ღირებულებების სწავლება -
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ღირებულებების გააზრებაში
1. ქურდი მკერავი
იყო ერთი მკერავი. ისე
არაფერს შეკერავდა, ბლომად ქსოვილი არ მოეპარა. ერთხელაც დაესიზმრა, ვითომ თავზე ხე
ამოსვლოდა და რაც კი ნაჭრები ჰქონდა მოპარული, ამ ხეს ფოთლებად ესხა. შეშინდა მკერავი,
შვილს დაუძახა და უთხრა:
-
შვილო, თუ შემამჩნიო, ნაჭერს
ვიპარავდე, სიზმარი მომაგონე.
ერთხელაც მას ვიღაც მდიდარმა ოქრომკერდით ნაქარგი ქსოვილი მოუტანა. მკერავს სულმა წასძლია, მაკრატელი მოიმარჯვა და ის იყო, უნდა მოეპარა, რომ ამ დროს მისი შვილი შემოვიდა და სიზმრად ნანახი ხე მოაგონა. გაბრაზდა მკერავი, შვილს მაკრატელი თავში ჩასცხო და უთხრა: ასეთი ქსოვილი როდის ეკიდა იმ ხეზეო!
2.
ორმოში ჩაგდებული მეფე
ორი მეფე ერთმანეთს შეება.
ერთმა სძლია მეორეს, შეიპყრო და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. ორმოსთან ერთმა კაცმა
გამოიარა. ორმოში ჩაგდებული მეფე რომ ნახა, მისი ამოყვანა და გაპარება მოინდომა და
ჩასძახა: კარგს არ ვიზამ, რომ გაგაპაროო?!
მეფემ მადლობა მოახსენა.
კაცმა ჩაუგდო თოკი, ამოზიდა
და რომ ამოიყვანა, კვლავ ჰკითხა:
-
კარგი არ ვქენი, რომ ამოგიყვანე?
მეფემ კვლავ მადლობა გადაუხადა.
კაცმა მესამედაც ჰკითხა:
-
ხომ კარგი ვქენი, რომ ამოგიყვანე?
შეწუხდა მეფე და დაიყვირა:
-
ჰეი, ვინა ხართ, ამ კაცმა
გამაპარა!
მოცვივდნენ მცველები და
ორივე შეიპყრეს.
-
რატომ გაამჟღავნე, რად
არ გაიპარე? - ჰკითხეს მცველებმა მეფეს.
- ვიდრე ამომიყვანდა, ყვედრებით ამავსო და სანამ სახლამდე მივაღწევდი, ხომ კიდეც დამახრჩობდა, ისევ ორმოში ყოფნა ვარჩიეო, - უპასუხა მეფემ.
3.
კუ და მორიელი
კუ და მორიელი დაძმობილდნენ.
გაუდგნენ გზას. იარეს, იარეს და ერთ მდინარეს მიადგნენ. მორიელმა ცურვა არ იცოდა და
დაღონდა.
-
ზურგზე შემაჯექი, გაგიყვან,
- უთხრა კუმ.
შეაჯდა მორიელი კუს ზურგზე
და გაცურეს. უეცრად, შუა წყალში მორიელმა კუს ზურგზე კბენა დაუწყო.
-
ძმაო, რას აკეთებ? - ჰკითხა
კუმ.
-
განა მე მსურს კბენა, მაგრამ
რა ვქნა, ჩვენი მოდგმა ასეთია, მტერსა და მოყვარეს, ყველას განურჩევლად ვკბენთ, - მიუგო
მორიელმა.
კუმ დაიყურყუმელავა, მორიელი
წყალში ჩააგდო და მიაძახა:
- რა ვქნა, ძმაო, მეც არ მინდა, მაგრამ ჩემი მოდგმა ასეთია, თუ ნაკბენსა და დაგესლილ ხორცს არ განიბანს, გაუსივდება და მოკვდება!
4.
