Saturday, March 19, 2022

პროექტული სწავლება - პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

 


პროექტული სწავლება
პროექტის დაგეგმვის და განხორციელების 

6 საფეხური

პროექტი არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული საქმიანობა, წინასწარ განსაზღვრული მიზნის მიღწევისთვის.  მნიშვნელოვანია თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ მასწავლებელი პროექტული სწავლა - სწავლების პროცესში ასრულებს კოორდინატორის, ექსპერტი, კონსულტანტის როლს. 

მაშ ასე, სასწავლო პროექტი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

I საფეხური: წინასწარი მოკვლევა და საჭიროებების ანალიზი;

განვსაზღვროთ ინტერესის სფეროები და პრობლემა. მაგალითად: თემში არსებული პრობლემები, საერთო საზოგადოებრივი პრობლემები, ზოგადი სახის პრობლემები, სოციალური პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები; პრობლემები სასკოლო კულტურაში და ა. შ.

ინტერესის სფეროსა და პრობლემის განსაზღვრის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა შინაარსის და ფორმის კითხვარები და აქტივობები, რომლებიც გამოკვეთს იმ საერთო ინტერესს რომელიც აქვთ მოსწავლეებს.

II საფეხური: მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა;

პროექტის თემის შერჩევა და პრობლემის სწორად განსაზღვრა არის საქმიანობის დასაწყისი. ამის შემდეგ, იწყება ინფორმაციის შეგროვება შერჩეული პრობლემის  ირგვლივ.

ინფორმაციის მოძიების შემდეგ ვგეგმავთ აქტივობებს. ასევე, შეგვიძია შევქმნათ ჯგუფები და მათზე გდავანაწილოთ საქმიანობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია კოორდიაცია და პერიოდული შუალედური ინფორმირება ჯგუფებს შორის.

განსაზღვრეთ პროექტის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და დაგეგმეთ კონკრეტული ღონისძებები. დაგეგმვა პროექტის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს გულისხმობს პრობლემის ყველაზე ეფექტიანი გადაჭრისთვის საჭირო მოქმედებებისა და მათი თანმიმდევრობის განსაზღვრას.

პროექტის  მიზნების განსაზღვრის შემდეგ, საჭიროა დაადგინოთ მოსალოდნელი შედეგები ანუ რას უნდა მიაღწიოთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღინისძიებებით, რისი შეცვლა ან გაუმჯობესება გსურთ.  

მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისას, სასურველია დავადგინოთ ის რისკები რომლებსაც ჩენი პროექტის სრულყოფილად განხორციელების გზაზე ხელის შეშლა შეუძლია.  ამ ეტაპზე ეფექტიანი იქნება  მარტივი მატრიცები ანუ ცხრილები ააგოთ, სადაც გამოკვეთთ მოსალოდნელ შედეგებს და რისკებს;

ამ გზით, ერთ სიბრტყეზე თვალსაჩინოდ ნახავთ დაგეგმილ ღონისძიებებს/აქტივობებს და მარტივად გადაამოწმებთ შეესაბამება თუ არა ის პროექტის მიზნებს, მიმართულია თუ არა მოსალოდნელი შედეგების მიღწევისაკენ, გვეხმარება თუ არა რისკების აცილებაში, არის თუ არა დროში განსაზღვრული, გვეხმარება თუ არა ბენეფიციარების ჩართვაში, ვის შეიძლება მიმართოთ მისი შესრულების დროს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ყველა ორგანიზაციას აქვს საკუთარი ფორმა საპროექტო განაცხადის, თუმცა ნებისმიერი ფორმის შევსება მოითხოვს პროექტის წარმდგენის/წარმდგენებისგან შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდებას:  

1.      საინიციატივო განაცხადის თავფურცელი;

2.      ინფორმაცია საინიციატივო ჯგუფის შესახებ;

3.      პრობლემის აღწერა;

4.      პროექტის მოკლე აღწერა;

5.      პროექტის ბენეფიციარები და გეოგრაფიული დაფარვა;

6.      პროექტის განხორციელების ვადები:

·         პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღი;

·         პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი;

7.      პროექტის მოსალოდნელი შედეგები;

8.      პროექტთან დაკავშირებული რისკები;

9.      ბიუჯეტი (თვეების მიხედვით გაწერილი);

10.  პროექტის აქტივობები და გრაფიკი;

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ რა მიზანი გაქვთ, რა შედეგი უნდა მიიღოთ, რა უნდა გააკეთოთ, ვინ უნდა ჩართოთ პროექტში და ვისთან ითანამშრომლობთ, რა რესურსი და ხარჯები (ბიუჯეტი) გჭირდებათ, რა დარო გჭირდებათ, ვინ არის თითოეულ აქტივობაზე პასუხისმგებელი - ამის შემდეგეს ყველაფერი ასახეთ ცხრილში.

III საფეხური: დაგეგმილი ქმედებების განხორციელება;

ამ ეტაპზე დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ხდება. არის აქტივობის/ქმედების 4 სახე:

1)      პირდაპირია ქმედება, როცა პრობლემის მოგვარების პროცესში თქვენ უშუალოდ ერთვები იმ ადამიანებთან/ბენეფიციარებთან ვის კეთილდღეობაზეც ზრუნავთ.

2)      არაპირდაპირია ქმედება, როცა თქვენ მოქმედებთ გარემოზე და საზოგადოებაზე, რაც საბოლოოდ განაპირობებს პრობლემის მოგვარებას/ვითარების გაუმჯობესებას.

3)      ადვოკატირებაა, როცა თქვენ ინფორმაციას აწვდით თემს/ბენეფიციარებს, თუ როგორი ქმედება/ინიციატივა/ქმედება დაეხმარება მათ პპრობლემის მოგვარებაში/ვითარების გაუმჯობესებაში. ცდილობთ ხმა მიაწვდინოთ პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელ პრირებს/უწყებებს/ორგანიზაციებს.

4)      კვლევაა, როცა პრობლემის მოგვარების/ვითარების გაუმჯობესების მიზნით ხდება ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება, დასკვნების გამოტანა.

IV საფეხური: რეფლექსია;

ვიდრე პროექტის შედეგებს გააცნობდეთ აუდიტორიას, მანამდე საჭიროა რეფლექსია ანუ განვლილი გზის გააზრება და მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება პრეზენტაცია.

გააზრებისთვის აუცილებელია, პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე იზრუნეთ თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველი მასალის მოგროვებაზე და კლასიფიკაციაზე,  რომელსაც მოაწესრიგებთ და გააერთიანებთ პორტფოლიოში.

პორტფოლიო არის ერთგვარი საქაღალდე, ის აერთიანებს ყველაფერს რაც შერჩეულ თემას უკავშირდება.  ის უნდა შეიცავდეს ყოველგვარ თვალსაჩინო მასალას და ინფორმაციას.

პორტფოლიო შეიძლება იყოს როგორც ერთად შეკრებული მატერიალური მასალა, ისე  ინტერნეტპროდუქტი - ელექტრონულ სივრცეში, სადაც ანალოგიურად იქნება თავმოყრილი  ყველაფერი, რაც იძლევა ინფორმაციას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მაგ: ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა; წერილობით ჩანიშვნები; ნახატი; ნივთი; კითხვარები და მატრიცები; ინტერვიუები; პოსტერები; წერილები; განცხადებები; აფიშები; გადახდის ჩეკები; ქვითრები და სხვა.

