Monday, May 31, 2021

რატომ გვჭირდება მეწარმეობის სწავლა სკოლაში

 

რატომ გვჭირდება მეწარმეობის სწავლა სკოლაში

მეწარმეობა არის უნარი, რომლის განვითარებაც მოამზადებს მოსწავლეს, იმისთვის რომ საკუთარი და თანამოაზრეების სამეწარმეო იდეები რეალობად აქციოს, წამოიწყოს, ორგანიზება გაუწიოს და განავითაროს მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა.   

მეწარმეა ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი შექმნას, მართოს და მიიღოს მოგება საკუთარი ან თანამოაზრეებთან ერთად დაწყებული საქმისგან და სწევს გონივრულ რისკებს მოგების მიღებისთვის. მეწარმეობის, როგორც უნარის და შესაძლებლობის განვითარების პირდაპირპროპორციული შედეგი ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

სწორედ მეწარმეები არიან ახალი იდეებისა და გამოგონებების მთავარი წყაროები. მეწარმეები  მხარს უჭერენ წარმოების პროცესში კვლევის აქტიურად გამოყენების პრაქტიკას, ავითარებენ და უზრუნველყოფენ ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების მიწოდებას ბაზარზე, ქმნიან ახალ საწარმოებსა და სამუშაო ადგილებს, რითაც  წვლილი შეაქვთ საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

სამეწარმეო საქმიანობის განვითარება დამოკიდებულია: 

1)      რისკზე წასვლის უნარზე - ნებისმიერი ახალი საქმის წამოწყება დაკავშრებულია  რისკთან. მეწარმე უნდა იყოს თამამი და ჰქონდეს რისკების შეფასების  და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

2)      ინოვაციებზე - ახალი იდეები მნიშვნელოვანი საწყისია სამეწარმეო საქმიანობისთვის, კომპანიის/საწარმოს შექმნისთვის, განვითარებისთვის და მოგების მიღებისთვის. მეწარმე მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარი პროდუქტის/მომსახურების განვითარებაზე.

3)      შორსმხედველობისა და ლიდერის უნარებზე - წარმატების მიღწევისთვის, მეწარმეს უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა თავისი წარმოების წამოწყებისა და განვითარებისთვის. თუმცა, იდეის ცხოვრებაში განხორციელებისვის საჭიროა რესურსები და თანამოაზრეები. მომავალი მეწარმისთვის პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს ლიდერის უნარებს. სწორედ ლიდერები მიმართავენ თავიანთ თანამშრომლებს და წარმოებას წარმატებისკენ.

4)      ნათელ გონებასა და აზროვნებაზე - სამეწარმეო საქმიანობისთვის, ნებისმიერი გარეომოება შეიძლება იქცეს შესაძლებლობად და გამოყენებული იყოს  წარმატებისთვის.

5)      მოქნილობაზე - მეწარმე უნდა იყოს მოქნილი და შეეძლოს ცვლილებებზე ეფექტიანი რეაგირება. წარმატების პიკზე მყოფი მეწარმეც კი  უნდა იყოს მზად ცვლილებებისთვის.

6)      იმ პროდუქტის/მომსახურების ზედმიწევნით ცოდნაზე, რომელსაც აწარმოებს/გეგმავს რომ აწარმოოს - მეწარმე, უნდა იცნობდეს იმ პროდუქტს/მომსახურებას რომლის წარმოებასაც გეგმავს. მეწარმე ბაზარზე არსებული ვითარების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და ინტერესების საქმის კურსში უნდა იყოს.  

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხა ძირითადი და არჩვითი საგნის ფარგლებში, მაგალითად სამოქალაქო განათლებაში, გეოგრაფიაში, სახელმწიფო და ეკონომიკაში - ვამუშავებთ ისეთ საკითხებს როგორებიც არის: კონკურენცია, კონკურენციის სახეები, საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპები,  SWOT ანალიზი, სტრატეგიული გეგმების შემუშავება,  (იხ. ვიდეო გაკვეთილი გეოგრაფიაში, თემაზე: ვაჭრობა, ვაჭრობის სახეები და ფორმები),  აუცილებელია, მეწარმეობის ფოკუსირებულად შესწავლა, სადაც მოხდება კონკრეტული წარმატებული და წარუმატებელი სამეწარმეო მაგალითების განხილვა და გაანალიზება, როლური თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების აღმოჩენას და განვითარებას. იმისთვის, რომ მეტი წარმატებული მეწარმე გვყავდეს, მნიშვნელოვანია სკოლიდანვე ვიზრუნოთ ჩვენი მოსწავლეების სამეწარმეო უნარების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეწარმეობის სწავლება.

