Saturday, March 19, 2022

მათემატიკა, სასწავლო რესურსი დაწყებით კლასების მოსწავლეებისთვის

 




მათემატიკა, სასწავლო რესურსი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის

პირველივე კლასიდან,  მოსწავლეები ეცნობიან რამდენიმე არითმეტიკულ მოქმედებებს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული არითმეტიკული მოქმედების გააზრებასთან ერთად გააცნობიერონ ძირითადი წესები, რომლებიც შემდგომში გაუადვილებს მათ ლოგიკურ და მათემატიკურ აზროვნებას.

სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკები. 












მოცემული რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციურ ფორმატში სწავლა - სწავლების პროცესში. ასევე, შესაძლებელია მისი, როგორც მრავალჯერადი თვალსაჩინოების ბარათების გამოყენება.

 

ანა ანუშიძე 

29 აპრილი, 2022 წელი


Tuesday, February 22, 2022

სწავლა - სწავლების ფორმები

 


სწავლა - სწავლების ფორმები

სწავლა-სწავლების პროცესი მოიაზრებს მოსწავლის აკადემიურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ, ფიზიკურ გავითარებას.  შესაბამისად, მოსწავლეს განათლებულ პიროვნებად აყალიბებს: სკოლა, ცხოვრებისეული გამოცდილება, სკოლის მიღმა განხოციელებული სწავლა - განვითარებაზე ორიენტურებული აქტივობები. შესაბამისად, გვაქვს სამი ძირითადი ფორმის სწავლება: ფორმალური განათლება (Formal Education) შინ სწავლება (Informal Education) და არაფორმალური განათლება (Non-formal Education).

ფორმალური განათლება - გულისხმობს სწავლას წინასწარ განსაზღვრული პროგრამით და შესაბამისი კურიკულუმით. ფორმალური სწავლება სრულად სტრუქტურირებულია, ხორციელდება სასწავლო დაწესებულებაში, საკლასო სივრცეში, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების მიერ, შესაბამისად ამ ფორმის განათლების მიღებისთვის, იმ ქვეყნებში, სადაც სწავლის საფასური სრულად ან ნაწილობრივ არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მისი გადახდა უნდა უზრუნველყოს მშობელმა ან მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა.  ფორმალური სწავლა - სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება: ციფრული ინსტრუმენტები, კლასგარეშე აქტივობები, შეჯიბრებები, სხვადასხვა ფორმატის და მიზნის გამოცდები.  ფორმალური განათლების უპირატესობად შეგვიძლია აღვნიშნოთ: საერთო მიზნების მიღწევისთვის ნაცადი ხერხების გამოყენება, მოსწავლეების ინტეგრირება სოციუმში და შესბამისი სოციალური უნარების სწავლა - განვითარება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთო მიზნებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე ნაკლებად ხდება თითოეული მოსწავლის ინტერესის გათვალისწინება სწავლა - სწავლების პროცესში, სწავლა ფასიანია (კერძო სკოლებში და იქ სადაც სახელმწიფო არ ან ნაწილობრივ აფინანსებს მოსწავლის სწავლა - სწავლების პროცესს) და სამწუხაროდ ხშირია სოციალური ერთობისთვის დამახასიათებელი საფრთხეები: ბულინგი, მობინგი.

შინ სწავლება - მიზნად ისახავს მოსწავლისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას, რაზეც ძირითადად მშობლები ზრუნავენ. ამ ტიპის განათლება არ არის დამოკიდებული სახელმძღვანელოების გამოყენებასა და თეორიული ცოდნის მიღებაზე, ის მოიცავს მაგალითად ისეთი უნარების დასწავლა - განვითარებას, როგორიც არის: მანქანის მართვა, კერძის მომზადება, კერვა, სხვადასხვა ტიპის ხელსაქმე, ცხოველების/ფრინველების მოვლა, შინამეურნეობის გაძღოლა და ა.შ.  შინ სწავლების - მთავარი მახასიათებელია: მეგობრულ გარემოში გამოცდილების გაზიარებით უნარების სწავლა, ცოდნის მიღება და ამ გზით ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადება. უნდა აღვნიშნოთ, რომ შინ სწავლება გამოირჩევა ბუნებრიობით და ცოდნა-უნარების მრავალფეროვანი წყაროებიდან მიღება-გადაცემით. შინ სწავლებას აქვს უარყოფითი მხარეც: არ ხდება პროფესიონალი მასწავლებლის მიერ სწავლა - სწავლების პროცესის წარმართვა და შესაძლოა აუცილებლად შესასწავლი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხების გამოტოვება, რამაც სამომავლოდ უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის განვითარებაზე და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, შინ სწავლების დროს არ არის გათვალისწინებული მოსწავლის თანატოლებთან ურთიერთობები და ეს ართულებს სოციალური უნარების დასწავლა და ასაკის შესაბამისი გამოცდილების მიღებას.