პორტფოლიოს შექმნის შემდეგ, მნიშვნელოვანია ერთმაეთს გაუზიარეთ აზრები, შთაბეჭდილებები, დასკვნები იმის შესახებ თუ რა გააკეთეთ თქვენი პროექტის ფარგლებში მიზნის მიღწევისთვის.  იმსჯელეთ რისი გაკეთება შეძელით და რისი ვერა, დასვით შეკითხვა რატომ? ჰკითხეთ ერთმანეთს: რა ისწავლეთ, რა მოგეწონათ, რა სირთულეებს წააწყდით, ყველაზე მნიშვნელობანი რა გამოცდილება მიიღეთ, თავიდან რომ იწყებდეთ პროექტზე მუშაობას რას გააკეთებდით სხვაგვარად. ამ მიზნების მიღწევისთვის კლასში შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი სახის აქტივობები: საკლასო გამოკითხვა, იმნტერვიუირება, პერიოდული „საინფორმაციო გამოცემა“ ანალიტიკური კითხვარები, პრეზენტაციები, ონლაინ დისკუსიები, შემოქმედებითი აქტივობები. გამოიყენეთ ცხრილები.

V საფეხური: დემონსტრირება;

პრეზენტაციის გზით თქვენი მთავარი ამოცანაა მარტივად და ლაკონურად წარმოაჩინოთ თქვენი პროექტის მიზნები, თქვენს მიერ პროექტის განხორციელების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, შედეგები და დასკვნები.

ეფექტური პრეზენტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გზა, მაგ: შექმნათ PPT (Power Point) ბროშურა, ბუკლეტი, პოსტერი, გამოიყენოთ ისეთი ციფრული ინსტრუმენტები და ა.შ სასურველია ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი პრეზენტაცია გაამდიდროთ ფოტო, ვიდეო მასალით, სტატისტიკური მონაცემებით, თემატური კარიკატურებით. მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაცია იყოს მოკლე და ლაკონური, ნათლად აღსაქმელი აუდიტორიისთვის.

სასურველია პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობა მიიღოს აუდიტორიამ, ჩართეთ ბენეფიციარები, საკითხით დაინტერესებული პირები.

VI საფეხური: შეფასება;

გაიაზრეთ რა ისწავლეთ, რა გამოცდილება მიიღეთ, რა უნარ - ჩვევები გამოგიმუშავდათ, რამდენად მიაღწიეთ დასახულ მიზანს, როგორ აფასებენ ბენეფიციარები და პრობლემის მოგვარებით/ვითარების გაუმჯობესებით დაინტერესებული პირები.  შეაფასეთ როგორც საკუთარი, ისე პროექტის განხორციელებაში მონაწილე სხვა პირების/კლასელების საქმიანობა.  ამ პროცესში დიდ დახმარებას გაგიწევთ თვითშეფასების კითხვარები, რომლებიც გააერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, მაგალითად:

კითხვები თვითშეფასებისთვის:

1.     რა ისწავლეთ თქვენ და რა ისწავლა კლასმა  როგორც ერთმა გუნდმა, პროექტზე მუშაობისას?

2.      რა უნარ - ჩვევების გამომუშავებაში შეგიწყოთ ხელი ამ პროექტზე მუშაობამ?

3.      რა დადებითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობას?

4.      რა უარყოფითი მხარე აქვს ერთ გუნდად მუშაობას?

5.      რა იყო თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

6.      რა იყო კლასის, როგორც ერთი გუნდის, ყველაზე დიდი მიღწევა ამ პროექტში?

7.      რა გასწავლათ ამ პროექტმა?

8.      რას შეცვლიდით, თავიდან რომ იწყებდეთ ამ პროექტზე მუშაობას?

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარე შეფასების დროს ფასდება პროექტის შედეგად შექმნილი მასალა, პროექტს კი აფასებენ პროექტით მოსარგებლეები და პრობლემით  დაინტერესებული პირები. გარე შეფასების მოსმენა და გაანალიზება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პროექტზე მომუშავეებს განვლილი გზის გაანალიზებასა და მომავალი პროექტების უკეთ დაგეგმვაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პრეზენტაციის დროს გამოვიყენოთ „ანონიმური ყუთი“, რომელშიც მოთავსდება: მოსაზრებები, რჩევები, რეკომენდაციები, იდეები სამომავლო საქმიანობის ჩამონათვალი. 

ანა ანუშიძე

20 მარტი, 2022 წ. 


No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...