Monday, February 5, 2024

რას გვასწავლის პრაქტიკა?


რას გვასწავლის პრაქტიკა?

რამდენიმე რჩევა მასწავლებელს

(ნაწილი III) 

როგორ მიდის განათლების საქმე გავიგებთ იმით, რამდენად არის დაშორებული ერთმანეთისგან თეორია და პრაქტიკა. სინამდვილეში, თეორია იქმნება მისი პრაქტიკაში განხორციელებისთვის, იმისთვის რომ პრაქტიკაში არსებული ხარვეზები გასწორდეს. მაგრამ, რა ხდება სინამდვილეში, სინამდვილეში პრაქტიკასა და მისი გაუმჯობესების შემძლებელ თეორიას შორის დიდი უფსკრულია. რა გამოვიდა? ვაღიარებთ ერთს და ვაკეთებთ მეორეს და აღარც გვინდა გაუმჯობესება.

ის ვინც ძალას, ენერგიას, შრომას, დროს არ ზოგავს და ცდილობს პრაქტიკა გააუმჯობესოს, თეორია გამოიყენოს ან მისი გამოყენების საუკეთესო ხერხი, მეთოდი შექმნას პრაქტიკისა და გამოცდილების არ მქონედ ითვლება. ნეტავ რატომ? ამასაც ხომ უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი? პასუხი ასეთია: იმიტომ რომ „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“ იმიტომ რომ არსებული პრაქტიკა მარტივია შესანარჩუნებლად და გაუმჯობესებისთვის საჭირო შრომა მძიმე და ძნელი.

ისიც საკითხავია, რას ვგულისხმობთ გამოცდილებაში და პრაქტიკის ქონაში დღეს? არა იმას რომ ადამიანი იმდენად დაოსტატებულია საქმეში, ხელობაში რომ უკვე ზედმიწევნით, იუველირული სიზუსტიდ ასრულებს მასზე დაკისრებუულ მოვალეობებს, არა. ჩვენ გამოცდილებაში ვგულისხმობთ რომ ადამიანს საკმარისად უმუშავია და მიმხვდარა რომ მთავარია მოერგო, მოერგო ყველას და ყველაფერს.

თუმცა, საბედნიეროდ, მრავალია იმ პროფესიონალთა, ესე იგი თავდაჯერებულ და კეთილსინდისიერ მშრომელ მერცხლების რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ გაზაფხულის მოყვანა, კეთილსინდისიერი, პრინციპული შრომით და ამ შრომის შედეგების გაზიარებით. სწორედ ამგვარი შრომის და შრომის შედეგების შემჩნევას, გაზიარებას დიდი და სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია პრაქტიკის გაუმჯობესების საქმეში.

ანა ანუშიძე

1 თებერვალი, 2024 წ.

 


 

Wednesday, January 31, 2024

განათლებასთან დაკავშირებული არაჯანსაღი რწმენა - წარმოდგენები

 

განათლებასთან საკავშირებული არაჯანსაღი რწმენა - წარმოდგენები

რამდენიმე რჩევა მასწავლებელს

(ნაწილი II)

 

გახშირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობელი შვილის განათლებას თავისი „უნიკალური გადმოსახედიდან“ უყურებს და ეს „უნიკალური გადომსახედი“ უზღუდავს მოსწავლეს განათლების მიღების ფუნდამენტურ უფლებას.

პირველი შემთხვევა - მშობელი არ თვლის საჭიროდ მოსწავლისთვის განათლების მიღებას გენდერული ნიშნით, ამბობს რომ გოგონას არ სჭირდება განათლების მიღება.

მეორე შემთხვევა - მშობელი თვლის რომ სკოლა და მთლიანად ზოგადი განათლება, „არაფერს ნიშნავს“ და რომ რეპეტიტორებთან ორი - სამი წლით მომზადება „სულ ეყოფა“ უმაღლესში „მოსაწყობად“.