არაფორმალური განათლება - არაფორმალური განათლება, გულისხმობს კონკრეტული უნარების განითარებაზე ორიენტირებული კურსებით სწავლებას. ზრდასრული ცხოვრებისთვის საჭირო უნარების სწრაფად და ეფექტიანად ათვისებაზე ორიენტირებული კურსების გავლას აქვს წინაპირობა, კერძოდ მოსწავლეს გავლილი უნდა ჰქონდეს ძირითადი საბაზო ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა. ჩვენს ქართულ რეალობაში ის შეგვიძლია შევადაროთ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულბებს, სადაც სწავლის გაგრძელების მსურველებს უნდა ჰქონდეთ მიღებული საბაზო განათლება სკოლაში.

22 თებერვალი, 2022 წელი

ანა ანუშიძე


Monday, February 21, 2022

10 მთავარი გამოწვევა სკოლებისთვის მთელს მსოფლიოში


10 მთავარი გამოწვევა სკოლებისთვის მთელს მსოფლიოში

 

სკოლების უკეთ მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საერთოა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დოენეზე. სწორედ ამ მიზნით, შეგვიძლია გავაერთიანოთ და ერთ სიბრტყეზე წარმოვადგინოთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც საერთოა სკოლებისთვის, მთელს მსოფლიოში. ქვემოთ წარმოდგენილია 10 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა:

1)      საკლასო ოთახში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა. როდესაც ვსაუბრობთ კლასში მოსწავლეთა ჭარბ რაოდენობაზე, უნდა აღვიშნოთ როგორია ოპტიმალური რაოდენობა და რისთვის არის აუცილებელი, რომ არ გვქონდეს კლასში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ სწავლა - სწავლების პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის კლასში მოსწავლეების რაოდენობა უნდა იყოს 15 – 17. საკლასო ოთახში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს პრობლემების თაიგულს: მოსწავლე ვერ ახერხებს სრულყოფილად გამოხატოს საკუთარი მზაობა, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვა, მიიღოს სრულყოფილი უკუკავშირი მასწავლებლისგან, თანაკლასელებისგან. მასწავლებელი ხშირად დგება დილემის წინაშე (ა) კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინოს ყველა მოსწავლის პასუხი, რაც ხშირად უინტერესო პროცესად იქცევა ხოლმე მოსწავლეებისთვის, (წარმოიდგინეთ ერთი და იგივე საკითხი ან პრობლემა განხილული 30 - ჯერ.) ან (ბ) მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისგან მოისმინოს პასუხი, შესაბამისად დანარჩენ მოსწავლეებს არ ექნებათ საშუალება თქვან სათქმელი, გამოხატონ საკუთარი თავი, წარმოაჩინონ ნამუშევრები აუდიტორიის წინაშე.

 

2)      სიღარიბე. სწავლა-სწავლების პროცესში სრულყოფილად ჩართვისთვის და განვითარებისთვის, ყველა ბავშვს ესაჭიროება ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგალითად: ჯანსაღი და სტაბილური საცხოვრებელი გარემო და სამეცადინო სივრცე, ჯანსაღი კვება, დროული და ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიღება, სეზონის შესაფერისი სამოსი, საჭირო სასწავლო და სათამაშო ნივთები. მაშინ, როდესაც ეს ბაზისური პირობები არ არსებობს სიღარიბის გამო, იქმნება სტრესული გარემო, ბავშვი ვერ ახერხებს კოცენტრირება მოახდინოს სწავლაზე, სწავლა - სწავლების პროცესში ჩართულობაზე, უჩნდება კომპლექსები, ადარებს საკუთარ თავს და საკუთარ მატერიალურ შსაძლებლობებს თანატოლებს და თანატოლების მატერიალურ შესაძლებლობებს, შესაბამისად იზრდება ალბათობა, რომ გახდეს ბულერი ან ბულინგის მსხვერპლი.

