Wednesday, December 27, 2023

ვაჟა ფშაველას "საშობაო ზღაპარი" 1909 წ.

 


საშობაო ზღაპარი

ის რაც ბავშვებმა უკვე დაწყებით საფეხურზე უნდა გაითავისონ არის რაციონალური ბუნებათსარგებლობის, გარემოზე ზრუნვის და მისი დაცვის მნიშვნელობა. ახალი წლის აღნიშვნა რთულია წარმოვიდგინოთ ნაძვის ხის გარეშე. რა თქმა უნდა, ბუნებრივ ნაძვს სიმშვენიერით და სურნელებით ვერ შეედრება თუნდაც უზადოდ  დამზადებული ხელოვნური ნაძვი, მაგრამ ბავშვებს უნდა ავუხსნათ რომ ამ მრავალწლოვანი, მარადმწვანე მცენარის მოჭრით და რამდენიმე დღით სადღესასწაულო დეკორაციად გამოყენებით, ეკოსისტემის განადგურებას ვუწყობთ ხელს.

არ მეგულება უკეთესი გზა, რომლითაც ბავშვები შეძლებენ გაიგონ და გაითავისონ თითოეული ნაძვის ხის მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი  ვიდრე ვაჟა ფშაველას ლექსი "საშობაო ზღაპარი".

სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველა მასწავლებელს და მშობელს, წაუკითხეთ ბავშვებს, დაეხმარეთ მის გააზრებაში, შესთავაზეთ შექმნან ნახატები, თხზულებები, ჩაწერონ ვიდეო-რგოლები სადაც თავად მოუყვებიან სხვა ბავშვებს "საშობაო ზღაპარს".

საშობაო ზღაპარი

Ι

ტყე როგორ დაბერებულა,
ძირს თავი დაუკიდია!
შეუბრალებელს ზამთარსა
ზურგს ტვირთი აუკიდია
საწყლისთვის. ტყეს ზვავი აწევს
მძიმე, თეთრი და დიდია;
ნაღვლობს წარსულსა, ოცნებობს,
გუნება არ აქვს მშვიდია.
აღარც ნიავმა დაჰბერა,
ჩამოებერტყნა ბარდანი¹,
აღარც მზის სხივი ეწამლა,
მაღლიდან ჩამონაქანი,
რომ ჩამოედნო ყინული,
ტყეს აეხილა თვალია,
გამომძვრალიყო კურდღელი,
ბარდში მჯდომარი, ფრთხალია
და მოეხოხნა ბალახი,
სადმე ეპოვნა მწვანია.
შვლებიც ნაღვლობენ: ყინულსა
ნეკერი დაუფარია.
გარინდებულა და ყუჩობს
მთელი ფრინველთა გვარია,
და ტყეში ისმის მგლებისა
მხოლოდ ღმუილი მწარია.

ΙΙ

მაგრამ ხანდახან ზამთრისა
დღე გამოტყვრება ნათელი
და ცხრათვალა მზე კაშკაშებს,
როგორც წყვდიადში სანთელი.
სწორედ ასეთი დღე იყო
შობის სამის დღის წინათა,
ხეებიც საბან-ახდილნი
მზეს შეჰხაროდენ მწკრივადა.
ყინული, ნამად ქცეული,
დაბლა ჩამოდის ხშირადა.
უცბად ტყე შეფიქრიანდა,
ხეებს დაუსქდათ გულები:
ტყეში მოდიან კაცები,
მხარზე გაედოთ ცულები.

ოჰ, როგორ მოისწრაფიან,
რომ დაგვაჩნიონ წყლულები!
დაგვერევიან წყეულნი,
როგორც ქარავანს თულები.

ჩვენ რა? ხელს როდი გვახლებენ,
მუხას, წიფელს ან რცხილასა,
არც ვერხვს, არც არყსა, არც თხილსა;
ვაი ნაძვების ბინასა!

მუდამ წელს ჩვეულებად აქვსთ
სწორედ ამ დროსა გლეხებსა,
ზედაც არ შემოგვხედავენ,
ნაძვებს ატანენ ხელებსა;
ჩვენ თვალით გვაცქერინებენ,
როს იმათ სჭრიან ყელებსა.