მესამე შემთხვევა - მთავარია სკოლაში მოსწავლე თავს მხიარულად გრძნობდეს.

შესაბამისად, დირექტორიც და მასწავლებელიც ისე უნდა ასრულებდეს მის (მშობლის და მოსწავლის) შეკვეთას, როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრში მისული კლიენტის სურვილს ასრულებს ღონისძიების ორგანიზატორი.

ჩვენ კი განათლებაზე გვაქვს საუბარი, აღზრდაზე, განვითარებაზე, ჩვენს საერთო მომავალზე...

როგორ მოიქცეს მასწავლებელი?

პირველ და მეორე შემთხვევასთან მუშაობა საბედნიეროდ შესაძლებელია -  მშობლის ინფორმირების მიზნით, განხორციელებული  სხვადასხვა აქტივობის, მაგ. საინფორმაციო შეხვედრების, ვორქშოფების, მშობლის დღის და ა.შ. განხორციელებით, საჭიროებისამებრ სოც მუშაკის,  ფსიქოლოგის, მანდატურის ჩართულობით.

მესამე შემთხვევა კი ფუნდამენტურად განსხვავდება პირველი ორი შემთხვევისგან. რატომ? იმიტომ რომ პირველი და მეორე შემთხვევა მშობლის ნაფიქრის ან ცალკეულ შემთხვევებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, მცდარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მცდარი გადაწყვეტილებაც გარკვეულ, მცდარ მაგრამ მაინც, არგუმენტებს ეფუძნება და ეს კარგია რადგან მასწავლებელს შეუძლია ამ არგუმენტების გაბათილებით მშობლის მოსაზრება ბავშვის კეთილდღეობის სასარგებლოდ შეცვალოს, აი მესამე შემთხვევა კი უფრო პოზიციაა ვიდრე გადაწყვეტილება, ყეყეჩი პოზიცია, პოზიციასთან კი არგუმენტებით ბრძოლას მცირე შანსი აქვს.  ამიტომ, აქ სკოლა უძლურია. აქ არ არის სინათლე.

მესამე შემთხვევა - პოზიციასთან მიმართებით მოსწავლესთან ერთად მასწავლებელიც დაუცველად გრძნობს თავს, იმედგაცრუებულად, ფიქრობს რომ მისი კეთილსინდისიერი და დაუღალავი შრომა სულ წყალში ჩაუყარეს, არ აცდიან იყოს მასწავლებელი მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებასა და წარმატებებზე მზრუნველი. ასეთ დროს მასწავლებელი როგორი გულმოდგინებითაც არ უნდა უხსნიდეს მშობელს თითოეული აქტივობისა და ქმედების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს რომ მშობელს ეს არ აღელვებს, ან უბრალოდ არ უსმენს მასწავლებელს. მაგრამ, ასეთ დროსაც კი ჩვენ თავად უნდა ვიყვეთ მხნედ და გვახსოვდეს, რომ მთავარი ბავშვია, არ უნდა ველოდოთ რომ სკოლის, მასწავლებლის, შრომას დაინახავენ და გაიგებენ, ასე უფრო ნაკლებად გაგვიცრუვდება იმედი.

ერთი, რისი რჩევაც შემიძლია მოსწავლესთან აქტიური მუშაობაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა კლასის საათს ენიჭება, ნუ დაიშურებთ ძალისხმევას გადაარჩინოთ მოსწავლე, გაააზრებინოთ ფუნდამენტური ფასეულობები. ვასწავლოთ კეთილსინდისიერი შრომა, შევაქოთ მისი მონდომება, ვუბიძგოთ ინიციატივის გამოვლენისკენ, გავუღვივოთ კეთილსინდისიერება, ვასწავლოთ თანამშრომლობა.

ანა ანუშიძე,

31 იანვარი, 2024 წ.