 

3)      ოჯახური პრობლემები. ყველაზე გავრცელებული ოჯახური პრობლემებია: განქორწინება, განქორწინების შემდგომი კონფლიქტები და დისკომფორტი, მარტოხელა მშობელი, სხვადასხვაგვარი ფორმის ძალადობა ოჯახში, ოჯახის წევრების ფსიქიკური ავადობა/დამოკიდებულება მავნე ნივთიერებებზე.  თითოეული ჩამოთვლილი პრობლემა, სულ მცირე, იწვევს ბავშვში არასტაბილურობის და შიშის განცდას, რაც ხელს უშლის მის ნორმალურ განვითარებას, სწავლაზე ფოკუსირებას და სწავლა - სწავლების პროცესში ჩართულობას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ბავშვისთვის როლურ მოდელად შეიძლება იქცეს არაჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

4)      ტექნოლოგიების სიმწირე ან/და არაეფექტიანი გამოყენება. ტექნოლოგიები ისევე, როგორც ყველა სიახლე კაცობრიობის ისტორიაში, აუცილებელია სწორად გავაცნოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მათი გამოყენება როგორც თვითგანვითარებისთვის, ისე გარემოსა და ქვეყნის განვითარების მიზნით. ამ კეთილი მიზნებისთვის, მოსწავლეებისთვის სწავლა - სწავლების პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათი გამოყენება. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა სახლში იმუშაონ ტექნოლოგიების გამოყენებით, უნდა ჰქონდეთ სკოლაში ტექნოლოგიების თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეები ვერ მიიღებენ თანამედროვე გამოწვევების ადეკვატურ განათლებას, რომელსაც სწავლების დასრულების შემდეგ გამოიყენებენ ან სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით.

 

5)      ბულინგი და მობინგი. ინდივიდუალური და ჯგუფური ძალადობა, კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც წესი, განარჩევენ ფსიქოლოგიურ, ვერბალურ, ფიზიკურ და კიბერ ძალადობის ფორმებს. როგორც წესი ამ პრობლემის პრევენციისთვის მუშაობა ადრეული ბავშვობიდან, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. აღსაზრდელებს დეტალურად, სხვადასხვა როლური თამაშის, ვიზუალიზაციის საშუალებით უნდა განემარტოთ თუ რა არის ბულინგი/მობინგი, როგორ უნდა დაიცვან თავი, რა უნდა მოიმოქმედონ თუ მსხვერპლი გახდნენ და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სწორი სოციალური აზროვნება, რომ ბულინგი/მობინგი დანაშაულია და მსგავსი შემთხვევის შესახებ აუცილებლად უნდა მიმართონ (დარეკონ/გაუგზავნონ წერილი) შესაბამის ორგანოებს.

 

6)      მოსწავლის ქცევა და დამოკიდებულება. აქ იგულისხმება მოსწავლის ასოციალური, სწავლა-სწავლების პროცესის გამართულად ფუნქციონირებისთვის, სასკოლო კულტურასთან და უსაფრთხო სასწავლო გარემოსთან შეუსაბამო ქცევა მაგ: უხეშობა, გულგრილობა, უპატივცემულო დამოკიდებულება,  დაუმორჩილებლობა. მოსწავლის ასოციალური ქცევის მართვა და სოციალურ ქცევად გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: (1) როდესაც სკოლაში გვაქვს მდგრადი სასკოლო კულტურა და უსაფრთხო სასწავლო გარემო. (2) როდესაც ერთმანეთთან შეთანხმებულად/კოორდინირებულად თანამშრომლობენ კლასის ხელმძღვანელი და მშობლები ან/და მოსწავლის კაონიერი წარმომადგენელი პრობლემის გადაჭრისთვის.

 

7)      „უკანა მერხზე მჯდომი“ მოსწავლე - პრობლემა რომელსაც საფუძველი ხშირად პირველივე კლასიდან ეყრება არასწორად წარმართული სწავლა - სწავლების პროცესის შედეგად. ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ გამუდმებული ტესტირებებით, საჭიროა ისეთი სწავლა - სწავლების პროცესი, რომელიც ყველა მოსწავლეზე იქნება მორგებული, რომელში ჩართვაც ყველა მოსწავლეს შეეძლება და ყველასთვის იქნება საინტერესო. პატარა ნაბიჯებით საერთო მიზნების მიღწევისკენ.