საშობაოდა ზრუნავენ
ბალღების გასახაროდა
და იმათ საქეიფოსა
ჰქმნიან ჩვენს გასამწაროდა.

ყოჩაღ, კუნელო, შენაცა
გქონია გრძნობის ნასახი,
შეუბრალები მეგონე,
ვით ეკლიანი ბალახი;
სჩანს, რომ ეკალი არ გიკლავს
შენ სიბრალულის გრძნობასა.
ეგ გრძნობა ძვირფასი არი,
გთხოვ, არ დაიხშო, ძმობასა!

ეკალი მტრისთვის მასხია
ნაძვი რა ჩემი მტერია?!
როცა კი ვხედავ, რომ სჭრიან,
მე ჩემთვის ჩუმად ვსტირია.

(ერთად)

ოღონდაც. როცა ერთს ჩვენგანს
სცემენ, ჩვენ გვტკივა ყველასა
ტანი იმ დროსა, მაგრამა
დაჩაგრულს ვშველით ვერასა.

ნეტავ პირდაპირ არ იდგნენ
ეგ საცოდავი ნაძვები!
ბედკრულთა ტანჯვა-ვაებით
მე უფრო დავიტანჯები.
მინდა აქედან ვუძახო:
კაცნო, ნუ სჩადით ავსაო!
რადა ჰჟლეტთ, უღმერთოებო,
დაუნაშავარ ხალხსაო?
მაგრამ ჩემი ხმა მკვდარია,
უხმოდა დნება გულშია,
ჩემი სათქმელი სიმართლე
მევე მეხევა წყლულშია
ნესტრადა, რადგან კაცთა ჭკვა
მარტო მკლავსა და ცულშია.

ΙΙΙ

მუხა რომ ამას ამბობდა,
იმ დროს აჩქამდა ცულები;
აკვნესდა მთელი ნაძვის ტყე,
საწყლებს უთრთოლავთ გულები:
ნაძვები უნდა გაყიდონ,
კაცთა აიღონ ფულები,
არ გააჩნიათ ბეწვადა
მათი ხვეწნა და წყლულები.
სხვა ხეებიცა სტირიან
დამწვარი, დადაგულები,
ამხანაგთ უბედურებას
რა ჰხედვენ გაფარჩხულები.

რამდენიმე ხე წაიქცა
და უცბად შედგნენ ყველანი;
ჰხედავენ: მონაჭრიდანა
ნაძვებს გადმოსდით მელანი.
ვაჰმეო! ერთხმად იყვირეს
და იარაღიც დაჰყარეს.
ერთმანერთს გაოცებულთა
ესე ამბავი ახარეს:
ხელს ბავშვი მიჭერს ვიღაცა,
ანგელოზისა მსგავსია,
მკლავებს მიდუნებს, თვალებს მჭრის,
თითქოს მზე მადგეს ასია;
მე ხელს გავანძრევ ვეღარა,
სრულიად დავინავსია!

ΙV

თოვლი ქაღალდათ ქცეულა;
მაზედ ჩვილის ყრმის ხელითა
ზედ იწერება ამბავი
ალმასის კალმის წვერითა:
ნუ გეწყინებათ, მუშაკნო,
რო გიდუნდებათ მკლავია.
მიტომ არ მოვედ ქვეყნადა,
მიტომ არ დავიბადია,
რომ ყველამ ის ჩაიდინოს,
რაც მოსწონ, რაცა სწადია;
მიტომ არ ვეცვი ჯვარზედა,
საქმე ვიკისრე ძნელია,
ერთის ტანჯვითა მეორემ
რომ მოიღეროს ყელია,
უმწეოთ, ტანჯულთ ცრემლებით
ჩემი კალთები სველია
და, უკაცრავად, ავზედა
არ მოგიმართოთ ხელია!
გთხოვთ, ერთს დღეს, ერთს დღეს მაინცა
არ იყოთ ავის მქნელია!
ვინ იყო ამის დამწერი,
ვინ იყო ამის მთქმელია?

ვაჟა ფშაველა, 1909 წელი.

დაე გარემოზე ზრუნვით შევხვდეთ ახალ წელს!

ცნობისთვის:

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარების და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.

კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ოდენობა შეადგენს ან აღემატება 1 000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ანა ანუშიძე

28 დეკემბერი, 2023 წ.

 


No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...