Thursday, May 2, 2024

ილუსტრაციები თანამედროვე ქართული საბავშვო მოთხრობებისთვის

 


ილუსტრაციები თანამედროვე ქართული საბავშვო მოთხრობებისთვის

მინდა გაგაცნოთ ერთ - ერთი სასწავლო პროექტი, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთ საკლასო სივრცეებში. ეს პროექტია "ილუსტრაციები თანამედროვე ქართული საბავშვო მოთხრობებისთვის". პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლები და მათი ნაწარმოებები, გაიაზრონ ის ღირებულებები, რომლებიც ფუნდამენტურია ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის: სიყვარული, სიკეთე, თანაგრძნობა. პროექტის ერთ - ერთი ნაწილია მოთხრობების გაცნობის შემდეგ მოსწავლეთა გაერთიანება მცირე ჯგუფებში, სადაც ისინი აირჩევენ რამდენიმე შეთავაზებული მოთხრობიდან ერთს, რომლისთვისაც შექმნიან ილუსტრაციას. ილუსტრაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ მას საკლასო აუდიტორიის წინაშე და ისაუბრებენ ორ მთავარ საკითხზე: (1) რატომ შეაჩერეს არჩევანი კონკრეტულ მოთხრობაზე და (2) რა ისწავლეს რჩეული მოთხრობის გმირებისგან, შესაბამისად, რას და როგორ გამოიყენებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩემი პატარა და განსაკუთრებით საყვარელი მე - 3 კლასის მოსწავლეებისთვის შევარჩიე თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლის, ქეთევან კვიტატიანის ათი მოთხრობა. 

პირველ რიგში მინდა ცოტა რამ მოგიყვეთ ავტორის, ქეთევან კვიტატიანის შესახებ. დაიბადა 1981 წლის 10 აგვისტოს, ქ. თბილისში, სწორედ მან დაწერა წიგნები "მეც" (2005 წ.); "მეგი პორპინსი" (2022 წ.); "ეთოს არდადეგები" (2024 წ.); ავტორი სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლაში, მასწავლებლად და წერდა სცენარებს საბავშვო წარმოდგენებისთვის. არის "იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის" მფლობელი. 

ქვემოთ მინდა შემოგთავაზოთ ავტორის ის მოთხრობები, რომლებიც ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე და მათაც დიდი სიხარულით გაიცნეს, შეიყვარეს და თავიანთი ხელით დაამზადეს ილუსტრაციები. 

                                                              ჩიტი იუმორის გრძნობით

აქეთ-იქით დავხტივარ მავთულზე, ხან ხის ტოტზე გადავფრინდები, მერე გადმოვფრინდები და ისევ მავთულზე მოვიკალათებ... რა ვქნა, მცივა! თან მშია. ცალი თვალით მაღლა ვიყურები, იქნებ ეს შავი ღრუბელი ოდნავ მაინც დაიძრას და მზეს მივეფიცხო, მაგრამ არა, დგას ასე გაშეშებული და ფიფქებს უყრის თავს. ეჰ, ნამდვილად მოთოვს! ფანჯრის გაღებას ველოდები... რომელი ფანჯრისას და ჩემ წინ აშენებული უშველებელი კორპუსის ნებისმიერი ფანჯრის. ზოგჯერ პურის ნამცეცებს გვიყრიან ჩიტებს და... თოვა დაიწყო! დავრჩი მშიერი! ახლა რომც გადმოყარონ ფიფქს შეერევა და აკენკვა შეუძლებელი გახდება... ფრთებს მაგრად მივიკრავ ტანზე, რომ არ შემცივდეს, თვალებს დავხუჭავ და ასე დავიძინებ მავთულზე. ჩემ გარდა აქ კიდევ 5 ბეღურა ზის და თვლემს. ეტყობა თოვლს რაღაც უცნაური სიმშვიდე მოაქვს, თორემ სად გაგონილა, ყინვაში მშიერსა და უსახლკაროს ძილი გერეოდეს. რატომღაც ერთი გამოცანა გამახსენდა და გამეცინა. აბა თუ იცით, რამდენი ბეღურა დარჩება მავთულზე მაშინ, როცა იჯდა 22 და მონადირემ მოკლა 3. თვლით თავს ნუ შეიწუხებთ. სწორი პასუხია: არცერთი, რადგან ხმაურზე ჩიტები ვფრთხებით და მივფრინავთ, სულაც არ გვაქვს იმდენი გამბედაობა, რომ ადგილზე დავრჩეთ და მოვიფიქროთ, როგორ მოვიგერიოთ მოძალადე...

