Wednesday, December 27, 2023

ვაჟა ფშაველას "საშობაო ზღაპარი" 1909 წ.

 


საშობაო ზღაპარი

ის რაც ბავშვებმა უკვე დაწყებით საფეხურზე უნდა გაითავისონ არის რაციონალური ბუნებათსარგებლობის, გარემოზე ზრუნვის და მისი დაცვის მნიშვნელობა. ახალი წლის აღნიშვნა რთულია წარმოვიდგინოთ ნაძვის ხის გარეშე. რა თქმა უნდა, ბუნებრივ ნაძვს სიმშვენიერით და სურნელებით ვერ შეედრება თუნდაც უზადოდ  დამზადებული ხელოვნური ნაძვი, მაგრამ ბავშვებს უნდა ავუხსნათ რომ ამ მრავალწლოვანი, მარადმწვანე მცენარის მოჭრით და რამდენიმე დღით სადღესასწაულო დეკორაციად გამოყენებით, ეკოსისტემის განადგურებას ვუწყობთ ხელს.

არ მეგულება უკეთესი გზა, რომლითაც ბავშვები შეძლებენ გაიგონ და გაითავისონ თითოეული ნაძვის ხის მოჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი  ვიდრე ვაჟა ფშაველას ლექსი "საშობაო ზღაპარი".

სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველა მასწავლებელს და მშობელს, წაუკითხეთ ბავშვებს, დაეხმარეთ მის გააზრებაში, შესთავაზეთ შექმნან ნახატები, თხზულებები, ჩაწერონ ვიდეო-რგოლები სადაც თავად მოუყვებიან სხვა ბავშვებს "საშობაო ზღაპარს".

საშობაო ზღაპარი

Ι

ტყე როგორ დაბერებულა,
ძირს თავი დაუკიდია!
შეუბრალებელს ზამთარსა
ზურგს ტვირთი აუკიდია
საწყლისთვის. ტყეს ზვავი აწევს
მძიმე, თეთრი და დიდია;
ნაღვლობს წარსულსა, ოცნებობს,
გუნება არ აქვს მშვიდია.
აღარც ნიავმა დაჰბერა,
ჩამოებერტყნა ბარდანი¹,
აღარც მზის სხივი ეწამლა,
მაღლიდან ჩამონაქანი,
რომ ჩამოედნო ყინული,
ტყეს აეხილა თვალია,
გამომძვრალიყო კურდღელი,
ბარდში მჯდომარი, ფრთხალია
და მოეხოხნა ბალახი,
სადმე ეპოვნა მწვანია.
შვლებიც ნაღვლობენ: ყინულსა
ნეკერი დაუფარია.
გარინდებულა და ყუჩობს
მთელი ფრინველთა გვარია,
და ტყეში ისმის მგლებისა
მხოლოდ ღმუილი მწარია.

ΙΙ

მაგრამ ხანდახან ზამთრისა
დღე გამოტყვრება ნათელი
და ცხრათვალა მზე კაშკაშებს,
როგორც წყვდიადში სანთელი.
სწორედ ასეთი დღე იყო
შობის სამის დღის წინათა,
ხეებიც საბან-ახდილნი
მზეს შეჰხაროდენ მწკრივადა.
ყინული, ნამად ქცეული,
დაბლა ჩამოდის ხშირადა.
უცბად ტყე შეფიქრიანდა,
ხეებს დაუსქდათ გულები:
ტყეში მოდიან კაცები,
მხარზე გაედოთ ცულები.

ოჰ, როგორ მოისწრაფიან,
რომ დაგვაჩნიონ წყლულები!
დაგვერევიან წყეულნი,
როგორც ქარავანს თულები.

ჩვენ რა? ხელს როდი გვახლებენ,
მუხას, წიფელს ან რცხილასა,
არც ვერხვს, არც არყსა, არც თხილსა;
ვაი ნაძვების ბინასა!

მუდამ წელს ჩვეულებად აქვსთ
სწორედ ამ დროსა გლეხებსა,
ზედაც არ შემოგვხედავენ,
ნაძვებს ატანენ ხელებსა;
ჩვენ თვალით გვაცქერინებენ,
როს იმათ სჭრიან ყელებსა.

საშობაოდა ზრუნავენ
ბალღების გასახაროდა
და იმათ საქეიფოსა
ჰქმნიან ჩვენს გასამწაროდა.