მავნებლური ჩარევა სწავლა - სწავლების პროცესში

 


მავნებლური ჩარევა სწავლა - სწავლების პროცესში

სკოლის ჭირის სათავე 

რამდენიმე რჩევა მასწავლებელს

(ნაწილი I)

სკოლა - საგანმნათლებლო და აღმზრდელობითი ფუნქციის მქონე დაწესებულებაა, სივრცე სადაც მოსწავლის აკადემიური და პიროვნული ძალების განვითარების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, მაგრამ როგორ? როგორ, თუ ამას არ დააცდიან მასწავლებელს? თუ არ დააცდიან სკოლას? თუ თავად მშობელი, სწავლა - სწავლების საკითხში ჩაუხედავად და საკითხში ჩახედვის სურვილის არ ქონით, სიჯიუტით, მხოლოდ აკვიატებული სურვილებით იქცევა როგორც ჯიუტი „მყიდველი/მომხმარებელი“?

რა გზა რჩება მასწავლებელს, როდესაც მას გაჯიუტებული მშობელი შეხვდება მოსწავლის სწავლა - სწავლების გზაზე? ასეთ დროს, ორი გზა რჩება, ან აგრძელებს მასწავლებელი საკუთარი მოსწავლის აკადემიურ - პიროვნულ განვითარებას, ან არჩევს „დაისივენოს“ თავდ და კმაყოფილი ყავდეს მშობელი როგორც  „ჯიუტი მყიდველი/მომხმარებელი“ ...

მოდით ამგვარი სიჯიუტის რამდენიმე თავისებურებას გადავავლოთ თვალი, და შემდეგ გამოსავალზეც ვისაუბროთ. მაშ ასე, მაინც როგორი შეიძლება იყოს ის? გაჯიუტებული მშობელი?

პირველი - ასეთი მშობელი, სკოლას შეიძლება უყურებდეს როგორც გასართობ ცენტრს, და გულწრფელად ფიქრობდეს რომ მასწავლებლის მოვალეობა არა ჯანსაღი ფსიქო - ემოციური საგაკვეთილო განწყობის შექმნა, არამედ  მთელი სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლისთვის არხეინი განწყობის შექმნა - შეუნარჩუნებაა.

მეორე - არიან მშობლებიც, რომლებიც „მგლურ კანონებს“ ბეჯითად ასწავლიან შვილებს, ეუბნებიან რომ თუ ვინმემ დაარტყა, ამანაც მაშინვე მთელი ძალით უნდა ჩასცხოს... სულ წყალს ატანს მასწავლებლის ნაშრომს, რადგან რაც კლასში მასწავლებელმა დიდი შრომით დაასწავლა, გაააზრებინა მოსწავლეს, ყოვლედღიურად თავიდან ხდება დასასწავლი და გასააზრებელი რატომ? იმიტომ რომ მოსწავლე სკოლაში ერთს ხედავს და ერთი ესმის, შინ კი სულ საპირისპირო. მაგრამ, მასწავლებლის შრომა რა სალაპარაკოა, როცა ბავშვის მორალური ღირებულებები მახინჯდება...

მესამე - არიან თვალთმაქცობაში ხელმარჯვე მშობლებიც, აი მაგალითად, თუ საკუთარი შეცდომის აღიარება არ სურს, ოსტატურად მოახერხებს მასწავლებლის მხრიდან დაუზარლად და წვრილად მისთვის ახსნილი თითოეული საკითხის მიზანმიმართულად არ გაგებას ან, კიდევ უარესი, დაეთანხმება მოსაჩვენებლად და მერე უარყოს კიდეც. როგროც ერთ ქართულ ფილმშია „ვერ გადათქვამს თუ რა ...“ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საშიშ ის გახლავთ რომ ასეთი მშობელი პრაქტიკული მაგალითით ასწავლის შვილს ტყუილსა და თვალთმაქცობას.