აი, ამ სულელს დამიხედეთ ერთი, გამოსულა ამ თოვლში შურდულით და ჩიტებს უმიზნებს. დავუშვათ გამარტყა, მერე რა? ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შეჭმას არ გეგმავს და თუ იმის აუცილებლობა არ აქვს, რომ ცოცხალი არსება მოინადიროს, მაშინ უსულო საგნებს რომ ესროლოს, რა მოხდება? დიდი რამე, ასე ივარჯიშოს დამიზნებაში ვაჟბატონმა. გასაოცარია პირდაპირ, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რამეს მიზანში მოარტყამ თუ არა, რას გაძლევს ეს ძალიან საინტერესოა?!. სულ სხვა მიზანზე უნდა იფიქრო სულელო ბიჭო, მაგალითად: როგორ გახდე უფრო ჭკვიანი, უფრო კეთილგანწყობილი და ისეთი, რომ უმიზეზოდ არ ხოცო ჩიტები... აი, კიდევ გაისროლა. მგონი დროა მივფრინდე და ჭკუა ვასწავლო...

ჰო, არ შემეშინდა, იქვე კუნძზე ჩამოვფრინდი და შურდულიან ბიჭს დავუძახე:

წრიპ, წრიპ! - ინსტიქტურად შემართული შურდული ჩემკენ მოაბრუნა...

-          წრიპ, წრიპ! - არ ვნებდებოდი, თვალებში ვუყურებდი და ვუღიმოდი.

შევამჩნიე, რომ გაკვირვება დაეტყო სახეზე. შურდული ნელა დაუშვა და წამოიყვირა:

-ე, რა მაგარია, ბეღურა მიღიმის! - უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, ვცდილობდი ჩიტის გული არ გამსკდომოდა ან არ გავფრენილიყავი. უნდა გამეძლო! რას მიზამდა, უკვე მოშინაურებული იყო, ჩემიანივით იქცეოდა... სიმპატია, მოწონება, აღფრთოვანება და გაოცება ერთად იკითხებოდა მის სახეზე, გავფრინდებოდი და ყველა ეს ემოცია ერთ წამში გაქრებოდა, ერთ სულელ ჩიტად დავრჩებოდი მის მეხსიერებაში. არა, რამენაირად უნდა გამეძლო ადამიანის  სიახლოვისთვის, დაჟინებული მზერისათვის და გაკრეჭილი პირისთვის, რომელიც შეჭმას ნამდვილად არ მიპირებდა...

მოულოდნელად ბიჭმა ჩემ წინ, კუნძზე ჩამოცვენილი თოვლის ფიფქები ხელით გადაწმინდა. ჯიბიდან ბურბუშელა ამოაძვრინა, დაფშვნა და წინ დამიყარა. უხ, რა გემრიელად შევექეცი, რომ იცოდეთ, სხვა ბეღურებიც მოფრინდნენ და ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი. საჭმელი რომ გათავდა მე არ წავსულვარ, მადლობის ნიშნად კიდევ ერთხელ გავუღიმე ბიჭს და გავფრინდი.

არასდროს მინახავს ჩიტი იუმორის გრძნობით... - ბუტბუტებდა ბიჭი და შურდულს ჯიბეში იტენიდა. თან თვალებით მეძებდა და ხელს მიქნევდა დამშვიდობების ნიშნად. ასე გადავარჩინე ჩემი ღიმილით იმ დღეს ბეღურები და საკუთარი თავიც შურდულიდან ნასროლ კენჭებს.