ყოჩაღ, კუნელო, შენაცა
გქონია გრძნობის ნასახი,
შეუბრალები მეგონე,
ვით ეკლიანი ბალახი;
სჩანს, რომ ეკალი არ გიკლავს
შენ სიბრალულის გრძნობასა.
ეგ გრძნობა ძვირფასი არი,
გთხოვ, არ დაიხშო, ძმობასა!

ეკალი მტრისთვის მასხია
ნაძვი რა ჩემი მტერია?!
როცა კი ვხედავ, რომ სჭრიან,
მე ჩემთვის ჩუმად ვსტირია.

(ერთად)

ოღონდაც. როცა ერთს ჩვენგანს
სცემენ, ჩვენ გვტკივა ყველასა
ტანი იმ დროსა, მაგრამა
დაჩაგრულს ვშველით ვერასა.

ნეტავ პირდაპირ არ იდგნენ
ეგ საცოდავი ნაძვები!
ბედკრულთა ტანჯვა-ვაებით
მე უფრო დავიტანჯები.
მინდა აქედან ვუძახო:
კაცნო, ნუ სჩადით ავსაო!
რადა ჰჟლეტთ, უღმერთოებო,
დაუნაშავარ ხალხსაო?
მაგრამ ჩემი ხმა მკვდარია,
უხმოდა დნება გულშია,
ჩემი სათქმელი სიმართლე
მევე მეხევა წყლულშია
ნესტრადა, რადგან კაცთა ჭკვა
მარტო მკლავსა და ცულშია.

ΙΙΙ

მუხა რომ ამას ამბობდა,
იმ დროს აჩქამდა ცულები;
აკვნესდა მთელი ნაძვის ტყე,
საწყლებს უთრთოლავთ გულები:
ნაძვები უნდა გაყიდონ,
კაცთა აიღონ ფულები,
არ გააჩნიათ ბეწვადა
მათი ხვეწნა და წყლულები.
სხვა ხეებიცა სტირიან
დამწვარი, დადაგულები,
ამხანაგთ უბედურებას
რა ჰხედვენ გაფარჩხულები.

რამდენიმე ხე წაიქცა
და უცბად შედგნენ ყველანი;
ჰხედავენ: მონაჭრიდანა
ნაძვებს გადმოსდით მელანი.
ვაჰმეო! ერთხმად იყვირეს
და იარაღიც დაჰყარეს.
ერთმანერთს გაოცებულთა
ესე ამბავი ახარეს:
ხელს ბავშვი მიჭერს ვიღაცა,
ანგელოზისა მსგავსია,
მკლავებს მიდუნებს, თვალებს მჭრის,
თითქოს მზე მადგეს ასია;
მე ხელს გავანძრევ ვეღარა,
სრულიად დავინავსია!

ΙV

თოვლი ქაღალდათ ქცეულა;
მაზედ ჩვილის ყრმის ხელითა
ზედ იწერება ამბავი
ალმასის კალმის წვერითა:
ნუ გეწყინებათ, მუშაკნო,
რო გიდუნდებათ მკლავია.
მიტომ არ მოვედ ქვეყნადა,
მიტომ არ დავიბადია,
რომ ყველამ ის ჩაიდინოს,
რაც მოსწონ, რაცა სწადია;
მიტომ არ ვეცვი ჯვარზედა,
საქმე ვიკისრე ძნელია,
ერთის ტანჯვითა მეორემ
რომ მოიღეროს ყელია,
უმწეოთ, ტანჯულთ ცრემლებით
ჩემი კალთები სველია
და, უკაცრავად, ავზედა
არ მოგიმართოთ ხელია!
გთხოვთ, ერთს დღეს, ერთს დღეს მაინცა
არ იყოთ ავის მქნელია!
ვინ იყო ამის დამწერი,
ვინ იყო ამის მთქმელია?

ვაჟა ფშაველა, 1909 წელი.

დაე გარემოზე ზრუნვით შევხვდეთ ახალ წელს!

ცნობისთვის:

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარების და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.

კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის ოდენობა შეადგენს ან აღემატება 1 000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ანა ანუშიძე

28 დეკემბერი, 2023 წ.