 

8)      მშობლების ჩართულობა. მშობლების ჩართულობა სწალა - სწავლების პროცესში აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია ის მიმართული იყო მოსწავლის პიროვნული და გონებრივი განვითარებისკენ და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შეფასებების კონტროლით და არასასურველი შეფასების აღმოჩენის შემთხვევაში მკაცრი სასჯელის ორგანიზებით.

 

9)      ჯანმრთელობის პრობლემები. უსაფრთხოება გარემოს უზრუნველყოფა სკოლაში და სახლში. ორიენტირება მოსწავლისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე გულისხმობს როგორც ჰიგიენის დაცვას, ისე მთლიანად სკოლის შენობის ადაპტირებას სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კვალიფიციური ფსიქოლოგის/ფსიქოლოგთა ჯგუფის მუდმივად ყოფნა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს პოზიტიურ და მდგრად ფსიქოლოგიურ გარემოს.

 

10)  დაფინანსება. სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია როგორც სათანადო კვალიფიკაციის მქონე მოტივირებული მასწავლებლების დაქირავება, ისე სრულად მოწყობილი საკლასო ოთახების, თემატური სამუშაო სივრცეების და მთლიანად სკოლის შენობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ ყველაფერს სჭირდება დაფინანსება. ამიტომ, აუცილებელია სკოლის ლიდერის და მისი გუნდის მხრიდან მასწავლებლების განვითარებისთვის და სკოლის შენობის უკეთ მოწყობისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვა, სასკოლო რესურსების ეფექტიანად მართვა. ამისთვის კი სკოლის ლიდერი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს ადგიობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამის კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, აფართოებდეს საქმიან კავშირებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით, ერთვებოდეს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში.

 

22 თებერვალი, 2022 წელი

ანა ანუშიძე


 

Friday, January 28, 2022

გეომეტრია, სასწავლო რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

 


გეომეტრია, სასწავლო რესურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

პირველივე კლასიდან,  მოსწავლეები ეცნობიან რამდენიმე გეომეტრიულ ფიგურას: ოთხკუთხედს, სამკუთხედს, წრეს... ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია პირველივე კლასიდან სწორად ავუხსნათ და ვასწავლოთ მაგალითად: რატომ ჰქვია სამკუთხედს სამკუთხედი, რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ფიგურა, რომ ოთხკუთხედი ვუწოდოთ, რა განსხვავებაა წრესა და წრეწირს შორის, რისგან შედგება გეომეტრიული ფიგურები და ა.შ.

სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკები. 





















მოცემული რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ, ისე დისტანციურ ფორმატში სწავლა - სწავლების პროცესში. ასევე, შესაძლებელია მისი, როგორც მრავალჯერადი თვალსაჩინოების ბარათების გამოყენება.

ანა ანუშიძე 
28 იანვარი, 2022 წელი


Monday, December 13, 2021

განმავითარებელი შეფასება


განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება, შეგვიძლია დანამდვილებით მივიჩნიოთ მომავალზე ორიენტირებულ შეფასებად. სასწავლო წლის მანძილზე მიწოდებული განმავითარებელი შეფასებები ქმნიან ერთგვარ გზამკვლევს, რომლის გამოყენებასაც ეყრდნობა მოსწავლის/სტუდენტის წარმატება.

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის რომ ჩვენს მიერ მომზადებული და  მიწოდებული განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის იქცეს ნამდვილ მხარდაჭერად და გზამკვლევად? სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სტატიის მთავარი შეკითხვა.

მაშ ასე, განმავითარებელმა  შეფასებამ მოსწავლის/სტუდენტის განვითარების მიმართულებით ეფექტიანად რომ იმუშაოს, უნდა იყოს:

1.      ინფორმაციული, ნათელი და ადრესატისთვის გასაგები ენით დაწერილი.

2.      ჰქონდეს პოზიტიური შესავალი და დასკვნითი ნაწილი.

3.      პოზიტიურ შესავალს, სადაც ნაშრომის ძლიერი მხარეები იქნება აღნიშნული, მოსდევდეს  ნაშრომის სუსტი მხარეების აღნიშვნა მათი გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითებით.