                           ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა სმენა და ცოტაც მგრძნობელობა, უჭირს სიარული... და ვერ უყურებ, თურმე რა თანამედროვედ უცემს ბებერი გული?! მე რომ მაგის ასაკში ვიქნები, ალბათ, "ჭრელო პეპელაც" ხმამაღალ ყვირილად მომეჩვენება... ან, იქნებ, ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ რადგან მოხუცებს ნაოჭმიყრილი კანი და დაღლილი გამოხედვა აქვთ აუცილებლად სიწყნარე და სახლში ჯდომა სჭირდებათ? იქნებ, დაღლილი კი არა, უბრალოდ მოწყენილი სახეები აქვთ სულთან მოახლოვებული განშორების გამო. რა ვიცი?... ის კი ნამდვილად ჩანდა, რომ მოხუცებისთვის სახასიათო ყველა თვისება და საქციელი ჰქონდა ბაბუაჩემს, მაგრამ ეს ალტერნატიული მუსიკა?! იქნებ ყველაფერი მისი კარგი სმენის ბრალიც კი იყო, ახალგაზრდობაში მშვენივრად მღეროდა, ოღონდ ხალხურებს. ხალხური მუსიკა, მიუხედავად იმისა, უსმენ თუ არა, იცი, რომ "კარგია", მარტივი ლოგიკით: ფასეული რომ არ იყოს, ჩვენამდე ვერ მოაღწევდა! მაგრამ ალტერნატიული მუსიკა? რომელიც ისეთი „რაღაცნაირია“, რომ უამრავი ძველსმიჩვეული ყური აძაგებს და, ალბათ, სამართლიანად, რადგან ყველაფერი ახლის მიღებას დროში ადაპტაცია სჭირდება, მარტივად მას ან ძალიან ნიჭიერი და თანდაყოლილი თანამედროვე სულით დაბადებული ადამიანები იღებენ, ან ნიჭიერი და ძალიან განათლებული, რომლებმაც იციან, როგორც საინტერესო სიახლე, ისე მაინც უნდა მიიღონ იგი.

მუსიკალური განათლება ნაკლებად, მაგრამ მუსიკალური გემოვნება ბავშობიდან ჰქონია ბაბუაჩემს. ჯერ კიდევ ჩვილობაში, წამში წყვეტდა დიდი ხნის ატეხილ ტირილს, თურმე, "კრიმანჭულის" გაგონებაზე. ჩემი დიდი ბებია, უზნეო და მჩხავანა ბაბუაჩემს ვერაფრით რომ ვერ დააწყნარებდა, ყანაში წაუყვანდა ქმარს: – უმღერე, შენ გენაცვალე, მომჭრა თავი, შეაწუხა მეზობლებიო... ასე სიმღერ-სიმღერით გადააჩვიეს ბაბუაჩემი ცრემლების ღვრას და სატირლად მოღებული პირი მასაც სიმღერისკენ მოუბრუნეს. სოფელში ზოგჯერ "ყანის ბავშვსაც" ეძახდნენ, თუმცა, რაც ხმა ამოიდგა და "რ"-ს ომახიანად გამოთქმა ისწავლა, ყანაში არავის უნახავს, სულ ტაშ-ფანდურში გაატარა თავისი ცხოვრება. ბებია და ბაბუა მასაც ასწავლიდნენ, ფარსმან სპარსივით, "ცხოვრება უდაბნოა, ურწყული და ეცადე გარს შემოუაროო", ფარსმანისგან განსხვავებით, დაუჯერა წინაპრებს და ტკივილსა თუ გაჭირვებას სულ სიმღერ-სიმღერით იგერიებდა თურმე.

ერთხელ ტყეში წასულა სანადიროდ, ცოტა ხანში მეგობრებმა მიიხედ-მოიხედეს და სად არის ბაბუაჩემი? უფიქრიათ, ორმოში ხომ არ ჩავარდა, სადმე ხომ არ გადაიჩეხაო და დაფეთებულებს დაუწყიათ ძებნა და ყვირილი. შებინდებისას რას ხედავენ – ზის მურა დათვი ორ ფეხზე, დგას მის წინ ბაბუაჩემი და ხან ცეკვავს, ხან მღერის. ამის შემხედვარე კაცებს დაუმიზნებიათ თოფი დათვისთვის, დათვი წამომდგარა, ბაბუაჩემი იღლიაში ამოუჩრია და ტყეში წაუცუნცულებია. დათვის ბუნაგიდან, ბელებს შორის მოქცეულ ბაბუაჩემს, ძლივს მიუღწევია სოფლამდე. სოფელში კი ხმა გავარდნილა: ამის ტკბილი ხმის მოსმენა მხეცებსაც კი გულზე მალამოდ ეფინებათო! ჰოდა, ახლა, ეს ჩემი ხმატკბილი ბაბუა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიამოვნებით უსმენს ხმაურიან და არც თუ ძალაინ მელოდიურ ალტერნატიულ მუსიკას. ბაბუ გურულია. გურულების ხასიათს ძალიან ეტყობა, რომ მათი კუთხე მთაში "აბრაგებად" გაქცეული ქართველებისგან დაახლოვებით მე-15-ე საუკუნეში შეიქმნა, როგორც ყველა ახალი ეთნოსი, ისინიც სიახლეებს შედარებით მარტივად იგებენ და ეგუებიან, უფრო მეტიც, ისწრაფვიან მისკენ და ტრადიციასაც ნაკლებად აიდეალებენ. ალბათ, გურულობაც დაეხმარა ბაბუაჩემს, თუმცა "ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო!", თქვა დიდმა გალაკტიონმა და ასეა, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები ყველაზე ადრე ხედავენ და ქმნიან ახალს. უნიჭოებს კი არ ესმით, რაც არ გესმის, არ მოგწონს, გძულს ან უბრალოდ ლანძღავ... ბაბუაჩემს ესმოდა. ისე გულისყურით უსმენდა, რომ ნამდვილად ესმოდა.