 


რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის მავნე გავლენასთან დაკავშრებით


რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის მავნე გავლენასთან დაკავშრებით 

საყოველთაოდ აღიარებულია პიროტექნიკის მავნე გავლენა როგორც ადამიანების, ცხოველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ისე გარემოს დაბინძურების მიმართულებით. განსაკუთრებით საშიში პიროტექნიკის გამოყენება არის ბავშვებისთვის, სწორედ ამიტომ 2018 წლიდან, საქართველოში არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვა გამოცხადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ექვემდებარება დაჯარიმებას. 

მიუხედავად ამისა, კვლავ შემაშფოთებელია პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა,  განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, მათ შორის არიან ბავშვებიც. მხოლოდ 2022 წელს პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა. საყურადღებოა, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს პიროტექნიკის იმპორტი ქვეყანაში 25%-ით არის გაზრდილი. 

ცხადია, მხოლოდ სამართლებრივი რეგულაცია ვერ მოიტანს ეფექტიან შედეგს, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ ის საფრთხე რომელიც მოაქვს პიროტექნიკის გამოყენებას:

1)პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება მავნე, მათ შორის მძიმე მეტალების გამოფრქვევა. სხვადასხვა ფერის ფოირვერკს თან სდევს პერქლორატების (მაგ: ClO4−) გამოყოფა რაც განსაკუთრებულად აბინძურებს გარემოს, წყალს, ნიადაგს და შესაბამისად მოსავალს რომელიც დაბინძურებულ გარემოში მოიწევა.      



2)ძალზე მაღალია მყისიერი დაზიანების და დამწვრობის რისკები, განსაკუთრებით მაღალია ხელის მტევნის, ქვემო კიდურების  და თვალების დაზიანების საფრთხე. 


3) ახლო მანძილზე ან რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყვეტმა ხმაურმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, კერძოდ სმენის აპარატს, გამოიწვიოს სმენის დაქვეითება ან დაკარგვა. როგორც ილუსტრაციაზე ვხედავთ, 85 დეციბელზე მაღალი ხმა სახიფათოა სმენისთვის, ფოიერვერკის დროს კი ერთი მეტრის რადიუსში ხმაურის მაჩვენებელმა შესაძლოა 150 დეციბელამდეც მიაღწიოს. 



4)პიროტექნიკის გამოყენებას გამანადგურებელი ეფექტი აქვს ფრინველებისა და ცხოველებისთვის. განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები, ცხადია ისინი ვერ აცნობიერებენ თავსდამტყდარი ხმაურის მიზეზს და ინსტიქტურად ცდილობენ გაეცნენ ხმაურს მაგრამ უჭირთ უსაფრთხო ადგილის მოძებნა.


5)პიროტექნიკის გამოყენება შესაძლოა გახდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი. თითოეული სახის პიროტექნიკას ბუნებრივია სხვადასხვა შემადგენლობა, შენახვისა და გამოყენების პირობები აქვს, მათი დარღვევა ზრდის ხანძრის გაჩენის რისკს.



ახალი წლის მხიარულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ აღნიშვნას გისურვებთ! 

ანა ანუშიძე
27 დეკემბერი 2023 წ.





 

Tuesday, December 26, 2023

გეოგრაფიის კვირეული "შექმენი და გამოიყენე გეოგრაფიული ხელსაწყო" ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში



გეოგრაფიის კვირეული

თემა: „შექმენი და გამოიყენე გეოგრაფიული ხელსაწყო“

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის

ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში

19 – 26 დეკემბერი 

ჩვენს სკოლაში ჩატარდა გეოგრაფიის კვირეული, საბაზო საფეხურის (VII, VIII, IX კლასების) მოსწავლეებისთვის, რომლის ფარგლებშიც თითოეული კლასის მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული და მიმდინარე სემესტრში დამუშავებული თემები შეჯამდა სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის გეოგრაფიული რუკების გამოყენებით.

ჩვენი, მიმდინარე სასწავლო წლის, პირველი გეოგრაფიის კვირეულის თემა იყო „შექმენი და გამოიყენე გეოგრაფიული ხელსაწყო“.