4.      ნაშრომის სუსტი მხარეების გამოსწორება/გაუმჯობესების გზების მითითების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი რეალურად შესრულებადი, დაძლევადი იყოს მოსწავლის/სტუდენტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს მიერ შეთავაზებული გზები მოსწავლისთვის/სტუდენტისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის ნაცვლად მის დემოტივაციას გამოიწვევს.

5.      ავირჩიოთ ნაშრომის სუსტი მხარეებიდან ერთ ან რამდენიმე კონკრეტული ორიენტირი და მისი გაუმჯობისთვის საჭირო რჩევები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეს/სტუდენტს. ერთდროულად ყველა ხარვეზზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ერთ ან რამდენიმე პირველი რიგის ამოცანაზე კონცენტრირებით მოსწავლეებს/სტუდენტებს ვაჩვენებთ, რომ შეუძლიათ ხარვეზების აღმოფხვრაზე დამოუკიდებლად მუშაობა და ნაშრომების და უნარების ხარისხობრივი გაუმჯობესება.  

6.      დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებობაში მოსწავლის/სტუდენტის დარწმუნებასთან ერთად, ჩვენი მიზანია მოსწავლე/სტუდენტი იმაშიც დავარწმუნოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მას დავეხმარებით პროგრესის მიღწევაში.

7.      მნიშვნელოვანია, რომ განმავითარებელი შეფასება შეგვიძლია გავუზიაროთ მოსწავლეს/სტუდენტს ვერბალური ან წერილობითი სახით.

8.      განმავითარებელი შეფასება უნდა იყოს დროული და კონფიდენციალური.

9.      განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობისთვის, სასურველია, ის შესაფასებელი დავალებისა თუ აქტივობის წარდგენიდან 24 საათში მივაწოდოთ მოსწავლეს/სტუდენტს.

10.  ბოლოს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასება სწორად გაიგო და აღიქვა ჩვენმა მოსწავლემ/სტუდენტმა, დავაკვირდეთ მის რეაქციებს, ვუპაუსხოთ მის დამატებით კითხვებს და ჩვენც დავუსვათ დამატებითი შეკითხვები.

როდესაც განმავითარებელი შეფასებით მოსწავლის/სტუდენტის მიერ შესრულებულ დამოუკიდებელ სამუშაოს და შექმნილ სასწავლო/სამეცნიერო პროდუქტს ვაფასებთ, ბუნებრივია თითოეული განმავითარებელი კომენტარი ეფუძნება მოსწავლის/სტუდენტის კონკრეტულ ნამუშევარს და მისი მომზადების პროცესში მის მიერ გამოვლენილ/გამოყენებულ უნარებს.

რამდენიმე ზოგადი მაგალითის სახით შეგვიძლია გავეცნოთ და ვიმსჯელოდ ქვემოთ მოყვანილ განმავითარებელ კომენტარებზე:

მაგალითი (ა): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში, ნათლად იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი A) ჩანდა როგორც ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ „აქტივობა 1“ - ის გზით, ისე შენს მიერ გამოტანილი დასკვნების შედეგად ჩამოყალიბებული არგუმენტები. შენს მიერ წარმოდგენილ არგუმენტს ამყარებს ის დამატებითი მაგალითები/მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია შენს მიერ შექმნილ პროდუქტში...“

მაგალითი (ბ): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში, არ იყო ნათლად წარმოჩენილი (კრიტერიუმი B) ნაწილობრივ იყო ნაჩვენები ის არგუმენტები, რომლებიც კლასში განვიხილეთ/დავამუშავეთ „აქტივობა 1“ - ის გზით, ნაწილობრივ წარმოჩენილი არგუმენტები არ ქმნიდა არგუმენტირებული მსჯელობის ლოგიკურ ჯაჭვს. არგუმენტების ნაწილობრივი ჩვენება გამოიხატა იმაში, რომ არ გქონდა მოყვანილი უტყუარი მტკიცებულება/მაგალითი/სამეცნიერო მოსაზრება/დოკუმენტური მასალა...“

