გენდერული თანასწორობა, ნამდვილად არის ერთ - ერთი აქტუალური
და ჯერ მიუღწეველი, მაგრამ სასურველი შედეგი.
თავის მხრივ,
გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის პირველ რიგში საზოგადოებრივი
შეთანხმებაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება ის.
მაშ ასე, გენდერული თანასწორობა ღირებულებაა, რაც განსხვავებული
სქესის ადამიანების შესაძლებლობების, საჭიროებების, ინტერესების, საქმიანობის სტერეოტიპების გარეშე, ობიექტურ შეფასებას ნიშნავს.
როგორც ყველა სხვა ღირებულება, მათ რიცხვში, გენდერული
თანასწორობაც ცნობიერების ეტაპობრივი, მაგრამ თანმიმდევრული გაფართოების და განვითარების
გზით შეიძლება შეიძინოს ადამიანმა. როგორც აღვნიშნეთ, ღირებულების დასწავლა შეუძლებელია,
ამიტომ გენდერული თანასწორობის დაცვა სხვადასხვა სფეროში და ყოველდღიურ ცხოვრებაში
გენდერულად სამართლიანი, მაგრამ არა დამამცირებელი მეთოდებით უნდა მოხდეს.
მაგალითად, თუ ჩვენ ხელოვნურ კვოტებს დავაწესებთ ნებისმიერ
სამსახურში და ამ გზით ვეცდებით „აღვადგინოთ“ გენდერული თანასწორობა, ეს არა თუ არ
შეუწყობს ხელს გენდერული თანასწორობის აღდგენას, არამედ პირიქით, გამოიწვევს უსამართლობის განცდას და გენდერული თანასწორობის
ღირებულების მიმართ უარყოფითი განწყობების გავრცელებას.
წარმოვიდგინოთ, გასაუბრებაზე მხოლოდ იმიტომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას რომ საჭირო იყო გენდერულად დაბალანსებული გუნდის შექმნა და „გენდერული თანასწორობის“ იდეით არ აგვიყვანეს სამსახურში. ან, წარმოვიდგინოთ, რომ გასაუბრებაზე მხოლოდ იმიტომ მოგვენიჭა უპირატესობა სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რომ ჩვენი სამსახურში აყვანით „გენდერული თანასწორობა“ აღდგა. თუ პირველ შემთხვევაში უარყოფითი შედეგი ჩვენში საშინელი უსამართლობის განცდას იწვევს, მეორე შემთხვევაში დადებითი შედეგი ჩვენში არა ნაკლებ საშინელ, არასრულფასოვნების განცდას გამოიწვევს. შესაბამისად, ასეთი მიდგომით, გენდერული თანასწორობის აღდგენის ნაცვლად, ამ უმნიშვნელოვანესი ღირებულების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას შევუწყობთ ხელს.
სად არის გამოსავალი? როგორ მოვიქცეთ თუ გვინდა ხელი
შევუწყოთ სხვადასხვა პროფესიაში გენდერულ თანასწორობას?
დიახ, სწორედ რომ გენდერული თანასწორობა და არა მექანიკური
ბალანსი!
გენდერული ბალანსის მიღწევის მიზნით გადაწყვეტილებების
მიღება ისეთივე უსამართლობაა, როგორც გენდერული
უთანასწორობა.
საუკეთესო გამოსავალი და რეალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის დაცვის
საუკეთესო გზა ზოგადი ობიექტური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობაა. გვჭირდება პროფესიონალი,
შესაბამისი განათლების, უნარების, გამოცდილების, დამოკიდებულებების მქონე კადრი? მაშინ,
სწორედ ეს იყოს მთავარი კრიტერიუმები გადაწყვეტილების მიღების დროს და არა ის, თუ რომელი
სქესის ადამიანებია საჭირო კონკრეტულ პროფესიაში ან სამსახურში იმისთვის, რომ გენდერული
ბალანსი აღდგეს.
ანა ანუშიძე
17 ივნისი, 2021წელი