ანა ანუშიძე

31 მაისი, 2021 წელი

Friday, May 28, 2021

რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე

რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე

   პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ რთული ქცევა არის პერიოდულად ან სიტუაციურად განმეორებადი ქცევა, რომელიც ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. მაგალითად: ჰიპერაქტიულობა,  აგრესიულობა, ისტერიკა და ა.შ. 

 როდესაც საქმე გვაქვს ნებისმიერი სახის რთულ ქცევასთან, ბუნებრივია, მისი მართვისთვის გვჭირდება გეგმა. თუმცა ქცევის მართვის ეფექტიან გეგმას დამოუკიდებლად ვერ შევქმნით. გვჭირდება მოკავშირეების, კლასის ხელმძღვანელის, სხვა მასწავლებლების, მშობლების და თავად რთული ქცევის მქონე მოსწავლის დახმარება. ეს კი პრაქტიკაში განსახორციელებლად, საკმაოდ რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

რთული ქცევის მართვის საჭიროების ალბათობა მინიმუმადმე რომ შევამციროთ, რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინოთ:

(1)   ვიდრე რომელიმე კლასში შევალთ პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად, გავესაუბროთ კლასის ხელმძღვანელს და კლასის სხვა მასწალებლებს, ვკითხოთ მათი გამოცდილების შესახებ და გავაკეთოთ მონიშვნები. კლასის ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე წინასწარ მოვამზადოთ სწავლა - სწავლების სტრატეგია, რომელიც პირველ ეტაპზე დაგვეხმარება მოსწავლეების, მათი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში.

 

(2)   მოვაწესრიგოთ და მოსწავლეებისთვის გასაცნობად მოვამზადოთ  მიმდინარე წლისა და სემესტრის სამოქმედო გეგმები. რადგან პირველივე, გაცნობით, გაკვეთილზე მაქსიმალურად საინტერესოდ წარმოვაჩინოთ შესასწავლი საგანი, თემები, საშინაო დავალების ტიპები, განსახორციელებელი აქტივობები, სასწავლო პროექტები, ღონისძიებები რომლებიც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე სემესტრში და წელს. მზად ვიყოთ შეკითხვებისთვის, მოსწავლეების მოსაზრებების და ინიციატივების მოსმენისთვის და გათვალისწინებისთვის. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, თავიანთი წვლილი შეიტანონ სწავლა - სწავლების პროცესის დაგეგმვაში. პირველი გაკვეთილიდანვე უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, მათ მოსაზრებებს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ.

 

(3)   პირველივე გაცნობით კვირაში, მოვახდინოთ გაკვეთილზე ქცევის გზამკვლევის შექმნა. ამისთვის, დაგვჭირდება მოსწავლეებისთვის ქცევის გზამკვლევის შექმნის და დაცვის დამაჯერებელი არგუმენტებით ახსნა. შემდეგ, კი ყველა მოსწავლის მონაწილეობით პოზიტიური ფორმულირებით და შესაბამისი ილუსტრაციით გაფორმებული, კონსენსუსის გზით მიღებული ქცევის გზამკვლევი შევქმნათ. ვეცადოთ არ გადავტვირთოც ჩვენი გზამკვლევი და ის მაქსიმუმ ხუთი პუნქტისაგან შედგებოდეს.  მუშაობის დასრულების შემდეგ, ქცევის გზამკვლევი კლასში, თვალსაჩინო ადგილას შეგვიძლია განვათავსოთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენ არასდროს დავარღვიოთ გზამკვლევით გაწერილი პუნქტები და ამით პოზიტიური ქცევის მაგალითი შევქმნათ.