 ბაბუ, რა ნიჭიერი ყოფილხარ! – ვუთხარი მე და გაეღიმა, თითქოს გაუხარდა კიდეც. ის სკოლაში ცუდად სწავლობდა, ინსტიტუტიც ძლივს დაამთავრა... ყველა უსაქმურსა და დარდიმანდს ეძახდა. კარგი ხმის გამო თუ შეაქებდნენ  მხოლოდ... და აი, 80 წელს მიტანებულ ადამიანში პირველად დაინახა ვიღაცამ მისი ნამდვილი "ღირსება" და მერე ვინ? ღლაპმა შვილიშვილმა. ბაბუა იღიმოდა. მან მანამდეც იცოდა, რომ ნიჭიერი იყო. სულ წუწუნებდა, მამაჩემი ამიხირდა და არ ჩამაბარებინა კონსერვატორიაშიო... იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ მე რომ ვუთხარი, გაუხარდა. უცნაურად დარწმუნდა საკუთარ ძალებში და მერე ატირდა... სიკვდილის წინ კი ასეთი რამ დაწერა: "სიბერეში კი არ უნდა ჰკითხო შენს თავს: რისთვის მოვედი? ბავშვობიდან უნდა გიტრიალებდეს თავში! მე დავტირი ჩემს ნიჭს, რომელიც შემეძლო აქ დამეტოვებინა და მიმაქვს სამარეში". იქნებ, კიდევ რამის ნიჭიც ჰქონდა ბაბუს?.



                                                              მექანიკური შეცდომები

- ამ სურათის დახატვის თარიღი არასწორადაა წიგნში მითითებული! თუ მართლა 1850 წელს შეიქმნა, ველოსიპედს ვერ ჩახატავდა მხატვარი - არ იყო გამოგონილი! - ლუკამ შვილის შენიშვნა ყურადღებით მოისმინა და გაიბადრა... მშობლის ინტიქტები ჩაერთო, წამით იფიქრა, რომ მისი კატო გენიოსია და ამის დასამტკიცებლად ახალი კითხვა მოუფიქრა:

- კიდევ რა შეცდომა იპოვე წიგნში?

- ა ასო ზედმეტია ამ სიტყვაში! - ამაყად უთხრა კატომ და საჩვენებელი თითი წიგნს დაადო. მართლაც ზედმეტი იყო.

- გაგიჟება შეიძლება! - შეიცხადა ლუკამ. - ერთ გვერდზე ორი შეცდომა რა ამბავია?!. -  და იმ ინტრიგანივით დააკვირდა ფურცელს, რომელსაც სხვისი შეცდომების აღმოჩენა ბედნიერებას ანიჭებს, მაგრამ ვერაფერი იპოვა. კატოს შეშფოთება არ ეტყობოდა. ის პატარა იყო და ჯერ კიდევ სხვის შეცდომებზე სწავლობდა... იქ სადღაც, გამომცემლობაში კი ლევანი იჯდა მაგიდასთან და დილიდან საღამომდე ტექსტების კორექტურას აკეთებდა. დეკრეტულ შვებულებაში გასული თამუნას ნაცვლადაც ის მუშაობდა და პენსიაზე გასული ციცინო დეიდას ნაცვლადაც. პირველ ოჯახს ალიმენტს უხდიდა, მეორე ოჯახის შესაქმნელად კი ფულს აგროვებდა. იმ დღეს, რვა საათზე უნდა შეხვედროდა თავის საცოლე, მშვენიერ ანას და ვინ იცის, იქნებ ამის ბრალია, უკვე გამოცემულ წიგნში ცხრის ნაცვლად რვიანი და სიტყვაში ზედმეტად ჩაკვეხებული ა ასო რომ აღმოაჩინა პატარა კატომ.



                                                                        ცუდი ამინდი

ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა.

– გაუგონარი ამბავია, ცამ პირი მოაღო და აღარ დაკეტა! – ბუზღუნებდა ნინა ბებო და ფანჯარასთან ყავას მიირთმევდა.

– პირი კი არა, თვალები მოჭუტა, ტირილი დაიწყო და აღარ დაამთავრა. პირიდან დორბლი სცვივათ ხოლმე და დორბლს ჰგავს ახლა ეს კოკისპირული, მშვენიერი წვიმა? – შეუსწორა 12 წლის კატომ და ბებოს საყვედურის თვალი მიაშტერა. ნინას ესიამოვნა, რომ კატოს ეს ნაცრისფერი, ატალახებული ამინდი „მშვენიერად“ მოეჩვენა და გამომწვევად ჰკითხა: – შეყვარებული ხომ არ ხარო? – არაო! – შეიცხადა კატომ და კომპიუტერს მიუჯდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დიალოგი დასრულებული იყო.

ბებო საკუთარ თავთან მარტო დარჩა და მოგონებებში გადაეშვა. ნეტავ ბოლოს როდის იყო იმ მდგომარეობაში, ყველაფერი რომ მოსწონდა და უხაროდა... ზაფხულს რომ ზამთარი ერჩივნა, დარს ავდარი და დღეს ღამე... – უფ, რა დრო იყოო..! ღრმა მოგონებებიდან ამოყვინთა და ოხვრას ეს სიტყვები ამოაყოლა ნინამ... მერე რევმატიზმისგან გატანჯული მკლავები ხელის გულებით დაისრისა და კატოს მადლიერი თვალებით გადახედა ხასიათის გამოკეთებისათვის.



                                                           საით მივყავართ ოცნებებს...

„სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზის პროტოტიპია“

- ჰოუ, ჰოუ, ჰოუ... დავეშვი საკვამურიდან!

- რას აკეთებ?

- სანტა კლაუსს ვბაძავ?

- ვინ სანტა კლაუსს, გინახავს საერთოდ?

- არა.

- ნაძვის ხის ქვეშ მისი მოტანილი საჩუქრები?

- არც ეგენი მინახავს.

- არაფერი არ არსებობს, გესმის! ადამიანები განწყობის შესაქმნელად იგონებენ ყველაფერს, ზღაპრებს იჯერებენ, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ...

- მაგას ჰქვია რწმენა! - შეუსწორა 6 წლის ნიკომ 12 წლის გივის და საკვამურზე დადგმული ფეხი ჩამოსწია. წელში გაიმართა, ცას ახედა და ძმასთან კამათი გააგრძელა: - რომ გავიზრდები, მინდა წავიდე ამ ღარიბი სოფლიდან შორს და სანტა კლაუსი გამოვიდე, ოღონდ ისეთი არა ზოგისთვის რომ არსებობს და ზოგისთვის არა. მე ყველას სანტა კლაუსი ვიქნები.

- მაგ რწმენით იარე! - უთხრა გივიმ დამცინავად და რახუნ-რახუნით ჩამოსრიალდა სახურავიდან.

დაუჯერებელია და... ნიკომ მართლაც რწმენით იარა თავისი ცხოვრების გზაზე. მთლად სანტა კლაუსი ვერა, მაგრამ მღვდელი გახდა... აღდგომისა და შობის დღესასწაულზე, მის ტაძარში შემოსულ ყველა მლოცველს ატანდა საჩუქარს... თვითონაც ბევრი არაფერი ებადა, მაგრამ დიდი ოჯახი ჰქონდა და ერთად საჩუქრებს დამზადებას მშვენივრად ართმევდნენ თავს. ნიკოსთვის ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო, რადგან ყველაზე მეტად ხალხის გახარება სიამოვნებდა.

- ჰო, რწმენა და განწყობის შექმნაა ყველაფერი! - ხშირად უმეორებდა უფროს ძმას, რომელიც სულ გაბრაზებული დადიოდა და ეგონა „ქვეყანა ჩალითაა დახურული“, რომელშიც მზის სხივებიც ვერ აღწევენ.



                                                             როგორ გადავდგა მთა?

