Wednesday, December 27, 2023

რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის მავნე გავლენასთან დაკავშრებით


რა უნდა ვიცოდეთ პიროტექნიკის მავნე გავლენასთან დაკავშრებით 

საყოველთაოდ აღიარებულია პიროტექნიკის მავნე გავლენა როგორც ადამიანების, ცხოველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ისე გარემოს დაბინძურების მიმართულებით. განსაკუთრებით საშიში პიროტექნიკის გამოყენება არის ბავშვებისთვის, სწორედ ამიტომ 2018 წლიდან, საქართველოში არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვა გამოცხადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ექვემდებარება დაჯარიმებას. 

მიუხედავად ამისა, კვლავ შემაშფოთებელია პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა,  განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, მათ შორის არიან ბავშვებიც. მხოლოდ 2022 წელს პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა. საყურადღებოა, რომ საქსტატის მონაცემების თანახმად, გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს პიროტექნიკის იმპორტი ქვეყანაში 25%-ით არის გაზრდილი. 

ცხადია, მხოლოდ სამართლებრივი რეგულაცია ვერ მოიტანს ეფექტიან შედეგს, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ ის საფრთხე რომელიც მოაქვს პიროტექნიკის გამოყენებას:

1)პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება მავნე, მათ შორის მძიმე მეტალების გამოფრქვევა. სხვადასხვა ფერის ფოირვერკს თან სდევს პერქლორატების (მაგ: ClO4−) გამოყოფა რაც განსაკუთრებულად აბინძურებს გარემოს, წყალს, ნიადაგს და შესაბამისად მოსავალს რომელიც დაბინძურებულ გარემოში მოიწევა.      



2)ძალზე მაღალია მყისიერი დაზიანების და დამწვრობის რისკები, განსაკუთრებით მაღალია ხელის მტევნის, ქვემო კიდურების  და თვალების დაზიანების საფრთხე. 


3) ახლო მანძილზე ან რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყვეტმა ხმაურმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, კერძოდ სმენის აპარატს, გამოიწვიოს სმენის დაქვეითება ან დაკარგვა. როგორც ილუსტრაციაზე ვხედავთ, 85 დეციბელზე მაღალი ხმა სახიფათოა სმენისთვის, ფოიერვერკის დროს კი ერთი მეტრის რადიუსში ხმაურის მაჩვენებელმა შესაძლოა 150 დეციბელამდეც მიაღწიოს. 



4)პიროტექნიკის გამოყენებას გამანადგურებელი ეფექტი აქვს ფრინველებისა და ცხოველებისთვის. განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები, ცხადია ისინი ვერ აცნობიერებენ თავსდამტყდარი ხმაურის მიზეზს და ინსტიქტურად ცდილობენ გაეცნენ ხმაურს მაგრამ უჭირთ უსაფრთხო ადგილის მოძებნა.


5)პიროტექნიკის გამოყენება შესაძლოა გახდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი. თითოეული სახის პიროტექნიკას ბუნებრივია სხვადასხვა შემადგენლობა, შენახვისა და გამოყენების პირობები აქვს, მათი დარღვევა ზრდის ხანძრის გაჩენის რისკს.



ახალი წლის მხიარულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ აღნიშვნას გისურვებთ! 

ანა ანუშიძე
27 დეკემბერი 2023 წ.





 

No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...