მაგალითი (გ): „შენს მიერ მომზადებულ დავალებაში, არ იყო წარმოჩენილი (კრიტერიუმი B) არ იყო ნაჩვენები შენი მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტები, გქონდა ნახსენები რამდენიმე ფაქტი/მაგალითი/მეცნიერის მოსაზრება/ მაგრამ არ ჩანდა შენი მსჯელობა/მოსაზრება/დამოკიდებულება. გირჩევ, დაიწყო შენს მიერ მოყვანილ ფაქტს/მაგალითს/მეცნიერის მოსაზრებას შორის მსგავსებისა და განსხვავების დანახვის მიზნით სააზროვნო სქემის (მაგ: ვენის დიაგრამა, T დიაგრამა...) გამოყენება, ეს საშუალებას მოგცემს დაინახო კავშირები, აღმოაჩინო განსხვავებულობა და გამოიტანო შენი, საკუთარი დასკვნები.“                  

რომ შევაჯამოთ, ნათელი, მოსწავლის/სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული რჩევებით  სრულყოფილი, ობიექტური და მიღწევადი განმავითარებელი შეფასება ყველაზე დიდი მხატდაჭერაა მოსწავლის/სტუდენტის წინსვლისა და წარმატების გზაზე.

12 დეკემბერი 2021 წ.

ანა ანუშიძე


 

Monday, November 29, 2021

რატომ არის მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანი

 



რატომ არის მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანი

როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ მიზნობრივი საუბრები

რთული ქცევის მართვა და არასასურველი ქცევის სასურველი ქცევით ჩანაცვლება, როგორც სკოლაში ისე სახლში  შრომატევადი პროცესია, მოითხოვს დროს, ენერგიას, ყოველდღიურ შრომას მაგრამ პირველ რიგში იმის გააზრებას თუ:

·         რა არის რთული ქცევა?

·         როგორ ვლინდება რთული ქცევა?

·         რა არის რთული ქცევის წინაპირობა?

·         რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი?

·         რა არის სასურველი მიზანი?

მიზნის განსაზღვრის შემდეგ, ვაყალიბებთ არგუმენტებს ბავშვისთვის გასაგები ენით, და ვალაგებთ მათ მარტივიდან რთულისკენ. ამ გზით ვემზადებით ბავშვთან მიზანმიმართული და არგუმენტირებული საუბრისთვის.

ასევე, მზად უნდა ვიყოთ ბავშვის მოსაზრებების მოსმენისთვის, მის მიერ დასმული შეკითხვების არგუმენტირებულად პასუხისთვის.  აღვიჭურვოთ მოთმინებით და სიმშვიდით. არ გვქონდეს მოლოდინი, რომ პირველივე საუბრის შემდეგ მოხდება ბავშვის მხრიდან იმის გააზრება, რომ ქცევა იყო არასასურველი, განვსაზღვრავთ რა არის სასურველი ქცევა და შევთანხმდებით არასასურველი ქცევის სასურველი ქცევით ჩანაცვლებაზე.

შეთანხმების მიღწევას შესაძლოა რამდენიმე არგუმენტირებული საუბარი დასჭირდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმისთვის, რომ მთელი ეს პროცესი საინტერესო და სახალისოც იყოს მნიშვნელოვანია:

პირველი - ვიზრუნოთ გარემოზე რომელშიც წამოვიწყებთ საუბარს ბავშვთან, გარემო უნდა იყოს კეთილგანწყობილი, მშვიდი, კომფორტული. აღნიშნული საუბარი უნდა წარიმართოს „დამსწრეთა“ გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის კონცენტრირებას სასაუბრო თემაზე, განაწყობს მას გულწრფელი და კეთილგანწყობილი საუბრისადმი, დაგვეხმარება ნდობის ატმოსფეროს შექმნაში. ნებისმიერი „დამსწრის“ არსებობა კი პირიქით უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, ღირსების გრძნობაზე შესაბამისად ხელს შეგვიშლის გულწრფელი და ურთიერთნდობაზე დამყარებული, შედეგიანი საუბრის გამართვაში.

მეორე - სასურველია პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის თვალსაჩინოების გამოყენება, მაგალითად ზღაპარი,  მოთხრობა,  იგავი, მულტიპლიკაციური ფილმი, ფილმი, ილუსტრაცია. ეფექტიანია შესაბამისი თვალსაჩინოების არგუმენტირებული განხილვა, მაგალითების მოყვანა, მთავარი გმირების მოტივებზე, გადაწყვეტილებებზე და ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე საუბარი, დაფიქრება იმაზე თუ რა იქნებოდა უფრო უკეთესი გადაწყვეტილება და რატომ...