მეოთხე - არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც საკუთარი ეგოს დაკმაყოყოფილების მიზნით მთელი ძალით იბრძვიან რომ „მოუგონ“ მასწავლებელს, თან რა ბრძოლა არ იკითხავთ? - ბრძოლა საკუთარი შვილის სწავლასა და აღზრდაში, თუ „გაიმარჯვა“ მოსწავლე სწავლის ნაცვლად არხეინად იქნება, რჩევა - შენიშვნას არ მიიღებს, არ წაიკითხავს, არ დაწერს, არ ისწავლის, არ გაიაზრებს, არ დაფიქრდება, იქნება მშვიდად და უზრუნველად, იმდენად მშვიდად რომ საკუთარ დავალებასაც კი არ ჩაიწერს, ფოტოს გადაუღებს თუ კარგ ხასიათზე იქნება (ეს ხომ „ტექნოლოგიების“ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის საუკეთესო მაგალითია)  ან „ჩატში ხომ დაწერენ...“

ნებისმიერ, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევასთან მასწავლებელს დიდი სიფრთხილე და ნებისყოფა ესაჭიროება. სარგებელს მოიტანს შემდეგი რჩევების გათვალისწინება. 

1)      შეინარჩუნოს სტაბილური გარემო, ყოველთვის ახსოვდეს რომ მშობელს ესაუაბრება, რომელმაც ბევრი რამ არ იცის და არ დაიღალოს თუნდაც ელემენტარული ჭეშმარიტებების, მშობლისთვის გასაგები ენით, ახსნით.

2)      დაგეგმოს ინდივიდუალური გასაუბრება თითოეულ მშობელთან 30 – 40 წუთის ხანგრძლივობის. გაითვალისწინოს, რომ მშობლმა გასაუბრების დროს შესაძლოა აღიაროს შეცდომა, მოგცეთ  დაპირება და გადაგიხადოთ მადლობა, მაგრამ მაინც იგივე პოზიციაზე დარჩეს.

3)      მოუსმინოს მშობლებს და ხშირად დაუსვას კითხვები, ამით დაეხმარება აზრების ფორმულირებასა და გამოთქმაში.

4)      რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ვითარება, არ გადაუწუროს იმედი მშობელს და ყოველთვის შეეცადოს აპოვნინოს გამოსავალი. 

5)      თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი არ არის, ნუ იქნება კატეგორიული. 

6)      შეეცადოს მშობელი აქციოს პარტნიორად, პასუხისმგებლობის გამზიარებლად მოსწავლის სწავლა - სწავლების საკითხში და როგორღაც ჩართოს შესაბამის აქტივობებში.

7)      იყოს ფრთხილი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია სათანადოდ შეინახოს.

8)      ყოველთვის ახსოვდეს, რომ უპირველესი მოსწავლის ინტერესებია და მასწავლებელი პასუხისმგებელია არა მშობლის სურვილების არამედ მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე.

ყველაზე მთავარი! ნუ შეშინდებით და ნუშეცვლით სწორ, გამოცდილ, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ და სტანდარტებზე დაფუძნებულ სწავლა - სწავლების გზას მოსწავლის მშობლის ხასიათის ან მისი სხვადასხვაგვარი შეხედულების  მიხედვით.

იყავით მხნედ და გისურვებთ წარმატებებს!

 

ანა ანუშიძე,

29 იანვარი, 2024 წ.


Wednesday, December 27, 2023

ვაჟა ფშაველას "საშობაო ზღაპარი" 1909 წ.

 


საშობაო ზღაპარი

ის რაც ბავშვებმა უკვე დაწყებით საფეხურზე უნდა გაითავისონ არის რაციონალური ბუნებათსარგებლობის, გარემოზე ზრუნვის და მისი დაცვის მნიშვნელობა. ახალი წლის აღნიშვნა რთულია წარმოვიდგინოთ ნაძვის ხის გარეშე. რა თქმა უნდა, ბუნებრივ ნაძვს სიმშვენიერით და სურნელებით ვერ შეედრება თუნდაც უზადოდ  დამზადებული ხელოვნური ნაძვი, მაგრამ ბავშვებს უნდა ავუხსნათ რომ ამ მრავალწლოვანი, მარადმწვანე მცენარის მოჭრით და რამდენიმე დღით სადღესასწაულო დეკორაციად გამოყენებით, ეკოსისტემის განადგურებას ვუწყობთ ხელს.

არ მეგულება უკეთესი გზა, რომლითაც ბავშვები შეძლებენ გაიგონ და გაითავისონ თითოეული ნაძვის ხის მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი  ვიდრე ვაჟა ფშაველას ლექსი "საშობაო ზღაპარი".

სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველა მასწავლებელს და მშობელს, წაუკითხეთ ბავშვებს, დაეხმარეთ მის გააზრებაში, შესთავაზეთ შექმნან ნახატები, თხზულებები, ჩაწერონ ვიდეო-რგოლები სადაც თავად მოუყვებიან სხვა ბავშვებს "საშობაო ზღაპარს".

საშობაო ზღაპარი

Ι

ტყე როგორ დაბერებულა,
ძირს თავი დაუკიდია!
შეუბრალებელს ზამთარსა
ზურგს ტვირთი აუკიდია
საწყლისთვის. ტყეს ზვავი აწევს
მძიმე, თეთრი და დიდია;
ნაღვლობს წარსულსა, ოცნებობს,
გუნება არ აქვს მშვიდია.
აღარც ნიავმა დაჰბერა,
ჩამოებერტყნა ბარდანი¹,
აღარც მზის სხივი ეწამლა,
მაღლიდან ჩამონაქანი,
რომ ჩამოედნო ყინული,
ტყეს აეხილა თვალია, –
გამომძვრალიყო კურდღელი,
ბარდში მჯდომარი, ფრთხალია
და მოეხოხნა ბალახი,
სადმე ეპოვნა მწვანია.
შვლებიც ნაღვლობენ: ყინულსა
ნეკერი დაუფარია.
გარინდებულა და ყუჩობს
მთელი ფრინველთა გვარია,
და ტყეში ისმის მგლებისა
მხოლოდ ღმუილი მწარია.

ΙΙ

მაგრამ ხანდახან ზამთრისა
დღე გამოტყვრება ნათელი
და ცხრათვალა მზე კაშკაშებს,
როგორც წყვდიადში სანთელი.
სწორედ ასეთი დღე იყო
შობის სამის დღის წინათა,
ხეებიც საბან-ახდილნი
მზეს შეჰხაროდენ მწკრივადა.
ყინული, ნამად ქცეული,
დაბლა ჩამოდის ხშირადა.
უცბად ტყე შეფიქრიანდა,
ხეებს დაუსქდათ გულები:
ტყეში მოდიან კაცები,
მხარზე გაედოთ ცულები.

მ უ ხ ა

ოჰ, როგორ მოისწრაფიან,
რომ დაგვაჩნიონ წყლულები!
დაგვერევიან წყეულნი,
როგორც ქარავანს თულები.

წ ი ფ ე ლ ი

ჩვენ რა? ხელს როდი გვახლებენ, –
მუხას, წიფელს ან რცხილასა, –
არც ვერხვს, არც არყსა, არც თხილსა;
ვაი ნაძვების ბინასა!

ა რ ყ ი

მუდამ წელს ჩვეულებად აქვსთ
სწორედ ამ დროსა გლეხებსა,
ზედაც არ შემოგვხედავენ,
ნაძვებს ატანენ ხელებსა;
ჩვენ თვალით გვაცქერინებენ,
როს იმათ სჭრიან ყელებსა.

კ უ ნ ე ლ ი

საშობაოდა ზრუნავენ
ბალღების გასახაროდა
და იმათ საქეიფოსა
ჰქმნიან ჩვენს გასამწაროდა.

მ უ ხ ა

ყოჩაღ, კუნელო, შენაცა
გქონია გრძნობის ნასახი,
შეუბრალები მეგონე,
ვით ეკლიანი ბალახი;
სჩანს, რომ ეკალი არ გიკლავს
შენ სიბრალულის გრძნობასა.
ეგ გრძნობა ძვირფასი არი,
გთხოვ, არ დაიხშო, ძმობასა!