ამჯერად, ჩვენ ავირჩიეთ კურვიმეტრი, როგორც რუკაზე მუშაობის პროცესში, გეოგრაფიული ობიექტების სიგრძის და მათ შორის არსებული მანძილის გაზომვის საშუალება.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები:

v  გაეცნენ გეოგრაფიული ხელსაწყოს, კურვიმეტრის ფუნქციებს, გამოყენების წესებს და აგებულებას.

v  ისწავლეს რუკის ლეგენდის კითხვა და გამოყენება სხვადასხვა თემატიკის რუკაზე მუშაობის პროცესში.

v   ისწავლეს რუკის მასშტაბის გამოყენებით სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტის რეალური სიგრძის და მათ შორის არსებული რეალური მანძილის დადგენა.

v  ისწავლეს მეთოდი, რომლის გამოყენებითაც შეძლეს გაეზომათ სხვადასხვა მდინარის, სახელმწიფოს საზღვრის, კონტინენტის გარშემოწერილობის, მერიდიანი, ეკვატორის და ა.შ. სიგრძე და მანძილი ორ გეოგრაფიულ ობიექტს შორის.

მუშაობის პროცესში ჩვენ გამოვიყენეთ:

v  საქართველოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1:1 400 000

v  საქართველოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1: 100 000 000

v  საქართველოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1:500 000

v  საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა, მასშტაბი 1:1 400 000

v  საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა, მასშტაბი 1: 100 000 000

v  საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა, მასშტაბი 1:500 000

v  მსოფლიოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1:100 000 000

v  მსოფლიოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1:75 000 000

v  მსოფლიოს ფიზიკური რუკა, მასშტაბი 1:500 000

v  მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, მასშტაბი 1:100 000 000

v  მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, მასშტაბი 1:75 000 000

v  მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, მასშტაბი 1:500 000

გეოგრაფიული ობიექტების სიგრძის და გეოგრაფიულ ობიექტებს შორის მანძილის დასადგენად გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდი:

v  მკვეთრი ფერის ფერადი ძაფი, რუკის ზედაპირზე დაფიქსირებისთვის საჭირო წებოვნების ეფექტის შესაძენად დავამუშავეთ საძერწი პლასტელინით.

v  ამგვარად დამუშავებული ძაფი დაიტანეს გეოგრაფიული ობიექტის მაგ. A ქვეყნის სახელმწიფოს საზღვრის კონტურზე. იმისთის, რომ წებოვანი ძაფს ზუსტად გაემეორებინა გეოგრაფიული ობიექტის კონტური რუკაზე გამოვიყენეთ ფარგალი, რომლითაც მარტივი იყო წებოვანი ძაფის გავლება.

v  მილიმეტრიანი დანაყოფების მქონე სახაზავი, რომელზეც განვათავსეთ წებოვანი ძაფი და გავიგეთ რა სიგრძის იყო საძიებელი სახელმწიფოს საზღვარი.

v  შემდეგ რუკის მასშტაბის გამოყენებით, გამოვთვალეთ გეორგაფიული ობიექტის რეალური სიგრძე.  

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი მრავალმხრივ ეფექტიანია, რადგან მოსწავლე:

v  იყალიბებს და ივითარებს საბაზისო კვლევით უნარებს გეოგრაფიაში.

v  პრაქტიკულად იყენებს იმ თეორიულ ცოდნას, რომელიც მიიღო მიმდინარე თემის/თემების დამუშავების შედეგად.

v  ცოდნას და ცოდნის მიღების პროცესს მარტივად აკავშირებს საკუთარ ინტერესებთან.

v  ცოდნას და ცოდნის მიღების პროცესს ასევე აკავშირებს სხვა საგანთან, ამ შემთხვევაში მათემატიკასთან და ხედავს როგორ სჭირდება გეოგრაფიული ამოცანების და დავალებების შესრულებისთვის (ა) გეომეტრიული ხელსაწყოების გამოყენების უნარი (ბ) სიგრძის საზომი ერთეულების ცოდნა (გ) არითმეტიკული სისხარტე, რათა სწორად გადაიყვანოს ერთი სიდიდე მეორე სიდიდეში.

 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც დამოუკიდებლად, ისე მცირე და საშუალო ჯგუფებში. როგორც დამოუკიდებელი, ისე ჯგუფური მუშაობის გამოყენება საშუალებას გვაძლევს (ა) დავაკვირდეთ მოსწავლის დამოკიდებელ და ჯგუფურ მუშაობას (ბ) ხელი შევუწყოთ მოსწავლის დამოუკიდებელ მსწავლელ/მკლევრად ჩამოყალიბებსა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.


ანა ანუშიძე

26 დეკემბერი, 2023 წ.

 

იხ. გეოგრაფიის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო მასალა:
















































































 

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...