 

(4)   ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პოზიტიური ქცევის მაგალითი ჩვენი მოსწავლეებისთვის. ყოველთვის ვიყენებდეთ: თავაზიან, დამაჯერებელ სასაუბრო ენას, ვიცავდეთ მოსწავლეთა უფლებებს, ვასრულებდეთ საკუთარ ვალდებულებებს, ეფექტიანად ვიყენებდეთ საგაკვეთილო დროს, ყოველთვის ვიყოთ მზად მოსწავლეების მოსმენისთვის და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხის გაცემისთვის.

 

(5)   ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკიდან ამოვიღოთ ნებისმერი ფორმის დასჯა და ჩავანაცვლოთ ის ახსნისა და ჯილდოს გამოყენების პრაქტიკით. დავსვათ კორექტული შეკითხვები და მკაფიო მითითებებით შევწვიტოთ კონკრეტული საგაკვეთილო აქტივობისთვის არაადეკვატური ქცევა. მაგალითად, როცა ვხედავთ, რომ მოსწავლე მოუსვენრად იქცევა, ცდილობს გამოელაპარაკოს კლასელს არასაგაკვეთილო თემაზე, რითაც აქტივობაზე კონცენტრირებაში ხელს უშლის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ კლასელებსაც,  ვკითხოთ: „გაქვს შეკითხვა?“ „გჭირდება დახმარება?“, თუ გვიპასუხა რომ არ აქვს შეკითხვა და არ სჭირდება დახმარება მაშინ, მშვიდი, მაგრამ მკაცრი და დამაჯერებელი ტონით ვუთხრათ: მოიკრიბე ყურადღება და შეწყვიტე სხვა საქმის კეთება, ან შეწყვიტე საუბარი და სხვა მოსწავლეების შეწუხება. გამოიყენეთ ჯილდოს გადაცემის პრივილეგია ეფექტიანად, შეაქეთ  სიტყვიერად, დაუწერეთ პოზიტიური კომენტარი, დაურეკეთ/მისწერეთ მოსწავლის მშობლებს და მოუყევით მისი შვილის წარმატების შესახებ, აღნიშნეთ მოსწავლის წვლილი საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მეტი ეფექტიანობისთვის, რეაგირება, როგორც მოსწავლის არასასურველ ქცევაზე, ისე პოზიტიურ ქცევაზე უნდა იყოს დაუყოვნებლივი.

 

(6)   წავახალისოთ მოსწავლეების ინიციატივები, მივცეთ ისეთი დავალებები სადაც საკუთარი ნააზრევის, იდეის, ინიციატივის შესახებ ისაუბრებენ. რამდენადაც შესაძლებელია, დავეხმაროთ ინიციატივების განხორციელებაში. შევქმნათ იმდენად საქმიანი საკლასო გარემო, რომ მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხის შესახებ. ამასთან, დავეხმაროთ მოსმენის, კითხვის დასმის, კომენტარის გაკეთების, დებატების, ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ახსნის უნარის განვითარება, რაც დაეხმარებათ საკუთარი ნააზრევის, იდეის, ინიციატივის, პრობლემის, ემოციის გამოხატვაში.

 

(7)   მივცეთ თავისუფალი დრო გაკვეთილზე, ეს შეიძლება იყოს სულ რამდენიმე წუთი, რომლის დროსაც ვისაუბრებთ რომელიმე აქტუალურ საკითხზე. ზოგადად, კი ყოველი აქტივობის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ, რომ ასაკის და შესაძლებლობების მიხედვით, ყველა მოსწავლისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური ოდენობის ფიქრის დრო არის საჭირო, რათა მათ გაიაზრონ შეკითხვა, დავალების პირობა და თანაბარ პირობებში იყვნენ იმისთვის რომ გამოავლინონ საკუთარი თავი საგაკვეთილო პროცესში.

მიუხედავად ზემოთ აღწერილი კონკრეტული ქმედებებისა, და ჩვენი დაუღალავი შრომისა, მაინც შეიძლება გამოვლინდეს გაკვეთილზე რთული ქცევა. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

       დავაკვირდეთ ქცევას, იმდენად ყურადღებით, რომ შეგვეძლოს მისი აღწერა შემდეგნაირად: რა სახის არის რთული ქცევა? რამდენად ხშირად მეორდება რთული ქცევა? რთული ქცევა გამოწვეულია წინაპირობით თუ წინაპირობის გარეშე? რომელი პოზიტიური ქცევით გვინდა რთული ქცევის ჩანაცვლება?

       აღწერასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მოსწავლესთან გასაუბრება, ქცევასთან დაკავშირებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა მოსწავლე ვერ აცნობიერებდეს საკუთარი ქცევის შედეგებს ან უბრალოდ არ იცოდეს როგორ მოიქცეს. ამიტომ, ინტერვიუს პროცესში შევეცადოთ გამოვარკვიოთ ქცევის მიზეზები, ავუხსნათ რატომ არის კონკრეტული სახის ქცევა არასასურველი, და როგორ უნდა მოიქცეს. ინტერვიუს დროს, ისევე როგორც მთელი სწავლა - სწავლების პროცესში, აუცილებლად გამოვიყენოთ თავაზიანი, მეგობრული, მარტივი და გასაგები ენა.

       იმ შემთხვევაში, თუ რთული ქცევა რაიმე წინაპირობას არ უკავშირდება ან ინტერვიუს შემდგომ მოსწავლის ქცევაზე დაკვირვების შემდეგ დავინახავთ, რომ პროგრესი არ შეინიშნება აუცილებელია ერთიანი, კოორდინირებული მიდგომის შემუშავება და გეგმის შედგენა. ამ მიზნით, დახმარებისთვის მივმართოთ სკოლის ფსიქოლოგს, კლასის ხელმძღვანელს, კოლეგა მასწავლებლებს, მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს.

ანა ანუშიძე

28 მაისი, 2021 წელი

 

Monday, May 24, 2021

როგორ განვივითაროთ ახსნის უნარი

 



როგორ განივივითაროთ ახსნის უნარი

მარტივი სავარჯიშოები

ახსნის უნარი ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის ერთ - ერთი აუცილებლი უნარია. მაინც, რას გულისხმობს ახსნის უნარი? ეს არის, როგორც საკუთარი, ისე სხვისი  აზრის, შეხედულების, საკითხის, პრობლემის და პრობლემის მოგვარების გზების ნათლად, ლაკონურად, საინტერესოდ, ეფექტიანად გამოხატვისა და გადმოცემის უნარი.

სასიხარულოა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ეტაპობრივად განვივითაროდ ეს მნიშვნელოვანი უნარი. ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 მარტივ სავარჯიშოს, რომელიც ამ მიმართულებით დიდ დახმარებას გაგვიწევს.

(1) სიტყვის შინაარსის წვდომა

ავირჩიოთ მარტივი სიტყვა, რომელსაც ერთი შეხედვით განმარტება არ სჭირდება, რადგან ისედაც ნათელი და გასაგებია მისი მნიშვნელობა. შევეცადოთ, ჩვენს მიერ არჩეული სიტყა  ერთი წინადადებით განვმარტოთ. ამ მიზნით, გამოვიყენოთ მაქსიმუმ 5 სიტყვა.

(2) პრობლემის არსის გააზრება

ავირჩიოთ პრობლემა, სასურველია არჩევანი შევაჩეროთ რომელიმე აქტუალურ პრობემაზე, და მისი არსი გადმოვცეთ მარტივი სქემის საშუალებით. სქემის შექმნის დროს გამოვიყენოთ მინიმუმ 10 გრაფა.


(3) ტერმინის განმარტება

     ავირჩიოთ ტერმინი, და ვცადოთ მისი განმარტება ჩვენს მიერ შექმნილი ჩანახატის გზით.


(4) ინტერაქციული პრეზენტაციის გეგმა 

ავირჩიოთ თემა, რომელის გაცნობაც გვინდა ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, და შევქმნათ მხოლოდ კითხვითი წინადადებებისგან შემდგარი თემის პრეზენტაციის გეგმა. ამისთვის, გამოვიყენოთ 5 კითხვითი წინადადება.


(5) პრობლემის გადაჭრის ალგორითმი

ავირჩიოთ პრობლემა, შეიძლება ეს ის პრობლემა იყოს წინა, მე- 2 დავალებისთვის რომ შევარჩიეთ და ამჯერად ამ პრობლემის მოგვარების გზის ალგორითმი შევქმნათ.  ამისთვის გამოვიყენოთ მაქსიმუმ 5 წინადადება.