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საუბრის დროს ვაკონტროლოთ ჩვენი საუბრის ტონალობა, ის უნდა იყოს დამაჯერებელი და მშვიდი.  არ მოვერიდოთ შეკითხვების დასმას, ვთხოვოთ არგუმენეტების მოყვანა, საკუთარი ქმედებისა და  მოსაზრების დასაბუთება.

იმისთვის, რომ ჩვენი საუბარი იყოს შედეგიანი, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ:

ბავშვის შედარებას ნებისმიერ სხვა ადამიანთან. გვახსოვდეს ბავშვის ამჟამინდელ ქცევას ან მდგომარეობას ვადარებთ მხოლოდ ამავე ბავშვის წინა ქცევასთან და მდგომარეობასთან.

თავი ავარიდოთ ნებისმიერი სახის ბრძანებას და არ გამოვიყენოთ ფრაზები, რომლებიც ბავშვისგან მოითხოვს ჩვენი თხოვნის ან მოთხოვნის უპირობო შესრულებას.  ამ ტიპის ფრაზებით ბავშვს ვუყალიბებთ მორჩილ ფსიქოლოგიას, როდესაც ის ვალდებულია უსიტყვოდ შეასრულოს. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ბავშვს ავუხსნათ, განვუმარტოთ, დავაწრმუნოთ და ბრძანებების  ნაცვლად გზამკვლევი მივაწოდოთ.

და მაინც როდესაც ვადარებთ ერთმანეთს დასჯის და არგუმენტირებული მიზანმიმართული საუბრის შედეგებს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ: ნებისმიერი სახის დასჯის შედეგად შესაძლოა იმ კონკრეტულ მომენტში შეწყდეს არასასურველი/რთული ქცევის შეწყვეტა, გრძელვადიანად კი ეს მოიტანს უარყოფითი გრძნობების გაღვივებას ბავშვში, როგორც საკუთარი თავის ისე დამსჯელის მიმართ.

არგუმენტირებული და მიზანმიმართულ საუბარების შედეგი  გრძელვადიანია და საბოლოო ჯამში რთული/არასასურველი ქცევის ჩანაცვლებით სრულდება. ამასთან, შედეგად მოაქვს  მშვიდი სტაბილური, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე და თანაგანცდაზე დაფუძნებული ურთიერთობები. სწორედ ამ სასურველი შედეგის გამო მიზნობრივი საუბარი დასჯაზე ეფექტიანია, ამიტომაც  ნამდვილად ღირს  გავიაროთ რთული, შრომატევადი არგუმენტირებული, დასაბუთებაზე და დარწმუნებაზე ორიენტირებული, მიზნობრივი საუბრების გზა.

28 ნოემბერი 2021 წ.

ანა ანუშიძე


Tuesday, November 9, 2021

ვისწავლოთ კითხვა (სასწავლო რესურსი)

 


ვისწავლოთ კითხვა

სასწავლო რესურსი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის

პირველი კლასი ყველა მოსწავლის სასწავლო ცხოვრებაში დიდი გამოწვევაა, რაც იწყება სასკოლო საზოგადოების გაცნობით, მასთან ადაპტაციით და გრძელდება სხვადასხვა საგნის ფარგლებში, ახალი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარის დასწავლით.

ამ გზაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სხარტად, ეფექტიანად და გრძელვადიანად დაისწავლიან მოსწავლეები მშობლიური ენის თითოეული ასოს კითხვას და წერას.

სწორედ ამ მიზნით, გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიხედვით მომზადებულ სასწავლო რესურსს, რომელიც ნათლად დაანახებს და დაეხმარება პირველი კლასის მოსწავლეს მარცვლების ამოკითხვასა და მარცვლების გაერთიანებით სიტყვების აწყობაში.

ქვემოთ წარმოდგენილია სასწავლო რესურსი, შვიდ ნაწილად:





მოცემული რესურსი, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივი, ისე დისტანციური სწავლა - სწავლების პროცესში, როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი  გამოჭრილი/დასკანერებული ფორმით.

ანა ანუშიძე

9 ნოემბერი, 2021 წელი.


137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა

137 წლის წინ, 28 აპრილს, ჩვენს ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა...