Tuesday, November 7, 2023

სამი რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის პირველ სტანდარტთან დაკავშირებით


სამი რჩევა სკოლებისთვის ავტორიზაციის პირველ სტანდარტთან დაკავშირებით

სასარგებლო ბმულებით

ნაწილი II

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

გვაქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ორთხი სტანდარტი:

პირველი სტანდარტი: სკოლის ფილოსოფია

მეორე სტანდარტი: სკოლის კურიკულუმი

მესამე სტანდარტი: სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა

მეოთხე სტანდარტი: მოსწავლეთა მხარდაჭერა

მოცემული სტატია უკავშირდება ავტორიზაციის სტანდარტებიდან პირველ სტანდარტს, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ფილოსოფია, (სკოლის ფილოსოფია არის სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების მთლიანობა) შესაბამისად, ქვემოთ მოცემული სამი ზოგადი რჩევა და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულებები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას პირველი სტანდარტის ფარგლებში მოქცეული თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.

1.1.1      საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში სკოლის მიერ საკუთარი ადგილის გააზრებასთან დაკავშირებით

სკოლა, როგორც ორგანიზაცია რომლის უმთავრესი  მიზანია თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური ზრდის მხარდაჭერა უნდა იყოს სტაბილური და მუდმივად განვითარებადი ინსტიტუცია, შესაბამისად, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის ფუნდამენტური მისია, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ყოველდღიური საქმიანობით აღწევს/მიაღწევს.

სკოლის მიერ, საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის გააზრება უნდა გამოიხატებოდეს სკოლის მისიაში.

სკოლის მისია უნდა გვცემდეს ნათელ პასუხს კითხვაზე: რა არის სკოლის შექმნისა და მისი ყოველდღიური მოღვაწეობის მთავარი მიზანი? ამასთან, მისია უნდა იყოს ერთდროულად მიღწევადიც და ამბიციურიც.

ორგანიზაციის მისიის ფორმულირების კარგ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ: Google - ის მისია „ჩვენი მისიაა ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი და სასარგებლო“.

Google მისიის აგების ფორმულა შემდეგნაირად შეგვიძლია გავიაზროთ:

ფორმულა: ჩვენ გვჯერა X - ის (საჭიროა ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას) ამიტომ მზად ვართ შევქმნათ Y (შევქმნათ სისტემა/სივრცე სადაც მოხდება მსოფლიოში არსებული ინფორმაციის ორგანიზება) სადაც მოხდება Z (ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი და სასარგებლო).

მისიის შექმნისა და ფორმულირების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ:

(ა) თავიდან ავირიდოთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თანხვედრა/კოპირება;

(ბ) არ ჩავწეროთ ის რაც ისედაც ევალება სკოლას შესაბამისი სტანდარტით.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სკოლის მისიის შექმნის პროცესში სასკოლო საზოგადოების სრული ჩართულობის ორგანიზებაა.

სკოლის ფილოსოფიის შემდეგი კომპონენტი გახლავთ სკოლის განვითარების ხედვა, ანუ მოკლე განაცხადი, რომელიც ასახავს ორგანიზაციის განვითარების საშუალოვადიან, გრძელვადიან მიზნებს. როგორც წესი, ხედვა მოიაზრებს სკოლის 7 – 15 წლიან განვითარების პერსპექტივას და როდესაც, ჩვენ ვეცნობით სკოლის ხედვას ვიგებთ/უნდა ვიგებდეთ თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია საკუთარ თავს  7 – 15 წლის შემდგომ.

მაგ: 2025 წლისთვის ჩვენი გამორჩეული უნარი იქნება, მოვახდინოთ მსოფლიო დონის კვლევების, საგანმანათლებლო სერვისების და გაცვლითი პროგრამების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში, რაც საშუალებას მოგვცემს დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს 50 წარმატებული სკოლის რეიტინგულ სიაში.

ფორმულა: ჩვენი მიზანია X დროის შემდეგ (2025 წლისთვის) ვიყოთ Y შესაძლებლობების (გამორჩეული უნარი იქნება, მოვახდინოთ მსოფლიო დონის კვლევების, საგანმანათლებლო სერვისების და გაცვლითი პროგრამების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში) მქონე სკოლა, რომელიც მიაღწევს Z შედეგებს (დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს 50 წარმატებული სკოლის რეიტინგულ სიაში).

ჩვენი სკოლის ხედვაზე მუშაობის/ფორმულირების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:

ა. ხედვას შეეძლოს სასკოლო საზოგადოების კონსოლიდირება და შთაგონება;

ბ. ხედვაში იკვეთებოდეს განსხვავება არსებულსა და სასურველ/მისაღწევ რეალობას შორის;

გ. ხედვა ფორმულირებული იყოს ნათელად და ლაკონურად;  

დ. ხედვა სტრატეგიული განვითარების გეგმის საფუძველს წარმოადგენს;

ე. ხედვა უნდა მოიცავს წარმატების გაზომვის ნიშნულს (მაგ: მსოფიოს მასშტაბით 50 ვ. წარმატებული/საუკეთესესო სკოლის სიაში ადგილის დამკვიდრება 2025 წლისთვის);

სკოლის ფილოსოფიის შემდეგი კომპონენტია ღირებულებები, ანუ ის ძირითადი პრინციპები, რომელთა ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში გაცოცხლებითაც სკოლა გეგმავს მისიაში გაცხადებული მიზნების მიღწევას. როგორც წესი, სასკოლო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს 5 – 7 ღირებულება, რომელიც არის/იქნება სასკოლო კულტურის ნაწილი, შესაბამისად აღიარებს და ეყრდნობა ყოველდღიურ საქმიანობაში.