პატარა ვანიკოს, თუმცა რაღა პატარას , 10 - ის გახდება საცაა - არ უყვარს კითხვა, უფრო მეტიც, არ იცის კითხვა! ასოებს კი არჩევს და ბლუყუნ-ბლუყუნით გამოთქვამს სიტყვებს, მაგრამ ეგ აბა რა კითხვის ცოდნაა როცა ტექსტის შინაარს ვერ იგებ და მხოლოდ ცალკეული ფრაზები გამახსოვრდება. მოკლედ, წიგნის დანახვაზე ელეთ-მელეთი ემართება და ცხვირს უშნოდ აიბზუებს ხოლმე. ეგრეა, რაც არ იცი არ გიყვარს... სიმართლე გითხრათ, ვერც წერა გამოსდის მაინცდამაინც გადასარევად, მე-5 კლასშია და ჯერ კიდევ ერევა ერთმანეთში შ და წ, ხანდახან ძ და ხ-ც. სურათი საგანგაშოა, მაგრამ ვანიკოს სულაც არ ადარდებს ეს ამბავი, არც დედის დარიგება ადარდებს: - შვილო, ასაკის შესაბამისი განათლების მიღება, ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, ახლა თუ არ ისწავლი წერა-კითხვას, ძალიან ჩამორჩები განვითარებით შენს ტოლებს და შემდგომში უფრო და უფრო გაგიჭირდებაო! - ოხვრა, ოხვრით ეუბნებოდა დედა, რომელიც ავად იყო და უფრო მეტი სიმკაცრის თავი არ ჰქონდა, ისედაც ძლივს იდგა ფეხზე და რამდენიმე თვეში სულმთლად ჩავარდა ლოგინად.

ვანიკოს განათლება არ ჰქონდა, მაგრამ დიდი და მცხუნვარე გული ედგა საგულეში. დედას ზდასრული ქალივით უვლიდა. არც წამლების რეცეპტების ხმამაღლა კითხვა ეზარებოდა სხვათაშორის. მათი მიღების განრიგსაც ის აკონტროლებდა იმ ფურცელზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც ექიმის დანიშნულება ერქვა. ამ ორომტრიალში ვანიკომ ისიც აღმოაჩინა, რომ ექიმებს მასზე ცუდი კალიგრაფია ჰქონდათ და რამე რომ არ შეშლოდა დანიშნულებები რამდენჯერმე გადაწერა და სახლის სხვადასხვა კედელზე გააკრა...

აი, ასე და ამგვარად... თუ უკვე ზდასრულ ბ-ნ ვანოს კითხავთ: როგორ გახდა წარმატებული კარდეოლოგი და როგორ შეუყვარდა კითხვა? ორივეზე ზემოხსენებულ ისტორიას მოგიყვებათ და იმასაც დააყოლებს, რომ ძვირფასი ადამინების გამო „მთების გადადგმა“ ყოფილა თურმე შესაძლებელი. მთების რა გითხრათ, მაგრამ ის „აისბერგი“ რომელიც ვანოსა და წიგნებს შორის იყო აღმართული - ნამდვილად დადნა. ასეა, რასაც კარგად ისწავლი და რაშიც გაიწაფები, მერე ის სამუდამოდ გიყვარდება.



                                                      როცა არ გეძინება

პატარა ანას ერთ ასეთი ჩვევა აქვს, იმისთვის რომ ტკბილად ჩაეძინოს, აუცილებლად დედა უნდა მიუწვეს გვერდით. თუმცა, ზოგჯერ, ვინ ვის აძინებს, ეგეც საკითხავია...

- დედა, დამელოდე, ჯერ არ დაიძინო! - ეჩურჩულება ანა მთვლემარე დედიკოს და მსუბუქად აჯანჯღარებს.

- ვერ დაგელოდები, ჩემო გოგო, ძილის ფერია დღეს მე უფრო ადრე მესტუმრა... - ბუტბუტებს თვალებდახუჭული დედა და იღიმის.

- გეხვერწები დეე! - ჯიუტობს ანა.

- გეხვერწები კი არა გეხვეწები, ან საერთოდაც - გთხოვ! - ოდნავ გამოფხიზლდა დედა. ანას გაეხარდა დედის გაღვიძების მარტივ ხერხს რომ მიაგნო და ტიკტიკი გააგრძელა.

- დე, ხვალ მანქნით არ წამიყვან ბაღში?

- მანქანით, ანა, მანქანით! - თვალები დაჭყიტა დედამ. - საიდან მოგაქვს ეს სიტყვები?

- ჩვენი მეზობლები ლაპარაკობენ ასე და იქიდან! - არ დაიბნა ანა.

- ოჰ, ღმერთო ჩემო, წამოდი, რამე კარგი წიგნი წავიკითხოთ, გინდა?

- მინდა, მინდა, მინდა! - წამოხტა გახარებული ანა საწოლიდან. - მერე ბევრი არაფერი ახსოვს, რადგან დივანზე ხუთ წუთში ჩაეძინა, წაკითხულის მოსმენა მაინც მოასწრო და დაესიზმრა, რომ ირემს, რომელსაც რქებს შორის მშვენიერი ალუბლის ხე ამოსვლოდა, გაქცევის ნებას არ აძლევდა და ეუბნებოდა:

- გთხოვ, არ გაიქცე, მე ბარონი არ ვარ, რომ შეგწვა და შენი ალუბლებისგან კომპოტი მოვამზადოო. - აბა, გამოიცანი, რას უკითხავდა ანას დედა?



                                               ცისარტყელის ქვეშ გავლა

წვიმიანი გაზაფხული იყო. სკოლიდან ყოველ დღე ტალახიანი ფეხსაცმლით ვბრუნდებოდი, მოვიხსნიდი საწვიმარ ლაბადას და ცხელი ჩაის დასალევად გავრბოდი. ეს აპრილის შუა რიცხვებამდე, თორემ მერე გამოანათა და წვიმაც გაათბო ჭახჭახა მზემ, გალუმპულ ხეებს კვირტები გაეფურჩქნა  და სადღაც შორს, ჰორიზონტზე, ცისარტყელა გამოჩნდა. გამახსენდა, რომ ცისარტყელის ქვეშ გავლა ბედნიერების მომტანია და სურვილიც გისრულდება… ვინ იცის, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ ჰქონდა, მინდოდა მეცადა და სურვილმა იმდენად შემიპყრო, რომ ადგილს ვერ ვპოულობდი. ჰოდა, მამასთან ვაფრინე მესიჯი… ვწერდი რომ რაღაც საოცარ ცისარტყელას ვხედავ ფანჯრიდან, რომ ულამაზესია და გაგიჟებით მინდა მის ქვეშ გავლა. მამა ალბათ ძალიან დაკავებული იყო სამსახურში და სულ ორი სიტყვა დამიბრუნა პასუხად: - რა მაგარია! - რაც, სავარაუდოდ, ნიშნავდა - დღეს შენს სურვილს ახდენა არ უწერია - და მეც დავრჩი ასე, ფანჯრის მინას აწებებული, ცისარტყელის შემყურე, რომელიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა. რამდენიმე წუთი და მამა ქოშინით შემოვარდა სახლში: - მიდი, ჩქარა ჩაიცვი! - შემომძახა, ჭიქაში წყალი დაისხა და სულმოუთქმელად გამოცალა. ჰოდა, გავძვერით, გავიარეთ ცისარტყელის ქვეშ იმ დღეს. არ მახსოვს რა სურვილი ჩავიფიქრე, მაგრამ ახლა, ოცი წლის შემდეგაც,  სასიამოვნოდ მეღიმება მამაჩემზე, რომელმაც ყველა საქმე გადადო და სახლში თავპირისმტვრევით გამოვარდა, მხოლოდ იმიტომ რომ თავისი თერთმეტი წლის შვილის ახირება შეესრულებინა და ტკბილი მოგონებების ხურჯინი კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონებით შეევსო. ჰო, აბედნიერებს ცისარტყელის ქვეშ გავლა თურმე ადამიანს, სულ სხვანაირად, ვიდრე წარმოგვიდგენია, მაგრამ მაინც…



                                                                   ძმები 

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?

- როდის?

- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...

- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი ცრემლის შეგუბებით გარდაიცვალაო.

- ეგ როგორ?

- შვილი რომ გარდაეცვალათ ბებო სულ ტიროდა, პაპა - ვერა... ცრემლი კი არა, სიტყვაც გაუშრა, არც ლაპარაკობდა, არც ეძინა და ჭამითაც ცოტას ჭამდა... ბებო ცრემლებად დაიღვარა და პაპა ცრემლისგან გაიბერა და გული გაუსკდა...

- ალბათ ამიტომ არ გვეუბნება დედა არასდროს გივიკოს დედასავით: ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარო?!.

- აუ, ისე, გოგოს ტირილი ძალიან მიჩუყებს გულს, ოღონდ არ იტიროს და მზად ვარ ყველა სურვილი ავუსრულო...

- იციან ეგ გოგოებმა და ზოგჯერ სპეციალურად აიცრემლებენ ხოლმე თვალებს... ერთხელ კოცნაც კი გამაბედინა ეგეთმა ტირილმა...