აღნიშნული სავარჯიშოები წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც თვითგანვითარებისთვის, ისე სკოლაში, სამივე საფეხურზე, სწავლა - სწავლების პროცესში და ამით დავეხმაროთ მოსწავლეებს განივითარონ ახსნის უნარი. სწავლა - სწავლების პროცესში, სავარჯიშოების გამოყენებამდე, ბუნებრივია, ჩვენი მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებებიდან, შესაძლებლობებიდან, საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე მოვახდენთ სავარჯიშოების შინაარსობრივი ნაწილის ადაპტირებას.  

ანა ანუშიძე

24 მაისი, 2021 წელი





 





Tuesday, May 4, 2021

როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტიანად

 

როგორ ვითანამშრომლოთ ეფექტიანად

ამოცანის მნიშვნელობის აღიარება და თანამშრომლობის უნარი პირდაპირ კავშირშია სამუშაო პროცესის პროდუქტიულობასთან.

ამოცანის მნიშვნელობის აღიარება გულისხმობს ჯგუფის წევრების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ ამოცანა რომელის შესრულებისთვისაც მუშაობენ,  ნამდვილად საჭირო, სასიკეთო და სარგებლის მომატნია მათთვის, როგორც პროფესიონალებისთვის და იმ სფეროსთვის რომელშიც მუშაობენ.

თანამშრომობის უნარი კი ის სიკეთეა, რომელსაც სწავლა და განვითარება სჭირდება. სწორედ თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის საჭირო საკითხებს განვიხილავთ ქვემოთ.

მაშ ასე, იმისთვის, რომ ეფექტიანად შევძლოთ თანამშრომლობა საჭიროა:

v  განსხვავებული შეხედულებების, გამოცდილების, საჭიროებების და მიღწევების მქონე ადამიანების მოსმენის კულტურის ცოდნა და გამოყენება: მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ხედვები შესაძლოა არ დაემთხვას ან სრულადაც განსხვავდებოდეს ჩვენი მოსაზრებებისგან, მაგრამ ჩვენ გვმართებს მოვუსმინოთ ჯგუფის თითოეული წევრის მოსაზრებას და არგუმენტაციას.

v  თანამშრომლობის პროცესში, ჯგუფის სხვა წევრების მიერ, გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმამდე: გამოვიყენოთ სიღრმისეული/დამაზუსტებელი შეკითხვები, რათა უფრო ნათლად გავიგოთ რას გულისხმობს მოსაზრების ავტორი, შემდეგ, გამოვთქვათ ჩვენი ალტერნატიული მოსაზრება  და წარმოვადგინოთ შესაბამისი არგუმენტები. ვეცადოთ ჩვენი შეხედულების გამოთქმის დროს არ მოვახდინოთ ზეწოლა ჯგუფის დანარჩენ წევრებზე, არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი შეხედულება ან მოსაზრება აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და სხვა ალტერნატივების განხილვა აღარ არის საჭირო. ვეცადოთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ ამოცანის შესრულებაში, არამედ თანამშრომლობითი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.

v  საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შემდეგ გამოვიჩინოთ მოთმინება და დაველოდოთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მათაც გამოთქვან საკუთი მოსაზრებები: ვეცადოთ, ეფექტიანად გამოვიყენოთ პაუზები საუბრის დროს და   ამით „ფიქრის დრო“ და ნათქვამის გააზრების საშუალება მივცეთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

v  ნუ გავცხარდებით თუ ჩვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით კრიტიკულ კომეტარს მივიღებთ: ჩვენი არგუმენტების დახვეწისა და საერთო ამოცანის ეფექტიანად შესრულებისთვის, საჭიროა ყველას მიეცეს საკუთარი მოსაზრების და არგუმენტების წარმოდგენის საშუალება. დავფიქრდეთ და თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი მოსაზრების შეცვლით და ჩვენი ჯგუფის წევრის მოსაზრების გაზიარებით საერთო ამოცანა უფრო ეფექტიანად მიიღწევა ასეც მოვიქცეთ. ასეთი ქმედება გაამყარებს თანამშრომლობით გარემოს და სამუშაო პროცესი უფრო საინტერესო და სასიკეთო შედეგების მომტანი გახდება.

