო ორგანიზაციის განვითარებისთვის საუკეთესო გზად.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასწავლებელბის მომზადებას, ვიდრე ისინი შეუდგებოდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას საკლასო სივრცეებში და ამისთვის სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები და კურსები მზადდება, მასწავლებლისთვის სათანადო უნარების განვითარაება მაინც გამოწვევად რჩება. პერიოდულად განხორციელებული კვლევები აჩვენებენ, რომ თავად მასწავლებლები არიან უკმაყოფილოები იმ მომზადების ხარისხით რაც მათ აქვთ, რადგან უჭირთ იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებსაც აწყდებიან სკოლებსა და საკლასო სივრცეებში სწავლა - სწავლების პროცესში. ამ გამოწვევის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური პროგრამების/ტრენინგების/ვორქშოფების/საზაფხულო პროფესიული სკოლების შეთავაზებით.
შესაბამისად, მასწავლებლის პროფეიული განვითარების მხარდაჭერა სკოლის შიგნით, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ორგანიზებული სხვადასხვა აქტივობით, გამოცდილების გაზიარებით, ეფექტიანი უკუკავშირების გაცვლით, მიჩნეულია მასწავლებლის პროფესიული ზრდის ერთ - ერთ მთავარ გზად.
განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჯგუფების მხარდაჭერა
დასკვნაში საუბარია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი ერთ - ერთი მთავარი გამოწვევა უკავშირდება მიგრანტებისა და მათი შვილების, როგორც განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე მსწავლელებისთვის სათანადო მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღნიშნავენ, რომ მათ არ ყოფნით რესურსი და გამოცდილება და ვერ აკმაყოფილებენ მიგრანტი ბავშვების ენობრივ და სოციალურ საჭიროებებს. აღნიშნული პრობლემის დაუძლევლობა კი იწვევს მნიშვნელოვან განსხვავებებს აკადემიური მოსწრების მიმართულებით მიგრანტ და ადგილობრივ მოსწავლეებს შორის.
განსაკუთრებული მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოსწავლეთა სრული ინტეგრირება სასკოლო საზოგადოებაში, ლოგიკურია რომ მოაზრებულია სტაბილური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს მდგრადობის შენარჩუნების გზად, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამისთვის დღის წესრიგში დგება დამატებითი მატერიალური სახსრების მოძიება და დრო რომ მასწავლებლების მომზადება მოხდეს, სულ მცირე ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით.
ინოვაციების მხარდაჭერა
ბალანსი სტაბილურობასა და მოქნილობას შორის, რამაც უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისთვის კიდევ ერთი მთავარი გამოწვევაა. განათლების სისტემა, ერთი მხრივ, საჭიროებს ნათელ, მკაფიო ხედვებს, პოლიტიკის დოკუმენტებს, სტანდარტებს... და მეორე მხრივ, მუდმივ სიახლეებს, რეფორმის უწყვეტ პროცესს.
ბუნებრივია, რომ სიახლეები მთავარი გამოწვევაა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის, რთულია მაგრამ აუცილებლად გასააზრებელია, რომ საჭიროა მუდმივი სიახლე, მოქნილობა და ადაპტირება იმ გარემოსთან რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც მუდმივად ვითარდება და გვიბიძგებს განვითარებისკენ.
იმისთვის, რომ რეფორმის უწყვეტ პროცესს ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოებებისგან აუცილებელია, მათ ამის საჭიროება ნათლად დაინახონ და თავადაც იღებდნენ მასში მონაწილეობას.
ერთიანი, შეთანხმებული პოლიტიკა და შესაბამისი ქმედებები
ერთი მხრივ, აუცილებელია საერთო ხედვების, ფასეულობების, სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა - გააზრება - გათავისება, რაც თავის თავში მოიცავს შესაბამისი ამოცანების დასახვას, რომელთა მიღწევისთვისაც სამინისტროსაც და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აქვთ შეზღუდული ბიუჯეტი, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჭირო ინვესტიციების მოძიება, შესაბამისი ინტერესთა ჯგუფების დაინტერესება და მათი მოტივირება ინვესტიციების განხორციელებისთვის.
შეთანხმებული პოლიტიკა, მათ შორის სხვადასხვა გამოწვევის დაძლევისთვის, პროცესების ინკლუზიურობა ზრდის იმის განცდას, რომ მონაწილე და გამზიარებელი ხარ იმ ხედვების, ღირებულებების, პოლიტიკის რომელიც ეხმარება განათლების სისტემას იყოს მორგებული და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. ბიზნეს სექტორის მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლის მიზანიც ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება კვალიფიციური კადრების მზარდი რაოდენობის ჩამოყალიბებას, რაც ასევე, ბიზნეს სექტორის ინტერესებშია. ბიზნესის წარმომადგენლების პროცესებში მონაწილეობა და პასუხისმგებლობის გაზიარება უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიანად წარმართვას.
დოკუმენტი მთლიანობაში მეტად საინტერესოა, გვაცნობს ცალკეული ქვეყნების განათლების სისტემების თავისებურებებს და გვიზიარებს თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.
სრული დოკუმენტის გასაცნობად იხ. ბმული: https://www.schooleducationgateway.eu/downloads/Governance/2018-wgs6-Full-Final-Output.pdf
26 სექტემბერი 2023 წ.
ანა ანუშიძე
No comments:
Post a Comment