ძუნწი და ოქრო
ერთმა კაცმა მუშაობის დროს
დიდძალ ოქროს მიაგნო, წაიღო და თავისი სახლიდან ოდნავ მოშორებით, მიწაში ჩაფლა. ამის
მერე ყოველდღე მიდიოდა - ამოთხრიდა მიწას და ოქროს დახედავდა. მეორე კაცი ჩუმად თვალს
ადენვნებდა მის საქმიანობას და ფიქრობდა: ნეტავ რა უდევს მიწაში ასეთი, ყოველდღე რომ
ნახულობსო!
ერთხელაც ეს მეორე კაცი
მივიდა იმ ადგილას, ამოთხარა მიწა და ოქრო არ იპოვა?! ამოიღო და მის ნაცვლად მიწაში
ქვა ჩადო.
მეორე დღეს კაცი ჩვეულებრივ
მივიდა თავისი ოქროს სანახავად, ამოთხარა მიწა
და რას ხედავს, ოქროს ნაცვლად ქვა დევს! დაიწყო ხმამაღლა ტირილი და მოთქმა. ამ დროს
მასთან მეორე კაცი მივიდა და უთხრა:
-
რა გატირებს, რა დაგემართა?
-
რაღა რა დამემართა, ცოტაოდენი
ოქრო მქონდა, მეშინოდა, არ დამხარჯოდა და მიწაში ჩავფალი, ვიღაცას კი მოუპარავს და
მის ნაცვლად კი ქვა ჩაუდია.
- მერედა მაგისთვის ტირი? განა სულერთი არ არის, მაგ მიწაში ოქრო იქნება ჩადებული თუ ქვა, თუკი მაინც არ დახარჯავ?! - უთხრა კაცმა.
5.
ცალთვალა მეფე და მხატვარი
ძველად იყო ერთი ქვეყანა
ლავდიკია, რომელსაც ერთი ცვალთვალა მეფე მართავდა. ამ მეფეს ჰყავდა ერთი მხატვარი,
რომელიც თვალში არ მოსდიოდა და მის მოსაკლავად მიზეზს ეძებდა. ერთხელაც მეფემ მოიხმო
ეს მხატვარი და უბრძანა უნდა დამხატოო.
„აჰა, მოვიდა ჩემი აღსასრული, - გაიფიქრა მხატვარმა, - ცალთვალა დავხატო - მომკლავს, როგორ გამიბედეო,
ორი თვალით დავხატო და მაინც მომკლავს - ჩემი მსგავსი არ არისო...“ დაიწყო ფიქრი, რა
ეღონა და ბოლოს ერთი რამ მოიგონა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა და ბრმა
თვალი დაუხუჭა, ვითომდა ირემს იღებს მიზანშიო.
მეფემ დიდხანს ათვალიერა
ნახატი, მაგრამ წუნი ვერ უპოვა.
ასე გადაურჩა მხატვარი სიკვდილს.
6.
უტკბესი და უმწარესი
ერთმა მეფემ თავის ვეზირს
უბრძანა:
-
წადი და, ისეთი საჭმელი
მომიტანე, არც ხმელეთზე და არც ზღვაში მასზე უტკბესი არფერი იყოს!
წავიდა ვეზირი და ენა უყიდა.
მოუტანა, შეუწვა და აჭამა.
მოეწონა მეფეს და კვლავ
უბრძანა:
-
ახლა კი წადი და ისეთი
რამ მომიტანე, რომ არც ხმელეთზე და არც ზღვაში მასზე უმწარესი არაფერი იყოს!
წავიდა ვეზირი. ისევ ენა
უყიდა და მოუტანა.
მეფემ უთხრა:
-
მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე,
ტკბილი ვითხოვე და ისევ ენა მომიტანე?!
- მეფეო, თქვენს თავს დავიფიცებ, რომ არც ენაზე უტკბესი არის რამე ამქვეყნად და არც ენაზე უმწარესი, - მიუგო ვეზირმა.
7.