ფორმულა: მისიის მიღწევას ვგეგმავთ A, B, C ღირებულებების ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელებით.

სკოლის ფილოსოფია ანუ მისია, ხედვა და ღირებულებები უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული სკოლის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე, ამასთან, ჟღერდებოდეს სასკოლო ღონისძიებებზე.  

1.2.1 სკოლის მიერ დაგეგმვის პრაქტიკასთან დაკავშირებით

აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ხაზი გავუსვათ, რომ ავტორიზაციის პროცესი, როგორც გარე კონტროლის მექანიზმი, ამოწმებს (და შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კონკრეტული სკოლისათვის კონკრეტულ დროით მონაკვეთში სამუშაოდ) რამდენად შეუძლია სკოლას როგორც ორგანიზაციას მართოს საკუთარი თავი, პროცესები რომლებსაც ახორციელებს, სწორედ ამიტომ  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორ, რა მექანიზმით/მექანიზმებით ახერხებს სკოლა დაგეგმოს, განახორციელოს, გასწიოს მონიტორინგი და შედეგები ასახოს ეფექტიანად, პროცესის გამართვისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის.

ამ მიმართულებით განსაკუთრების სარგებლიანია როდესაც სკოლა ყველა პროცესს, იწყებს ან აგრძელებს, უძღვება დემინგის PDCA ციკლის გამოყენებით, ანუ არ სრულდება დაგეგმვის, განახორციელების, შეფასების და გადახედვის ეტაპების მონაცვლეობა.

დაგეგმვის ეტაპი გულისხობს პროცესების აღწერაა, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას;

განხორციელების ეტაპი  - მოქმედებას გეგმის შესაბამისად;  

შეფასება - გვეხმარება დავინახოთ მისდევს თუ არა მიმდინარე პროცესი იმ გეგმას, რომელიც განვსაზღვრეთ;

გადახედვა - გულისხმობს შეფასების პროცესის შედეგად მიღებული უკუკავშირების გათვალისწინებას და მათ ეფექტიანად ასახვას გეგმაში (საჭიროებისამებრ გეგმის მოდიფიცირებას).

1.2.2 სკოლაში სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებით

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა, როგორც წესი 7 წლიანია და წარმოადგენს გზას სკოლის ამჟამინდელ და სასურველ/მისაღწევ მდგომარეობას/შედეგს შორის. 

სტრატეგიულ გეგმაში ნათლად და მკაფიოდ, მისიასთან  შესაბამისად, უნდა იყოს განსაზღვრული სკოლის მიზნები და ამოცანები.

სკოლის სამოქმედო გეგმა 1 წლიანია, მასში სტრატეგიული გეგმის შესაბამისად არის გაწერილი კონკრეტული მიზნები, ამოცანები, აქტივობები - რომელთა შესრულებისთვისაც განსაზღვრულია დროის მონაკვეთი და პასუხისმგებელი პირი/პირები.

სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები მტკიცდება, თუმცა მათი გასაჯაროება არ არის სავალდებულო.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშს, ეს საჯარო დოკუმენტია და სკოლამ უნდა უზრუნველყოს მისი, საკუთარ ვებ და სოც გვერდებზე განთავსება.

ცხადია, როგორც სტრატეგიული, ისე სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონიტორინგის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას. ამ მიმართულებით, განსაზღვრული უნდა იყოს: მონიტორინგის შუნაარსობრივი მხარე, პროცედურები და სიხშირე.

(ა) მონიტორინგის სიხშირე სტრატეგიული გეგმის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს შემდეგგვარად:

ყველი წლის ბოლოს, ყოველ ორ წელიწადში, ყოველ სამ წელიწადში.

(ბ) მონიტორინგის სიხშირე სამოქმედო გეგმის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს შემდეგგვარად:

ყოველი თვის ბოლოს, სამ თვეში ერთხელ, ექვს თვეში ერთხელ, წლის ბოლოს.

როგორ მოვახდინოთ მონიტორინგის პროცესის ეფექტიანად წარმართვა?

ამისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ინსტრუმენტი:

მოვითხოვოთ ანგარიში, დაგეგმილ - ჩატარებული შეხვედრების დაოქმება, შევქმნათ ელ. სივრცე სადაც ნათლად იქნება გაწერილი ყველა მიზნის/ამოცანის/აქტივობის განხორციელებაზე/შესრულებაზე/მიღწევაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და შესაბამისი დროის მონაკვეთი. ამოცანის/მიზნის/აქტივობის წარმატებულად განხორციელების გაზომვადი ინდიკატორები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის შედეგების გაანალიზებასა და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვაზეა დამოკიდებული როგორ განხორციელდება სკოლის სამოქმედო და სტრატეგიული გეგმები.

რაც შეეხება ცვლილებებს აღნიშნულ გეგმებში, რა თქმა უნდა ცვლიელებები შესაძლებელია და საჭიროც, ოღონდ ცვლილებას/ცვლილებებს წონადი არგუმენტი/არგუმენტები უნდა განაპირობებდეს, მაგ: ცვლილება კანონმდებლობაში, ახალი გამოწვევები (მათ შორის ჩვენგან დამოუკიდებელი გამოწვევები, როგორიც იყო პანდემია) მონიტორინგის პროცესის შედეგები და ა.შ. აუცილებელია სკოლას გაწერილი ჰქონდეს, ის გზა რომლითაც, საჭიროებისამებრ, შეიტანს ცვლილებას/ცვლილებებს გეგმაში/გეგმებში.

სასარგებლო ბმულები:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა  იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg

სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული

https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s

 

ანა ანუშიძე
8 ნოემბერი 2023 წ.

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...