- მერე, როგორი იყო?

- მარილიანი!

„მარილიანი კოცნის“ წარმოდგენაზე ბიჭებს სიცილი წასკდათ, გულიანად იცინეს... ერთი ხელით მუცელი ეჭირათ და მეორეთი თვალებს იწმენდნენ... აი, ეს კი სულ სხვა ცრემლები იყო...




                                           ხშირად დასმული კითხვები

- რატომ არის წვიმა სველი?

- წყალია და იმიტომ!

 - და წყალი რატომაა სველი?

 - რა იცი რომ სველია? – პატრა ნუცა არ ელოდა, რომ დედა კითხვას შემოუბრუნებდა და ცოტა დაიბნა. პასუხის მოსაძებნად ონკანიდან წვეთ-წვეთად ჩამომდინარე წყალს გახედა და სცადა რაც შეიძლება გულწრფელი ყოფილიყო...

 - ასე ვგრძნობ, როცა ხელებს ვიბან!

- მარტო ხელების დაბანის დროს? - გადაიკისკისა დედამ.

 - ცურვის დროსაც ვგრძნობ! - დააზუსტა ნუცამ და კითხვების დასმა საქმიანად გააგრძელა...

- ვგრძნობ რაღას ნიშნავს?

 - ჩამეხუტე და აგიხსნი! - ნუცა ისე მოეხვია დედას, თითქოს ამ წინადადებას ელოდა მთელი დღე...

- გრძნობ რამეს? - ახლა დედის კითხვების დასმის ჯერი დადგა...

 - კი, შენი გულის ჩასვლა - ამოსვლას...

- მაგას გულისცემა ჰქვია! - ისევ გადაიკისკისა დედამ.

- მე კიდევ ვგრძნობ, რომ ყველაზე ძალიან მიყვარს ის არსება, რომელიც ახლა გულზე მყავს მოკრული და ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ მასთან ერთად...

- დედის ამ სიტყვების გაგონებაზე ნუცამ თავი ასწია და კიდევ რაღაც კითხვის დასმა დააპირა...

- ახლა არ მკითხო, ბედნიერება რა არისო?!.. - უმნიშვნელოდ აღშფოთდა დედა...

- ეჰ, არადა მაგ კითხვის დასმას ვაპირებდი... - ცხვირი ჩამოუშვა ნუციკომ - რატომ არ გინდა, რომ მიპასუხო?

 - არ მინდა – არა! არ ვიცი რა გიპასუხო... ბედნიერება ყველასათვის სხვადასხვა რამაა და იმდენი პასუხი არსებობს, რამდენიც ადამიანი.

–  როგორ უნდა მივხვდე, რომ ბედნიერი ვარ? - არ მოეშვა ნუციკო...

- თუ ფიქრობ, რომ ახლა ძალიან კარგად გრძნობ თავს, ჩათვალე, რომ ბედნიერი ხარ! - მოკლედ მოუჭრა პასუხი დედამ.

ნუციკოს გაეღიმა, დაფიქრდა და გახარებულმა წამოიძახა:  – მე ამ წუთას თავს ბედნიერად ვგრძნობ!

 - ძალინ კარგი! - უთხრა დედამ და ყავის მოდუღებას შეუდგა.

ნუციკო კი ისევ ბედნიერებაზე ფიქრობდა... მერე პურის ნამცეცებით სავსე კალათა აიღო და ჩიტების დაპურება დაიწყო აივანზე... ყრიდა ნუცა ნაფშხვენებს და თან ხმამაღლა იძახდა: მიირთვით, ჩიტებო, მიირთვით, უფ ... რა ბედნიერი ვარ! - უკვე მეორედ იყო ასე, მას შემდეგ, რაც გაიგო თუ როგორი გრძნობაა ბედნიერება.






აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოთხრობის გააზრების მიზნით ძალიან ეფექტიანია ისეთი გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება, როგორებიც არის: "T დიაგრამა", ასოციაციური რუკა, პერსონაჟის რუკა. ასევე მაღალი შედეგიანობის მომტანია  როლური თამაში, რომლის დროსაც მოსწავლეები საუბრობენ მოთხრობის პერსონაჟის სახელით.

ანა ანუშიძე
2 მაისი, 2024 წ.





No comments:

Post a Comment

ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია იმერეთში

  ინტეგრირებული-სასწავლო ექსკურსია ქუთაისში ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე - 7 კლასი იმყოფებოდა ქუთაისშ...