კ უ ნ ე ლ ი

ეკალი მტრისთვის მასხია –
ნაძვი რა ჩემი მტერია?!
როცა კი ვხედავ, რომ სჭრიან,
მე ჩემთვის ჩუმად ვსტირია.

ხ ე ე ბ ი (ერთად)

ოღონდაც. როცა ერთს ჩვენგანს
სცემენ, ჩვენ გვტკივა ყველასა
ტანი იმ დროსა, მაგრამა
დაჩაგრულს ვშველით ვერასა.

მ უ ხ ა

ნეტავ პირდაპირ არ იდგნენ
ეგ საცოდავი ნაძვები!
ბედკრულთა ტანჯვა-ვაებით
მე უფრო დავიტანჯები.
მინდა აქედან ვუძახო:
კაცნო, ნუ სჩადით ავსაო!
რადა ჰჟლეტთ, უღმერთოებო,
დაუნაშავარ ხალხსაო?
მაგრამ ჩემი ხმა მკვდარია,
უხმოდა დნება გულშია,
ჩემი სათქმელი სიმართლე
მევე მეხევა წყლულშია
ნესტრადა, რადგან კაცთა ჭკვა
მარტო მკლავსა და ცულშია.

ΙΙΙ

მუხა რომ ამას ამბობდა,
იმ დროს აჩქამდა ცულები;
აკვნესდა მთელი ნაძვის ტყე,
საწყლებს უთრთოლავთ გულები:
ნაძვები უნდა გაყიდონ,
კაცთა აიღონ ფულები,
არ გააჩნიათ ბეწვადა
მათი ხვეწნა და წყლულები.
სხვა ხეებიცა სტირიან
დამწვარი, დადაგულები,
ამხანაგთ უბედურებას
რა ჰხედვენ გაფარჩხულები.

რამდენიმე ხე წაიქცა
და უცბად შედგნენ ყველანი;
ჰხედავენ: მონაჭრიდანა
ნაძვებს გადმოსდით მელანი.
„ვაჰმეო!“ ერთხმად იყვირეს
და იარაღიც დაჰყარეს.
ერთმანერთს გაოცებულთა
ესე ამბავი ახარეს:
„ხელს ბავშვი მიჭერს ვიღაცა,
ანგელოზისა მსგავსია,
მკლავებს მიდუნებს, თვალებს მჭრის,
თითქოს მზე მადგეს ასია;
მე ხელს გავანძრევ ვეღარა,
სრულიად დავინავსია!“

ΙV

თოვლი ქაღალდათ ქცეულა;
მაზედ ჩვილის ყრმის ხელითა
ზედ იწერება ამბავი
ალმასის კალმის წვერითა:
„ნუ გეწყინებათ, მუშაკნო,
რო გიდუნდებათ მკლავია.
მიტომ არ მოვედ ქვეყნადა,
მიტომ არ დავიბადია,
რომ ყველამ ის ჩაიდინოს,
რაც მოსწონ, რაცა სწადია;
მიტომ არ ვეცვი ჯვარზედა,
საქმე ვიკისრე ძნელია,
ერთის ტანჯვითა მეორემ
რომ მოიღეროს ყელია,
უმწეოთ, ტანჯულთ ცრემლებით
ჩემი კალთები სველია
და, უკაცრავად, ავზედა
არ მოგიმართოთ ხელია!
გთხოვთ, ერთს დღეს, ერთს დღეს მაინცა
არ იყოთ ავის მქნელია!“
ვინ იყო ამის დამწერი,
ვინ იყო ამის მთქმელია?

ვაჟა ფშაველა, 1909 წელი.

დაე გარემოზე ზრუნვით შევხვდეთ ახალ წელს!

ცნობისთვის:

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარების და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.

კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ოდენობა შეადგენს ან აღემატება 1 000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ანა ანუშიძე

28 დეკემბერი, 2023 წ.

 


137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...