v  თანამშრომლობითი მუშაობის პროცესში ჩვენზე დაკისრებული ინდივიდუალური სამუშაოს შესრულების დროს: ვიყოთ მოქნილები და პუნქტუალურები, დროულად შევასრულოთ ჩვენზე მონდობილი დავალება. დავალების შესრულების შემდეგ მზად ვიყოთ: განსხვავებული მოსაზრებების მოსმენისთვის, სიახლეების მიღებისთვის, საკუთარი მოსაზრებების გაჟღერების დროს არგუმენტების მოხმობისთვის, კრიტიკული შეკითხვებისთვის, სხვადასხვა მოსაზრების მოსმენისთვის და დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენის  შემთხვევაში მათი გათვალისწინებისთვის.

v  არგუმენტირებული მსჯელობა თანამშრომლობის დროს: არგუმენტირებული მსჯელობა, რომ არაფერი ვთქვათ მის მაღალ მნიშვნელობაზე ჯგუფის საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, არის ნამდვილი ინტელექტუალური სავარჯიშო, რადგან არგუმენტირებული მსჯელობის პროცესში ხდება ერთი საკითხის განსხვავებული პრიზმით დანახვა, სხვადსხვა მოსაზრებების და არგუმენტების მოსმენა, დასკვნების გამოტანა და შეკითხვების დასმა. თუმცა, ამ ყველა სიკეთის მისაღებად საჭიროა ჯგუფის თითოეული წევრის მიერ გაცნობიერებული იყოს რომ, პირველი, შეკითხვის დასმა და ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა არ ნიშვნავს დაპირისპირებას ჯგუფის წევრებს შორის, მეორე, თუ არგუმენტების განხილვის შედეგად აღმოჩნდება რომ ალტერნატიული ხედვის გათვალისწინება არ მოიტანს სარგებელს საერთო ამოცანის შესრულების პროცესში და გადაწყდება პირვანდელ მოსაზრებაზე დაბრუნება ეს არ ნიშნავს, რომ თავდაპირველი მოსაზრების ავტორი არ არის ღია თანამშრომლობისადმი, მესამე, ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენის და მთლიანად სამუშაო პროცესი წარვმართოთ ეთიკური ქცევის სტანდარტის დაცვით.

v  ეთიკური ქცევის სტანდარტის დაცვა საფუძველია ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის: ურთიერთპატივისცემა,  განსხვავებული აზრის მოსმენა, მიღება და პატივისცემა, მიმართვის კულტურა, ფამილარობის თავიდან აცილება-განსაკუთრებით თანამშრომლობის საწყის ეტაპზე,  თმენის ვალდებულების გააზრება, საერთო მიზნის პატივისცემა, ერთმანეთის ინტელექტუალური შრომის ნაყოფის პატივისცემა, ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს აღიარება, კეთილსინდისიერება, პუნქტუალურობა, პოლემიკის დროს პაუზის ეფექტიანად გამოყენენბა, თანამშრომლობის პროცესში ჯგუფის წევრებისთვის ფიქრის დროის მიცემა და გამოყენება. თავი ავარიდოთ დესტრუქციულ ქმედებებს როგორიც არის: საუბრის დროს ჯგუფის სხვა წევრის ხმის გადაფარვა, შეკითხვის იგნორირება, არაეთიკური კომეტარები, განსხვავებული აზრის ჩახშობის ან ჩახშობის წახალისების მცდელობა, საკუთარი აზრის ჯგუფის სხვა წევრისთვის/წევრებისთვის უპირობო ჭეშმარიტებად შეთავაზება. უარი საკუთარი მოსაზრების ჯგუფის წევრებისთვის გაცნობასა და ახსნაზე.

შეგვიძილა თამამად ვთქვათ, რომ როგორც ნებისმიერი სფეროს წარმატებით განვითარებისთვის, ისე ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანის პროფესიული წინსვლისთვის, აუცილებელია თანამშრომლობითი მიდგომა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. სწორედ ამიტომ, არის მნიშვნელოვანი სხვადასხა ტიპის და ფორმატის თანამშრომლობაზე დაფუძნებული აქტივობები შემოვიტანოთ და დავნერგოთ ყოველდღიურ სწავლა - სწავლების პროცესში.

ანა ანუშიძე

3 მაისი, 2021 წელი


ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...