ქორი, იხვი და კაკაბი
ერთმა ქორმა იხვი დაიჭირდა
და ის იყო, შეჭმა დაუპირა, რომ ამ დროს ზევიდან მონადირისაგან შეშინებულმა კაკაბმა
ჩამოუქროლა.
ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო.
ამასობაში იხვმა დრო იხელთა, ბრჭყალებიდან დაუსხლტა და გაფრინდა.
ქორი ვეღარც კაკაბს დაეწია და ორივე დაკარგა.
8.
ძალა ერთობისა
იყო ერთი დიდებული მეფე,
რომელსაც ოცდაათი ვაჟი ჰყავდა.
სიკვდილის წინ უხმო ვაჟებს
და უბრძანა, ოცდაათი ისარი მომიტანეთო.
მათაც მოუტანეს.
მეფემ ისრები მაგრად შეკრა
და გადაღუნა, მაგრამ ვერ გადატეხა.
მერე, სათითაოდ აიღო და
ყველა დალეწა.
მიუბრუნდა შვილებს და უთხრა: თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გაგტეხთ, როგორც მე წეღან ვერ გადავტეხე ისრების კონა; ხოლო თუ გაიყრებით, მტერი ისევე დაგლეწავთ, როგორც მე დავტეხე ისრები სათითაოდო.
9.
კარდაკარ მავალი სასიძო
ერთი ღარიბი კაცი გამდიდრდა
და მისი ვაჟიშვილისთვის მდიდარი კაცის ქალი ითხოვა.
მდიდარმა იფიქრა: უარი
რომ ვუთხრა, ვაითუ გადამემტეროს. მოდი, მიზეზს მოვუნახავ, იქნებ დავიხსნა თავიო, და
ასეთი პირობა წაუყენა:
-თუ ეგ შენი შვილი გლახაკობას ისწავლის და ერთი წლის განმავლობაში კარდაკარ
სამათხოვროდ ივლის, მიცემ ქალს, თუ არა და
- არა.
რაღა ექნა გამდიდრებული
კაცის შვილს, დაიწყო კარდაკარ სიარული და მოწყალების თხოვნა.
წელიწადი რომ გასრულდა,
გამდიდრებულმა ღარიბმა ისევ ითხოვა მდიდარი კაცის ქალიშვილი თავისი ვაჟისთვის. მდიდარმა
უთხრა:
-
ახლა კი შენი შვილი მათხოვრობას
უნდა შეეშვას! აბა, კარდაკარ მოწყალების მთხოვნელს ქალი როგორ მივცე?!
ვაჟმა ეს რომ გაიგო, შორს
დაიჭირა: ერთწელიწადს ძლივს მისწავლია და ახლა როგორღა შევეშვაო?!
აი, ასე - ვაჟმა მათხოვრობა ვერ მოიშალა და მდიდარმაც ქალი აღარ მისცა.
10.
კატის გაზრდილი ლომი
ერთი კატა ტყე - ტყე დაიარებოდა.
ერთ დღესაც მკვდარ ძუ ლომს
გადააწყდა, რომელსაც ბოკვერი დარჩენოდა. კატას შეეცოდა და წაიყვანა გასაზრდელად.
გაიზარდა ბოკვერი და ნადირობა
დაიწყო. მოიტანდა ხოლმე ნანადირეს და გემრიელად შეექცეოდა.
ერთ დღესაც ვერაფერი მოინადირა
და მშიერმა თავის გამზრდელ კატას დაუპირა შეჭმა.
კატა მიუხვდა განზრახვას,
გაექცა ლომს და ხეზე აძვრა. ლომი ხის ძირში წამოუწვა და დათაფლული ხმით ასძახა.
-
ჩემო დედაზე უსაყვარლესო
და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნე რომ მასწავლე, ხეზე ასვლა რატომ არ
მასწავლე?
-
ეს ხერხი, ჩემთვის შევინახე:
ვიცოდი ეს დრო დამიდგებოდა და დამჭირდებოდა, - მიუგო კატამ.
No comments:
Post a Comment